დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ღია კარის მტვრევა ქართულ ეკონომიკაში“
2009/10/19 15:05:11

საქართველოს პრეზიდენტის ახალმა ინიციატივამ ეკონომიკის სფეროში მრავალი კითხვა დასვა ექსპერტების მხრიდან. რეაქცია პოლიტიკური ორგანიზაციებიდანაც მწვავე იყო, თუმცა ეკონომიკური თავისუფლების აქტი საზოგადოებისთვის კვლავ ახალი იმედის მომცემი აღმოჩნდა. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა აქტის მნიშვნელობას, პერსპექტივებსა და მხოლოდ დადებით ასპექტებს გაუსვა ხაზი. ეკონომიკური თავისუფლების კონკრეტულ დეტალებზე ჩვენ ეკონომიკურ ექსპერტს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

 

- ბატონო ლადო, რა სიახლე შეიძლება მოგვცეს პრეზიდენტის ახალმა ეკონომიკურმა ინიციატივამ?

- ეკონომიკური თავისუფლების აქტი არაფერს ახალს არ იძლევა ეკონომიკური განვითარების კუთხით, სხვა მიმართულებით კი, აშკარად, „ჟესტების“ შემცველია. ამას უშუალოდ არანაირი კავშირი არ აქვს დღეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისთან. დღეს საქართველოში უკვე მოქმედებს მთელი რიგი ეკონომიკური მექანიზმები, რომლებსაც არანაირი კონსტიტუციური გამაგრება არ სჭირდება. მაგალითად, ლარი რომ კონვერტირებადია, ეს ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ 1995 წლიდან. მინდა გითხრათ, რომ ლარი შემოსვლის დღიდან კონვერტირებადია. 1997 წელს საქართველო მიუერთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მე-8 პარაგრაფს, რომლის თანახმადაც ლარის კონვერტირებადობა არ შეიძლება შეიზღუდოს. 1999 წლიდან ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აქედანაც ვერ შევზღუდავთ ლარის კონვერტირებადობას. ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელსაც ქვეყანა მიერთებულია, დგას უფრო მაღლა, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ლარის კონვერტირებადობის აყვანა კონსტიტუციაში არაფერს ახალს არ იძლევა.

- ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიზანი ლარის კონსტიტუციაში დაფიქსირების გარდა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვაცაა...

- ზუსტად იგივე ვითარებაა უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეპატრიაციაში. უკვე 13 წელიწადია, საქართველოში მოქმედებს კანონი ინვესტიციების შესახებ, რომლის მიხედვითაც უცხოელ ინვესტორებს შეუზღუდავად შეუძლიათ საქართველოდან გაიტანონ მიღებული მოგება. 1999 წელს, როდესაც მივუერთდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, იქ ჩვენ ეს ვალდებულებად ავიღეთ. ამიტომ მას კონსტიტუციაში ახლად დაფიქსირება არ სჭირდება.

- რამდენადაც ცნობილია, ამ აქტში თავისუფალ ფასწარმოქმნაზეც წერია...

- რაც შეეხება თავისუფალ ფასწარმოქმნას, 1996 წლიდან ფასები თავისუფალია. ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და ფასების თავისუფლება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. ამიტომ გამოდის, რომ ეს ნაწილიც ეკონომიკაში დაცული იყო და ამასაც არ სჭირდებოდა კონსტიტუციაში შეტანა. ანუ ის, რაც მე ჩამოგითვალეთ, არის ღია კარის მტვრევა.

- ბატონო ლადო, პრეზიდენტმა ბანკებში სახელმწიფო წილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც, ამ აქტის მიხედვით, დაუშვებელია. რამდენად რეალურია ამ პუნქტზე საუბარი, როცა ქვეყანაში არსებობს ისეთი ბანკები, რომლებიც სახელმწიფო წილითაა დაფუძნებული?

- რაც შეეხება საკითხს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ბანკებში თავისი წილი არ უნდა ჰქონდეს, ეს ძალიან კარგია. მაგრამ რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, ეს ჩემთვის გაუგებარია. ქართულ სახელმწიფოს დღეს ბანკებში წილი არ აქვს, მაგრამ აქვს რუსულ სახელმწიფოს. მაგალითად, ეს არის „ვითიბი ბანკი“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბანკია.

ასევეა აზერბაიჯანის განვითარების ბანკი, რომელიც მოქმედებს საქართველოში და სახელმწიფო ბანკია. თუ ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ საქართველოში სახელმწიფოს ბანკში წილი არ უნდა ჰქონდეს, რა უნდა იგულისხმებოდეს აქ?  მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს წილი, თუ უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო წილის მქონე ბანკები, რომ გავიდნენ აქედან? იქნებ პრივატიზაცია ვაიძულოთ თავის ქვეყანაში, რაც უაზრობა და შეუძლებელია. ასე, რომ ეს წინადადება სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს საკითხი თავისთავად ბევრ კითხვას იძლევა. რაც შეეხება რეგულაციებს, ესეც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ევროკავშირში არის საკმაოდ სერიოზული რეგულაციები. როცა საუბარია, რომ რეგულაციები საქართველოს არ უნდა გააჩნდეს, მაშინ ისმება კითხვა - თუ რეგულაციებზე უარს ვიტყვით, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ ევროკავშირისკენ სვლაზეც ვიტყვით უარს? ანუ ევროპულ ორიენტაციაზეც ხელს ვიღებთ? რაც შეეხება შეცდომებს, ეს შეცდომები დაკავშირებულია ფინანსური პარამეტრების გადატანასთან კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუციურად ნონსენსია. ფინანსური პარამეტრები არის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. ეკონომიკური პოლიტიკა, გამომდინარე პოლიტიკის ცვალებადობისა, ასევე ცვალებადია, ამიტომ მისი დაფიქსირება კონსტიტუციაში უაზრობაა. პრეზიდენტმა დააყენა წინადადება, რომ 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის ბიუჯეტის თანაფარდობა მთლიანი ბიუჯეტის შიდა პროდუქტთან. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ეს სწორი თანაფარდობაა. მაგრამ დღეს ჩვენთან ბიუჯეტის დეფიციტი 9%-ია. იმიტომ, რომ საქართველო იღებს უცხოურ დახმარებას, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. ეს რომ 3%-ზე ჩამოვიყვანოთ, გამოდის, ამ დახმარებაზე უარი უნდა ვთქვათ.

ეს კი ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. მინდა გითხრათ, რომ კონსტიტუციაში ასეთი სახის ჩანაწერები დიდი შეცდომაა.

- ხელისუფლება გადასახადების მომატებასთან და სხვა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. რამდენად მიღებულია ეკონომიკური საკითხების მოგვარება რეფერენდუმის გზით?

- ცალკე სადავო საკითხია ის, რომ თურმე რეფერენდუმებით უნდა გადაწყდეს ქვეყანაში გადასახადების შემოღება და მომატება. დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ დაუჭერს მხარს გადასახადების მომატებას ან ახალი გადასახადის შემოღებას? თუ არავინ იქნება მომხრე, მაშინ რეფერენდუმზე დახარჯულ ფულს რა აზრი აქვს? თუ აპრიორი იცი, რა შედეგი გექნება რეფერენდუმზე, რა აზრი აქვს ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას? რატომ ყრი ამაში ფულს?

- მაშინ, რაში სჭირდებოდა პრეზიდენტს ეკონომიკური თავისუფლების აქტის ინიციატივის შეტანა პარლამენტში?

- ეს იყო გადაფარვა ტალიავინის კომისიის დასკვნისა, რომელმაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეაქციები გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ეს რეაქციები საკმაოდ ობიექტური იყო. ეს თემა პრეზიდენტმა სწორად წამოწია იმ კუთხით, რომ უკვე რამდენიმე დღეა ყველა ეკონომიკური თავისუფლების აქტზე საუბრობს. ეს იყო პრეზიდენტის მორიგი პიარისტული აქცია.

- სანამ ამ აქტს პრეზიდენტი გაახმოვანებდა, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ექსპერტებთან?

- ექსპერტებტან კონსულტაციები რომ ჰქონოდა, ეს აუცილებლად მასმედიაში დაფიქსირდებოდა. საინტერესო იქნებოდა თუნდაც მათი შეხედულებები და არგუმენტები. მე ჯერ არც ერთი ექსპერტი არ მინახავს, რომელიც გამოსულიყოს და ეთქვას, დედა, რა კარგი რამე მოიფიქრა ჩვენმა პრეზიდენტმაო.

- მაშ, ეს გადაწყვეტილება მან ინდივიდუალურად მიიღო?

- არა, ეს იყო მისი გუნდის გადაწყვეტილება.

- ბატონო ლადო, როცა დასავლეთ საქართველოში ორი ინდუსტრიული ზონა გვაქვს, არის ეს რაიმე კავშირში ეკონომიკური თავისუფლების აქტთან?

- ეს არაფერ კავშირშია თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან. თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ეს სხვა თემებია და ამის შექმნა საქართველოში მხოლოდ შეცდომა არ არის, ეს დანაშაულია. პრაქტიკულად ქვეყანაში არის ინვესტიციური შიმშილი და როცა ასეთ ქვეყანაში აკეთებ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურად განვითარდება მხოლოდ ზონის მომიჯნავე რაიონები - რა თქმა უნდა, დანარჩენი საქართველოს ხარჯზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ დანარჩენ საქართველოში ფულს არავინ ჩადებს. მაგრამ ჩადებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რადგან იქ არის საგადასახადო შეღავათები. ეს კიდევ ახალი ნოვაციაა ჩვენი ხელისუფლების.

- ხელისუფლება რომ აცხადებს, ინვესტიციების ჩადებისთვის ქვეყანაში კარგი გარემო გვაქვსო, მართლაც ასეთი კარგი გარემო გვაქვს?

- ფორმალურად, ჩვენი კანონმდებლობით, მართლაც ლიბერალური გარემოა. რეალურად კი მთავრობას საკმაოდ ბოლშევიკური ქმედებები აქვს. ამიტომ ეს საკმაოდ რთული თემაა. თუ შეხედავს მეწარმე ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, იტყვის, ქვეყანაში ლიბერალიზაცია არისო, მაგრამ, როგორც კი დაიწყებს საქმიანობას, შეექმნება პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორიც, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რუსეთის შეიარაღებული ნაწილები არც თუ ისე შორს დგანან საქართველოს დედაქალაქიდან. ეს კი უარყოფით გარემოს ქმნის საინვესტიციო კუთხით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია