დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამგებლის დაგემოვნებული ჰიბრიდული ღომი
2011/04/27 12:07:51

კობა კანდელაკი: „მე არ მინახავს ადამიანი, ვისაც უარი ეთქვას ამერიკული სიმინდის დათესვაზე“

ორშაბათს, 18 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში გამგებელმა სოფლის ტერიტორიული მთლიანობის რწმუნებულებთან და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრა გამართა. თათბირზე კობა კანდელაკმა ქალაქის გამწვანება-დასუფთავებასა და ჰიბრიდული სიმინდის შესახებ ისაუბრა. თათბირი ნახევარი საათი გაგრძელდა. რაიონის გამგებელი საკმაოდ მკაცრი ტონით გამოირჩეოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც ტელეფონზე ურეკავდნენ, მკაცრი ტონით უთხრა, განმეორების შემთხვევაში ნებისმიერი თქვენგანი გარეთ გაბრძანდებითო. 

თათბირის შემდეგ სამტრედიის რაიონის გამგებელს, კობა კანდელაკს ვესაუბრეთ.

 

- როდის დაიწყო გამწვანება-დასუფთავების პროგრამა რაიონში და რამდენ ხანს გაგრძელდება?

- იმერეთის გუბერნატორის დახმარებით, შევიძინეთ დასუფთავების მანქანა. ყოველდღიურად ქალაქის საზღვრების 99 პროცენტი სუფთავდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქალაქის იერსახე გალამაზდეს და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. დასუფთავებაზე 40 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ვატარებთ აქციებსაც, სადაც სკოლის მოსწავლეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის გალამაზებაში.გამწვანებას რაც შეეხება, უპირველესად, პატრიარქის მოწოდებას გამოვეხმაურეთ. ლოზუნგად გვაქვს „დაასუფთავე შენი ქალაქი“. ამითი, პირველ რიგში, ბავშვები მიეჩვევიან თავიანთი ქალაქისა და სოფლის დასუფთავებასა და წესრიგს. ეს ყოველწლიურია და სისტემატურ ხასიათს ატარებს.

- რაც შეეხება ჰიბრიდულ სიმინდს, რამდენ ჰექტარზე უნდა დაითესოს?

- დაახლოებით 1000 ჰექტარზე დაითესება. გამონაკლისია მხოლოდ გომის და ვაზისუბნის ტერიტორიები, იმიტომ, რომ ეს ადგილები მთიან ზონას მიეკუთვნება და ვერ ხარობს სიმინდი. ამ დროისთვის ფართობების დახვნა დაწყებულია. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან ვმიჯნავთ ჩვენი სიმინდისა და ჰიბრიდული სიმინდის ფართობს, თუმცა მათი გვერდი-გვერდ დათესვა არანაირ პრობლემას არ უქმნის ქართულ სიმინდს. ასე თუ ვიმსჯელებთ, აბაშის ყვითელი სიმინდი როცა ითესება ჩვენს ფართობზე, ჩვენი სიმინდიც ყვითელი ხდება, მაგრამ ეს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს გადაჯიშების მხრივ. ამ პროცესში მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული, ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ჰქონდეთ,

- მოსახლეობას უფასოდ ურიგდება ჰიბრიდული სიმინდის მარცვალი?

- არა. ერთი ჰექტარისთვის განკუთვნილი თესლი 280 ლარი ღირს. თანხის გადახდა შესაძლებელია 7 თვიანი განვადებით, ანუ მოსახლეობას დროს ვაძლევთ, რათა შეძლონ თანხის გადახდა. ხოლო დანარჩენები, ვისაც თანხის პრობლემა არა აქვს,  ჩვეულებრივად ყიდულობენ მარცვალს.

- ამბობენ, რომ საკვებად მავნებელია გენმოდიფიცირებული სიმინდი...

- არა, რას ამბობთ. აბსოლუტურად ჩვეულებრივი სიმინდია, მე თვითონ მაქვს განასინჯი სიმინდი და ღომიც კი. თუმცა მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და კომპეტენტურ პასუხს ვერ მოგცემთ.

- ბატონო კობა, იმასაც ამბობენ, რომ სულ მალე ქართული სიმინდის ჯიშები აღარ იარსებებს და მათ ადგილს ამერიკული სიმინდი დაიკავებს...

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი გადაჯიშება არ მოხდება. ვისაც სურვილი აქვს, ჩვენებურ სიმინდს დათესს, დანარჩენები კი - ჰიბრიდულს, რომელსაც სამჯერ მეტი  მოსავლიანობა აქვს. არც დათოხნა სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენს სიმინდში უფრო მეტი ნესტიანობაა, ვიდრე ჰიბრიდულში.

- მართალია თუ არა, რომ მოსახლეობას იძულებით ათესინებთ ამერიკულ სიმინდს?

- არა, ეს დეზინფორმაციაა. რაში უნდა მაწყობდეს მოსახლეობის იძულება! გლეხს რითი დავაშინებ? არ მესმის, ამ თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას ვინ ავრცელებს. მე არ მინახავს ადამიანი, ვისაც უარი ეთქვას ამერიკული სიმინდის დათესვაზე. პირიქით, მოთხოვნა იმდენად იზრდება, რომ ტექნიკის დამატებაც კი არის საჭირო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია