დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფასიანი პაემნები პატიმრებისათვის
2011/02/14 12:11:16

მსჯავრდებულთა გრძელვადიანი პაემანი კანონით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე ამოქმედდება. პატიმრობის კანონში გრძელვადიანი პაემნების შესახებ ცვლილებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით  განიხილეს და პირველივე მოსმენით დაამტკიცეს.

 

აღნიშნული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს უფლება ეძლევა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად, 24 საათის ხანგრძლივობით იცხოვროს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან ერთად, მსჯავრდებულის ან დასახელებული პირების ხარჯით.

გრძელვადიანი პაემნის გადასახადი ყოველ ჯერზე 60 ლარს შეადგენს.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები თანხის ოდენობას ეწინააღმდეგებიან და მის შემცირებას მოითხოვენ. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტის დადგენილებით კანონში შევა თანხის ოდენობის ზედა ჭერი, რომლის ფარგლებშიც შემდეგ სამინისტრო თავად განსაზღვრავს გადასახადს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ პაემნის საფასური არ გაიზრდება და მას თავისი ბრძანებით განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ პროექტის მეორე მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

ხანგრძლივი პაემანი გავრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებზე და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებზე. ხოლო პაემანი არ შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო  რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.

იმ მსჯავრდებულებს, რომლებზეც აღნიშნული ცვლილებები ვრცელდება,  შესაძლებლობა ექნებათ,  ერთი წლის განმავლობაში ორი ხანგრძლივი პაემნითა და წახალისების ფორმით, ანუ დამატებით კიდევ ერთი 24 საათიანი პაემნით ისარგებლონ. არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ეს ვადა წელიწადში სამი  და წახალისების შემთხვევაში კიდევ ერთი გრძელვადიანი პაემნით განისაზღვრა.

თამარ ჩუგოშვილი (ახალგაზრდა იურისტთა აცოსიაციის თავმჯდომარე): „ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას გრძელვადიანი პაემნების შესახებ. ცუდია, რომ აქამდე არ იყო ამის შესაძლებლობა, საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. აღნიშნული ინიციატივა ნამდვილად შეღავათის მომტანი იქნება არასრულწლოვანებისთვისაც“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელვადიანი პაემნების ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს არასრულწლოვანთა ?11, რუსთავის ?6  და ?16 დაწესებულებების ტერიტორიებზე. დანარჩენ დაწესებულებებში მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება და 2010 წლის 1 ივნისისთვის უკვე ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ყველა შესაბამის დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. სამივე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც უკვე შექმნილია საჭირო ინფრასტრუქტურა, პაემანი უმოკლეს ვადებში, გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ ამოქმედდება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი შენობები სამვარსკვლავიან სასტუმროს შეადარა. მან კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დამსწრე დეპუტატებს ამ შენობების სურათებიც უჩვენა. მინისტრმა დასძინა, რომ მსჯავრდებულისა და მისი სტუმრის კომფორტისთვის ყოველგვარი პირობა იარსებებს. დაცული იქნება  სისუფთავე, იარსებებს მაღაზიით სარგებლობის სერვისი, ასევე - სამჯერადი კვება, როგორც მსჯავრდებულის, ასევე ვიზიტორისთვის.

ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, მსჯავრდებულის ახლობელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ, რა საკვებს მიირთმევენ  პატიმრები და რეალურად რა ფასებია მაღაზიებში. ეს ყველაფერი  და მსჯავრდებულთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი  ხელს შეუწყობს პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობას. ამასთან, დაეხმარება მსჯავრდებულებს ახლობლებთან ურთიერთობაში, თავიდან ააცილებს ოჯახის დანგრევის რისკებს და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას, - განაცხადა მინისტრმა.  აღსანიშნავია,  რომ ხანგრძლივი პაემნისას ვიზიტორთან ერთად შესაძლებელი იქნება არასრულწლოვანი შვილის შეყვანა, რომლისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი საწოლი, სათამაშოები. მოწყობილი იქნება ასევე ინდივიდუალური ეზოები და პატიმრებს თავიანთ ახლობლებთან ერთად ზედამხედველის გარეშე შეეძლებათ ეზოში სეირნობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამგვარი ტიპის ინოვაციური პროექტი ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია მოწყობილი, ხოლო ეზოები არც ერთ მათგანს არ აქვს და ასეთი ჰუმანური მიდგომა მხოლოდ საქართველოშია პატიმრების მიმართ.

მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის კანონი არასრულწლოვანთათვის 2012 წლიდან უნდა შესულიყო მოქმედებაში, სადაც არასრულწლოვანებისთვის შედარებით  ჰუმანური მიდგომები იყო გათვალისწინებული. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა არასრულწლოვანთათვის გრძელვადიან პაემანს წელიწადში ოთხჯერ და დამატებით წახალისების მიზნით - მეხუთეჯერ. პაემნის დრო კი განსაზღვრული იყო 24-დან 48 საათის ჩათვლით. ქრისტიან -დემოკრატიული პარტიის წევრები მოითხოვენ არასრულწლოვანთათვის სწორედ ეს კანონი განხორციელდეს და მან ძალა არ დაკარგოს.

ლევან ვეფხვაძე: „2010 წლიდან გრძელვადიანი პაემნები არასრულწლოვანთათვის იქნება სამს პლიუს ერთი, ხოლო 2012 წლიდან მათ უკეთესი პირობები უნდა ჰქონოდათ და ეს პაემანი განსაზღვრულიყო ოთხს პლიუს ერთის ოდენობით. მათ პაემნით სარგებლობა უნდა შესძლებოდათ ყოველ სამ თვეში. გარდა ამისა, არასრულწლოვანებისთვის პაემნის ხანგრძლივობაც მცირდება და ნაცვლად 24-48 საათისა, ისინი მხოლოდ 24 საათიანი პაემნით ისარგებლებენ.  არსებული შემოთავაზებით აკლდებათ ერთი პაემანი და უმცირდებათ დრო. თუ ჩვენ ამ კანონს ახლა მივიღებთ, არასრულწლოვანებისთვის ამ მომენტში კი არის შეღავათის მომტანი, ვინაიდან ისინი ერთი წლით ადრე შეძლებენ გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობას, მაგრამ, მეორე მხრივ, 2012 წლისთვის მათ გაუუარესდებათ მდგომარეობა, რადგან უკვე აღარ ექნებათ ოთხს პლიუს ერთი პაემნით სარგებლობის უფლება. ერთის მხრივ, რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ვაუარესებთ იმას, რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.  ჩვენ შევთავაზებთ, არასრულწლოვანთა მიმართ დარჩეს ის კანონი,  რაც  უნდა  განხორციელებულიყო 2012 წლიდან“. 

უმრავლესობას მიაჩნია, რომ  არასრულწლოვანთა უფლება არ ილახება და უმჯობესია, მათ ამგვარი შეღავათები უფრო ადრე მიიღონ. პატიმრობის კანონში ცვლილებები გრძელვადიანი პაემნების შესახებ უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია