დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროგრამა „კორპუსი“ ცენტრალური ბიუჯეტის იმედად
2010/02/22 12:12:41

თუ ქუთაისელებს რეალურად მისცემ იმის საშუალებას, რომ ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმონ, მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს შორის, სოციალური პროგრამების შემდეგ, აუცილებლად მოხვდება ლიფტები და მრავალსართულიანი ბინების გადახურვა.

გასულ წელს, ანუ 2009-ის  ბიუჯეტში, ამისთვის გარკვეული თანხები ჩაიდო: ლიფტებისთვის ძალიან მწირი თანხა - 100 000 ლარი, გადახურვებისთვის - ნახევარი მილიონი. წლის განმავლობაში ქალაქში 10-მდე ლიფტი აღსდგა, რაც შეეხება გადახურვებს, 2009-ში ერთ მრავალსართულიან ბინასაც კი არ შეცვლია სახურავი.  თუმცა, დღეს ქუთაისის თვითმმართველობაში ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ პროგრამა „კორპუსი“ ჩავარდა.

ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსი კახა ქორიძე ამბობს, რომ პროგრამის განუხორციელებლობის მთავარი მიზეზი ქუთაისის თვითმმართველობისთვის პრიორიტეტის შეცვლა იყო.

„ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია, თვითმმართველობამ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით, გადახურვების საკითხი შეეჩერებინა და სხვა პროგრამები განეხორციელებინა, მაგალითად, „წყალკანალის,“ ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ყოველშემთხვევისთვის, თანხები ვიღაც ჩინოვნიკების პირობების გასაუმჯობესებლად არ წასულა.“

სხვათაშორის, ბატონი კახას მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტებზე ბიუჯეტში თავიდანვე იყო თანხები გათვლილი. რაც შეეხება განცხადებას, რომ პროგრამა „კორპუსი“ თვითმმართველობის ხელმძღვანელობისთვის შუა სამუშაო წელს აღარ აღმოჩნდა პრიორიტეტული, ცოტა არასერიოზულია. თუნდაც იმიტომ, რომ 2009 წლის ბიუჯეტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ხალხთან ერთად“ დაგეგმა. შესაბამისად 2009 წლის ქუთაისის პროგრამულ ბიუჯეტშიც ზედმიწევინით გაწერილი იყო პროგრამა „კორპუსი“. - რამდენი ბინა უნდა გაკეთებულიყო და ვისთვის ბიკროსტი უნდა გადაეცათ, ვისთვის კიდევ - შიფერი.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გიორგი შარაბიძე, ქორიძისგან განსხვავებით, ამბობს, რომ პრიორიტეტების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, ბიუჯეტში ფული არ აღმოჩნდა, რომ ეს პროგრამა განხორციელებულიყო.

გიორგი შარაბიძე: „ამის გამო სწორედ წლის ბოლოს მოხდა ცვლილებები ბიუჯეტში. პრივატიზაციიდან წინასწარ დაგეგმილი თანხები არ შემოვიდა, ფაქტობრივად, სამმილიონიანი დანაკლისი გამოგვივიდა. ამიტომაც ვერ განხორციელდა პროგრამა „კორპუსი“ და არა იმიტომ, რომ ეს ფული სადმე სხვაგან წავიღეთ.“

ლიფტები და გადახურვები 2010 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტიცაა. ფაქტობრივად, პროგრამა „კორპუსს“ 2010 წლის ბიუჯეტში რედაქტირებაც კი არ განუცდია. თავიდან ამ პროგრამისთვის 1 მილიონ 400 ათასი ლარი ჩაიდო, მოგვიანებით ახალ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს და კიდევ მილიონ 400 ათასი ლარი დაუმატეს, აქედან ნახევარი მილიონი ბინების გადახურვისთვის, ლამის მილიონი, ანუ 900 ათასი ლარი - ლიფტების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.

„არ განხორციელდა 2009-ში, მაგრამ 2010-ში ორჯერ მეტი თანხაა ჩადებული ამ პროექტისთვის. თუმცა, ამ წელსაც ვერ დავამთავრებთ და 2011 წლის ბიუჯეტშიც იქნება ეს პროგრამა,“- ამბობს კახა ქორიძე.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს გადასახური მასალა გადაეცემა 124 ბინათმესაკუთრეს, სადაც ბრტყელი გადახურვაა; ასევე მასალები გადაეცემა 14 ბინას, სადაც ქანობრივი გადახურვაა, წელსვე განხორციელდება კორპუსის ზედა, დაზიანებული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასეთი სულ 60 კორპუსია.

რაც შეეხება ლიფტებს, საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ ბინებში ლიფტების აღდგენა თანადაფინანსების პრინციპით მოხდება; აღდგენის საერთო ღირებულების 10% ბინათამხანაგობები გადაიხდიან, დანარჩენ 90%-ს კი თვითმმართველობა.

კახა ქორიძე: „ეს მიზერული თანხაა, თითო ოჯახს ლიფტის აღსადგენად მხოლოდ 20-დან 52 ლარამდე მოუწევს დახარჯოს. თანადაფინანსების მთავარი მიზეზი ამხანაგობების ჩართულობის გაზრდაა“.

საფინანსო სამსახურის უფროსი გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ წელს პროგრამის ჩავარდნის საშიშროება არ არსებობს, რადგან ამ პროგრამისთვის თანხას პრივატიზაციისგან არ ელოდებიან.

„საშიშროება არაა, რადგან ამჯერად ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოგვიყო შესაბამისი თანხა - სპეციალური ტრანსფერი, ამიტომაც წელს ეს პროექტი განხორციელდება,“- ამბობს ის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია