დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შენდება მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე?
2010/07/19 14:11:05

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ისტორიულ ბულვარში სამშენებლო პროცესი შეჩერდა, მწვანე ბადით შემოღობილი ადგილი ცოტა მოშორებით, მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე გამოჩნდა.

როგორც არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განგვიმარტეს, აქ უნდა დაიდგას მინის შენობა, რომელსაც დამზადებულს ჩამოიტანენ და ადგილზე დაამონტაჟებენ. ნაგებობა იტალიელი არქიტექტორის მიერ შეიქმნა (ეს ის არქიტექტორია, რომელიც პარლამენტს აშენებს) და ქუთაისში მშენებარე საკანონმდებლო ორგანოს საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს.

მშენებლობა პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ცნობილია, გარეშე პირებისთვის ყოფილი მემორიალის ტერიტორიაზე, მშენებლობის პროცესისთვის თვალყურის დევნება შეუძლებელია. ამიტომ მეტი გამჭვირვალობისა და საჯაროობის მიზნით, აშენდება პარლამენტის საინფორმაციო ცენტრი.

მინის შენობაში განთავსდება დიდი ეკრანები, რომელთა მეშვეობითაც მსურველს საშუალება ექნება, თვალ-ყური ადევნოს მშენებლობის მიმდინარეობას. აქვე იქნება ორი ადამიანი, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს მიაწვდიან ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას პარლამენტის შენობის შესახებ.

თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, პრობლემა შეექმნათ არამარტო მიწისქვეშა გადასასვლელში მსხდომ მოვაჭრეებს, არამედ - იქ ჩასულ უბრალო გამვლელთაც. ადვილი შესაძლებელია, რომ შენობის სიმძიმეს ვერ გაუძლოს მიწის ზედაპირმა და არც თუ სახარბიელო ვითარება შეიქმნას.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა მშვენიერაძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ ყველა დეტალს და უსაფრთხოების ზომებს აუცილებლად დაიცავენ. „ნაგებობის დამონტაჟებამდე ბეტონის საფარს, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელს ზემოდან იცავს, ჩაუტარდება რემონტი და ჰიდროიზოლაცია, რათა ქვემოთ მყოფ მოვაჭრეებსა თუ გამვლელებს არ შეექმნათ რაიმე პრობლემა,“ - აღნიშნა გელა მშვენიერაძემ.

შენობის დადგმის შემდეგ, როგორც გვითხრეს, მიმდებარე ტერიტორია შეიძენს სკვერის ფუნქციას, გალამაზდება და მოემსახურება ქუთაისელებს. არქიტექტურის სამსახური უახლოეს მომავალში წარადგენს დასრულებულ პროექტს ამასთან დაკავშირებით.

პარლამენტის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებას ძირითადი შენობის გახსნამდე განაგრძობს, 2013 წლიდან კი მისი ადგილის შევსებისთვის კვლავ ქალაქის თვითმმართველობას მოუწევს ზრუნვა.

 

ნინო ბაქრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია