დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაღის კიდის „პარლამენტი“ ხელისუფლებას აკრიტიკებს
2010/11/15 13:44:55

ქუთაისის ცენტრალური ბაღი თავიდანვე მოქალაქეთა დასვენება-გართობის მიზნით გაშენდა. სახელიც შესაფერი ეწოდა - ბულვარი, რაც ფრანგულია და ხეებით დაჩრდილულ ფართო ქუჩას ნიშნავს. მაგრამ მალე მან სხვა მნიშვნელობაც შეიძინა და ქალაქის ფორუმი გახდა. ამიტომ იყო, რომ მას აკაკიმ „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა. 

თაობებისა და ეპოქის ცვლილებასთან  ერთად ბულვარის იერ-სახეც შეიცვალა, შეიცვალნენ მისი კოლორიტული მკვიდრნიც. მაგრამ „ბაღის კიდე“ კვლავ ქუთაისის ერთ-ერთი სიმბოლოა. ამ თანამედროვე საფიხვნოში ყველა თაობის წარმომადგენელს შეხვდებით, ყველას, ვისაც თავისუფალი დრო აქვს და ქუთაისური ამბებიც აინტერესებს. ძირითადად კი პენსიონერები ან სამსახურიდან დათხოვილები ჭარბობენ, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ბაღის კიდეზე ატარებენ და ყოფით პრობლემებზე სევდანარევი იუმორით საუბრობენ. განსახილველი თემა ბევრი აქვთ, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური სფეროდან.

 

მე 40 წელი „შახტაში“ ვმუშაობდი, ჩემი ოფლის ფასად დანაზოგი ფულით ანაბარი გავხსენი შევარდნაძის მმართველობის დროს. ის თანხა უკვალოდ გაქრა და ახლა ვის მოვთხოვო მისი ანაზღაურება?! პენსია 80 ლარი მაქვს, ცოლი და შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდები არიან, ჩემი პენსია ერთადერთი შემოსავალია და როგორ უნდა ვირჩინოთ თავი? მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ანაზღაურება ათასობით ლარია, მე კი საარსებო მინიმუმიც არ მეძლევა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს წამალი მივუტანო, არც პენსიის გაზრდაზე საუბრობს ვინმე. ხომ შეიძლება, მათ შეამცირონ საკუთარი ხარჯები და გაჭირვებულ ხალხს გაგვიზარდონ დაფინანსება? - აღელვებული საუბრობს ბატონი ჟორა გვეტაძე.

 

მერე, 40 წელი რომ მუშაობდი  „შახტაში“, ზემოთ რაღატომ ამოდი, ბარემ იქვე დარჩენილიყავი?! - შენიშნა 81 წლის სერგო რუხაძემ, რომელიც თურმე 1953 წელს ორენბურგში რეაქტიული თვითმფრინავის აგებაში მონაწილეობდა, - ახლა 80 ლარს „დამსახურებულად“ ვიღებ, არც დავიხოცეთ ეს პენსიონერები მთავრობის გულის გასახარად. მე არავის ვედავები, მაგრამ 10 ლარით მაინც რომ გაეზარდათ ჩვენი დაფინანსება, როგორც თბილისში მოხდა, ჩავთვლიდი, რომ ვიღაც მაინც ზრუნავს ჩვენზე. მთავრობის წევრებს საკუთარ თავზე რომ არ გამოუცდიათ მსგავსი გაჭირვება, იმიტომ ვერ მიაქვთ ჩვენი ტკივილი გულთან, ახლა არავის ვჭირდები, არც შვილს და არც შვილიშვილს, რომლისთვისაც ლარიანი კანფეტიც ვერ მიყიდია, არც მთავრობა ზრუნავს ჩემზე და ერთადერთი გზა დამრჩენია - სასაფლაოსკენ, მაგრამ ის ადგილიც რომ ფასიანია?!..

 

ჩემო კარგო, ტყუილად ვსაუბრობთ სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე, მაშინ, როცა ზნეობასა და ღირსებას ვკარგავთ. ეს არის მთავარი ქვეყანაში ნორმალური ვითარების შესაქმნელად- მომმართავს ერთ-ერთი ბაღისკიდელი, რომელიც ვინაობას არ მიმხელს, - მთავრობაში ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ოჯახებზე კი არა, მთლიანად ერზე იზრუნებენ. ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაა საჭირო. ადამიანი იმ სულისკვეთებით უნდა იზრდებოდეს, რომ თავის ხალხს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაუკეთოს და მხოლდ იმაზე არ იფიქროს კაბინეტში მჯდომმა, თუ რამდენი სახლისა და მანქანის შეძენას შეძლებს ამ თანამდებობაზე ყოფნისას. ზნეობა და ღირსება რომ დაქვეითდება, საზოგადოებაში, შეუძლებელია ასეთ ქვეყანას მოწესრიგებული ჰქონდეს რომელიმე სფერო. არ შეიძლება მართვის სადავეები ახალგაზრდა, გამოუცდელ კადრებს მივანდოთ. მე არ ვეწინააღმდეგები მათ დანიშვნას თანამდებობებზე, უბრალოდ, ჭკუის დამრიგებელი უნდა ჰყავდეთ გვერდით, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება ექნება. ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება და ზნეობრივი ნორმების შეთვისება ბავშვებში სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს და ამას გამოცდილი, წესიერი და პატრიოტი ადამიანების დახმარებით უნდა ცდილობდეს სახელმწიფო. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მათ „ჩარეცხილებს“ უწოდებენ. მათ ნაცვლად ქართველ ბავშვებს უცხოელი მასწავლებლები ჩამოუყვანეს. ვინ იცის, ინგლისურ ენასთან ერთად რას ასწავლიან ჩვენს მომავალ თაობას. ხშირად ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძე ერის მამაა და მისი პრინციპების გათვლისწინებით უნდა აღვზარდოთ ბავშვებიო, მაგრამ ეს მხოლოდ ილიას სურათის კაბინეტში დაკიდებთი არ უნდა შემოიფარგლოს. არც მომავალი თაობის მთლად გაზარმაცება და გარობოტება შეიძლება, რასაც კომპიუტერის მეშვეობით ცდილობენ. 5 წლის ბავშვი რომ მთელ დღეს კომპიუტერთან გაატარებს, ან მისი ჯანმრთელობა როგორი იქნება, ან აზროვნება? თუმცა, მთავრობას ყოველთვის უცოდინარი და გაუნათლებელი საზოგადოების მართვა ურჩევნია.

ან ეს მანდატურები რა საჭიროა სკოლებში? მაგათ იასაულები ერქვათ ძველად, ახლა გაუპრანჭეს სახელი, - განაგრძობს ის, - ისეთ სახელმწიფოს რა ვუთხარი, სასწავლო დაწესებულებაში მილიცია რომ დაჭირდება. კარგია, წესრიგს რომ იცავენ, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო ამის საჭიროება. თანაც მასწავლებლის ღირსებას ფეხით თელავენ, ორჯერ მეტი ხელფასი რომ დაუნიშნეს წესრიგის დამცველებს. არ არის ქართველი მასწავლებელი ამის ღირსი. ჩვენც აღვიზარდეთ სკოლებში და არც თუ ისე ცუდად.

 

ორიოდე სიტყვით ჩვენს ახალგაზრდებზე მინდა გითხრათ, - საუბარში ერთვება უკვე სხვა ბაღისკიდელი, რომელიც ასევე არ ასახელებს თავის ვინაობას, - ხშირად ვარ აქ და ვაკვირდები ჩვენს მომავალ თაობას, ბევრი მომწონს, ბევრიც არა და იმას, რასაც აქ ვხედავ, სჯობს, საერთოდ ვერ ვიყურებოდე, უამრავი უმსგავსობა ხდება. აი, ახლაც, ორიოდე წუთის წინ ორ გოგონას, რომლებიც მზესუმზირას შეექცეოდნენ და ნაფცქვენებს ძირს ყრიდნენ, შენიშვნა მივეცი, მაგრამ ყურიც არ მათხოვეს.

 

ეგ რა მოსატანია იმასთან შედარებით, პატარა გოგონები რომ იქცევიან! - სიტყვა ჩამოართვა კიდევ ერთმა ბაღისკიდელმა, ბევრი გარყვნილებისა და უზნეობის მაგალითია ირგვლივ და ეს ყველაფერი იმის ბრალიცაა, ალბათ, დედები რომ აღარ  ზრდიან შვილებს და ფულის საშოვნელად სხვა ქვეყნებში მიდიან. „მშობელი“ უკვე ფორმალური სიტყვაა, მამა აქაა, მაგრამ შვილისთვის არ სცალია, დედა - უცხო ქვეყანაში კაცმა არ იცის, რას აკეთებს, შვილი კი ისე იქცევა, როგორც მოესურვება და მისი გამკონტროლებელი არავინაა.

 

გარყვნილებისკენ ტელევიზიაც უბიძგებს ახალგაზრდებს, - ამბობს ცისფერთვალება, შედარებით ახალგაზრდა მამაკაცი, - სხვადასხვა გადაცემებში გამოდიან ქალბატონები, რომლებიც ავტორიტეტებად ითვლებიან და საქვეყნოდ აცხადებენ, რომ მხოლოდ მესამე ქმართან თანაცხოვრებისას გაიგეს, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული; მეორენი კი გულღიად ჰვებიან, თუ როგორ გასცილდნენ მეუღლეს და დღეს მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მასთან; როგორ გააჩინა მავანმა ბავშვი კაცისგან, რომელმაც დღემდე არ იცის, რომ შვილი ჰყავს.

 

ამიტომაც ამოიღეს პირადობის მოწმობიდან მამის სახელი, აღარ არის საჭიროო!“ - ისმის რეპლიკა გვერდითი სკამიდან.

 

სოდომსა და გომორს ემსგავსება აქაურობა და, კი იცით, რა გველის ამ შემთხვევაში!- თავისთვის ამბობს მაღალი, თეთრთმიანი მამაკაცი, რომელიც აქამდე წყნარად უსმენდა სხვების საუბარს.

 

სოდომისა და გომორის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქვეყანა რომ აირია, ცხადია! ქუთაისს თურმე ისე გაჭირვებია, რომ ვიცე-მერის ჩამოყვანა თბილისიდან დაგვჭირვებია, საამისოდ ნორმალური კადრი ვერ უპოვიათ ამ ქალაქში. მე დავით ანდღულაძის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მან არ იცის ქალაქის სპეციფიკა და, შესაძლოა, სულაც არ ადარდებს ჩვენი მომავალი. დასრულდება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და ისევ თბილისს დაუბრუნდება, რატომ შეიწუხებს ჩვენს გამო ზედმეტად თავს? - ამბობს ადრე თანამდებობებზე ნამუშევარი მამაკაცი.

 

ვიცე მერი იქით იყოს! არც მშენებლები გვყავს ამ ქალაქში? დაიწყება თუ არა მშენებლობა, თბილისიდან მოჰყავთ პერსონალი, ისე კი ყველა იძახის, ადგილობრივები უნდა დავასაქმოთო, მაგრამ ვინ ასრულებს დღეს დანაპირებს?! - შენიშნა ტანსრულმა მამაკაცმა.

 

მივესალმები ქალაქის იერსახის განახლებას. მომწონს ოპერის თეატრი რომ შენდება, აქვე ბანკის ადა სასტუმრო „ქუთაისის“ განახლებული შენობებიც შეემატება ქალაქს. მაგრამ, ამ სამშენებლო პროცესის გამო, აქ ხანდახან ისეთი მტვერი დგას, რომ გაჩერებაც შეუძლებელია. ისედაც ხომ ხედავთ, ამხელა ისტორიის მქონე ბულვარი როგორი მოუვლელია, ერთი ყვავილი აღარ ხარობს, მწვანე საფარიც დაზიანებულია და ყურადღებასაც არავინ აქცევს. დები იშხნელების ქანდაკება რომ დგას, ისიც რამდენჯერ დააზიანეს, არც მას გამოუჩნდა პატრონი. ცუდია, როცა ქალაქზე გული არავის შესტკივა! - განაგრძობს იგივე მამაკაცი.

 

***

ბოლოს, საქვეყნო პრობლემებიდან ისევ ბაღის კიდეს დავუბრუნდით, ჩვენს საუკუნოვან პარლამენტს, რომლის წევრებსაც, სამწუხაროდ, ნდობის მანდატი და უფლებამოსილება არ აქვთ, თორემ უამრავ სასიკეთო კანონს დაამტკიცებდნენ საზოგადოების სასარგებლოდ.

 

ნინო ბაქრაძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია