დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღირს 35 000 ლარის გადახდა „გაქცეული ამერიკელის“ მოსაბრუნებლად?
2012/06/18 12:59:09

საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა დაიწყო წლების წინ, მიზეზი კი დაზოგილი თანხით სამუშაო ადგილების შენარჩუნება და გადარჩენა იყო. პრეზიდენტის მაშინდელი განცხადება ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დიდი მოწონებით აიტაცეს და ჩათვალეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკისა და დასაქმების უმთავრესი პრობლემის გადაჭრის გზები უკვე ნაპოვნი იყო. თუ რამდენად მჭიდროდ ჰქონდათ შემოკრული  ქამარი ქვეყნისა და რეგიონის ლიდერებს, ამას, თავდაპირველად, აკონტროლებდნენ კიდეც, თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ, „შემოჭერილმა ქამრებმა“ მოიშვა...

 

სწორედ „მოშვებული ქამრების“ პერიოდში მიიღეს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა გადაწყვეტილება, მეორე დედაქალაქის ისედაც მწირი ბიუჯეტის ფარგლებში  გამოეყოთ 35 000 ლარი და საჯარო მოხელეები ინგლისურსა და ზოგად ადმინისტრაციულ მენეჯმენტში მოემზადებინათ.

„საკრებულოს დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება, გაიარონ ინგლისურის კურსი. სიები კი ამ კანდიდატებისა წარმოადგინეს სამსახურების უფროსებმა, თავიანთი სურვილით, რაღა თქმა უნდა. ეს კურსი იყო შარშანაც და გაიარეს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა და სამსახურის უფროსებმა - ადამიანებმა, ვისაც უფრო მეტად სჭირდება ინგლისური ენა პრაქტიკული გამოყენებისთვის. თვითმმართველობის სივრცეში შარშანდელი კურსანტები გადმოყვანილნი არიან წელსაც, ოღონდ - უფრო მაღალ კატეგორიაში.“ - განაცხადა აპარატის უფროსმა და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა პირმა თენგიზ თოფურიძემ.

დადგენილებაში, სადაც საკრებულომ აღნიშნული პროექტი დაამტკიცა, ინგლისურის კურსების გადამზადების მიზეზად ასეთი რამ არის მოყვანილია: „სოციალურ-ეკონომიკურ პირობებსა და პოლიტიკურ გარემოში იზრდება მოთხოვნილება მაღალპროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საჯარო მოხელეების მიმართ, რომლის მიღწევაც შესაძლებელია გადამზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, შესაბამისად, აღნიშნული კურსის გავლა მოხელეებს საშუალებას მისცემს, მაღალპროფესიონალ დონეზე შეასრულონ თავიანთი მოვალეობები“ (სტილი დაცულია).

ბუნებრივია, ინგლისურისა და ზოგად ადმინისტრაციულ მენეჯმენტში გადამზადება კარგია და, ალბათ, იმისათვის, რომ მაღალკვალიფიციურები გახდნენ, 35 ათასი ლარის გამოყოფად ღირს, მაგრამ საგაზეთო მასალაზე მუშაობისას გაირკვა, რომ აღნიშნულ კურსზე ჩარიცხულ 50 ადამიანს შორის, ნახევარზე მეტი მოუცლელობის, ნაწილი კი - სიზარმაცის გამო ვერ დადის.

„მოუცლელობის გამო ვერ დავდივარ, თავიდან დიდი სურვილი მქონდა, რომ მევლო და სამ-ოთხ გაკვეთილზე მივედი კიდეც, თუმცა იმის შემდეგ რამდენიმე თვეა, აღარ მივსულვარ,“ - ამბობს საკრებულოს აპარატში მომუშავე ნინო გუგავა.

„კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და ამიტომ ვერ ვახერხებ მისვლას, თორემ ძალინ საინტერესო კურსებია ნამდვილად,“ - აღნიშნავს სატელეფონო საუბრისას საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ციცი ჯინჯიხაძე.

„რამდენი ვართ ჯგუფში, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მე პირადად დავდივარ. კვირაში სამჯერ არის და ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ვიცი, არის გამონაკლისი და ვინც წავიდა, მის ნაცვლად ახალი მოვიდა. ისეთი კარგი პედაგოგია, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ ღირს გაცდენა,“ - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი შორენა გაგიშვილი.

როგორია კურსზე ჩაწერილი კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენლების დასწრება და რამდენად არიან ისინი დაინტერესებული სწავლებით, ამაზე სასაუბროდ ინგლისურის კურსის პედაგოგს ნანა გუბელაძეს დავუკავშირდით.

„რა ვიცი, რომ ვთქვა, რომ აბსოლუტური დასწრებაა, ეს ასე ნამდვილად არაა, თუმცა უმრავლესობა დადის, სწავლობენ და აქტიურობენ კიდეც. მე როგორც ვიცი, ის, ვინც არ დადიოდა, გაირიცხა, თუმცა, საერთო ჯამში, დაინტერესებულები არიან და შეძლებისდაგვარად სწავლობენ და ასრულებენ კიდევაც დავალებებს,“ - ამბობს კურსის პედაგოგი ნანა გუბელაძე.

თანხა, რომელიც მერიის სამსახურების წარმომადგენლებისათვისაა გამოყოფილი ინგლისურის სასწავლებლად, საკმაოდ სოლიდურია. ვინ აიძულა საჯარო მოხელეები, შეევსოთ „ინგლისურის სკოლის“ სიები, თუ სიარულს ვერ შეძლებდნენ, ეს უცნობია. იმედია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 35 000 ლარი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ იმდენი ინგლისური ისწავლონ, ოლღა ბებიას რუსულის არ იყოს, „გაქცეული ამერიკელი“ მაინც მოაბრუნონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია