საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/24 13:48:03

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ძირითად მიზეზად მიჩნეულია ამერიკის უმსხვილესი იპოთეკური კომპანიების Fannie mae-სა და Freddie mac-ის გაუაზრებელი, ხშირ შემთხვევაში - არაპროგნოზირებადი მოქმედება, კერძოდ, ობლიგაციების დიდი რაოდენობით გაყიდვა, მისი გაუმჭირვალობა, საკრედიტო და საინვესტიციო ფუნქციების შერწყმა-არევა. რამაც მომხმარებლისთვის იპოთეკური კრედიტების აღება გაამარტივა და მიმოქცევაში დოლარის მოცულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

 

ამას მოჰყვა საბანკო სექტორის სრული კრახი. ამ პროცესს თან სდევდა საფონდო ბირჟის კრიზისი; ფინანსური ინსტრუმენტების (ფიუჩერსული გარიგებები, ოფციონი, სვოპი, ფორვარდი და სხვა) არასწორად გამოყენება;
ნავთობის ფასების შესამჩნევი გაძვირება; საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების Srandard & Poor's, Fitch და Moody's-ს ხშირად არასწორი შეფასებები და, რაც ყველაზე მთავარია, აშშ-ს მარეგულირებელი სამსახურების („ფედერალური რეზერვების სამსახური“) მიერ პროცესების იგნორირება, უმოქმოდება, მათი გაუმართავი და უპასუხისმგებლო საქმიანობა. ასევე მსხვილი საინვესტიციო ბანკების Bear stearns, Goldman sachs, Lehman Brothers, Merrill Lynch და Morgan stanley-ს საკუთარი კაპიტალის მცირე მოცულობა მოზიდულ სახსრებთან შედარებით, როდესაც ერთ დოლარ საკუთარ სახსრებზე, დაახლოებით, 40 დოლარი აქტივი მოდიოდა. ექსპერტების გამოთვლით, მათ ბალანსზე არსებული ზოგიერთი აქტივების გაუფასურებას 3%-ით შესაძლებელი იყო კომპანიის მთლიანი გაკოტრება გამოეწვია.
კრიზისამდე აშშ-ში იპოთეკური კრედიტები ძალიან იაფი იყო - წლიური 5%, თანაც ადგილობრივი კანონმდებლობით, იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის შესაძლებლობა არსებობს. იპოთეკური პროგრამები სხვა მხრივაც ძალიან მოქნილი იყო. მაგალითად, მომხმარებელი პირველ წლებში ძალიან მცირე თანხას იხდიდა. ეს ყველაფერი მაცდურად გამოიყურებოდა მოსახლეობისათვის და რომ არა აშშ-ის იპოთეკური ობლიგაციები, რომელიც ქვეყნის მთავარი საფონდო და საიმედო ინსტრუმენტია, ეს კრიზისი, შეიძლება, ასეთი კატასტროფული არ ყოფილიყო. სწორედ ეს ობლიგაციები იყიდეს უსმხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა და გავრცელდა არა მარტო ამერიკის კონტიგენტზე, არამედ - ევროპაშიც, „დომინოს“ პრინციპით.

დიდი ფინანსური ზარალი მიიღეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა გერმანული ბანკი IKB, საბანკო კონცერნი Commerzbank, საერთაშორისო ჰოლდინგი Allianz. მათ მიჰყვნენ საქსონიის მიწების ბანკი და დუბლინის კომერციული ბანკი Ormond Quay. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ მსოფლიოში უმსხვილესი ბანკები „Deutsche Bank და სხვა. ამ კრიზისში მთელი მსოფლიოს საბანკო სისტემა აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და ხალხმა თავისი ანაბრების დაბრუნება მასობრივად მოითხოვა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ კრიზისს გარკვეული ბიძგი ამერიკის მიერ 2000-2007 წლებში განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც მისცა. რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დღევანდელი კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ნაწილობრივ, სწორედ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2004 წელს ცნობილმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა თავის მონოგრაფიაში „დიდებული ტყუილი“ პირდაპირ მიანიშნა, რომ ამერიკისთვის რთული იქნებოდა გაბერილი საპენსიო, სამედიცინო და სამხედრო პროგრამის მომსახურება, რომელიც, ძირითადად, საარჩევნო კამპანიის პიარ-პროგრამა იყო. მან მკაცრად გააკრიტიკა საშემოსავლო და მემკვიდრეობით გადაცემული ქონების გადასახადების შემცირება, რომელიც, ძირითადად, მაღალშემოსავლიან ფენას, ანუ მას შეეხო, ვისაც წელიწადში მინიმუმ, 200000 აშშ დოლარი ჰქონდა, დაბალმა და საშუალო შემოსავლიანმა ოჯახებმა კი ეს შეღავათი ნაკლებად იგრძნეს. და ბოლოს, იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება, რომელიც შემდგომ შესყიდულ იქნა ევროპისა და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რითაც პროცესში ჩათრეულ იქნა მსოფლიო. სწორედ ამ მეცნიერმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკას ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანდა, შემდეგ კი მთელს მსოფლიოს მოედებოდა.
თუმცა, განსხვავებული შეხედულება აქვს ამერიკელ მეცნიერს, ნობელის პრემიის ლაურეატს ჯოზეფ სტიგლიცის, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანტიკრიზისულ ბიუროს. ის თვლის, რომ სწორედ გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკების ურთიერთგამჭოლობა გახდა დამატებითი ფაქტორი კრიზისის გაღრმავებისა. მის რეკომენდაციებს შორის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო, ეროვნული და კერძო ფინანსური ინსტიტუტები გახდეს მაქსიმალურად გამჭირვალე, დაცული იქნეს ერთიანი სტანდარტები ფინანსურ სექტორში, შეიქმნას ვალუტის ერთიანი, მსოფლიო რეზერვები.
კაპიტალის ბაზრების გლობალური ინტეგრაციის ზრდა ხელს უშლის ცალკეული ქვეყნების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას... ეკონომიკის კარგახსნილობას ურთიერთსაპირისპირო მოვლენები მოსდევს: ერთ მხრივ, მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების მეურნეობათა ინტეგრაცია, იქნება თავისუფალი ვაჭრობის ზონები, ხოლო მეორე მხრივ ცალკეული ქვეყნები ამჟღავნებენ მსოფლიო ბატონობის სურვილს.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის გაღრმავებამ თავისი ნეგატიური მხარეები მკაფიოდ გამოავლინა. კრიზისმა გადაინაცვლა თითქმის ყველა კონტინენტზე, შეირყა საბანკო სექტორები აზიის უდიდეს ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, აგრეთვე მსხვილ ქვეყნებში - ბრაზილიაში, რუსეთში, კანადაში. კრიზისის მასშტაბურობამ და გავრცელების სისწრაფემ მთავრობის დაბნეულობა გამოიწვია. თავიდან თითოეული სახელმწიფო ცდილობდა, დამოუკიდებლად შებრძოლებოდა კრიზისულ პროცესებს, მაგრამ შემდგომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ავტონომიურ რეჟიმში კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შეთანხმებულად და სინქრონულად ემოქმედათ, დიდი ოცეულის სახით.
2009-2010 წლებში იყო მცდელობა, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისთვის თავი დაეღწიათ, თუმცა, ეს მცდელობა არცთუ ადვილი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს „დიდმა ოცეულმა“ (სხვათაშორის, „დიდ ოცეულზე“ მოდის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 70%-მდე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90% და მსოფლიო ვაჭრობის 80%) კრიზისის მძიმე შედეგების მაქსიმალურად შესარბილებლად გადამწყვეტი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი მიზნები და ამოცანები ჰქონდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც ერთიანი კონსენსუსით ხდებოდა, რაც, ძირითადად, კრიზისიდან გამოსავლის ძიების ყველა ეტაპზე შემდეგ მიმართულებებს მოიცავდა: ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირება; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების გამკაცრება და მათი საქმიანობის გამჭვირვალეობის გაზრდა; პროტექციონიზმის მინიმიზაცია ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში. თანამედროვე გლობალური ეკონომიკური კრიზისის განვითარების ფონზე, მსოფლიომ გვერდი ვერ აუარა ისევ და ისევ „მივიწყებულ“ კეინსის ეკონომიკურ თეორიას, ეკონომიკის რეგულირების აუცილებლობის შესახებ, ეკონომიკის სტაბილური ფუნქციონირებისათვის. მაგალითიც უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თავს იკავებდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევაზე, მათ მაინც მოუწიათ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელიც არ აპირებდა მილიარდების ხარჯვას. პირველ ეტაპზე მათ ჰქონდათ ეკონომიკური სტიმულირების 31 მილიარდ ევროიანი გეგმა, რაც დაწუნებული იქნა მცირე მოცულობის გამო. შემდგომში წარადგინეს 50 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტი და პლუს 100 მილიარდიანი გარანტია სახელმწიფოს მხრიდან იმ ბანკებისათვის, რომლებიც გასცემდნენ კრედიტებს კერძო კომპანიების დასახმარებლად. ასევე გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 15,5%-დან - 14,9%-მდე. გადაწყვეტილია, ორი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურისათვის გამოიყოს 18 მილიარდი ევრო, ყველა ოჯახი თითო ბავშვზე ერთჯერადად მიიღებს 100 ევროს, გაიზრდება კომპანიების სუფსიდირება, რათა მათ შვებულებაში გაუშვან კრიზისის გამო დროებით დახურული საწარმოების მუშები. ყველა, ვინც 9 წელზე მეტი ხნის ავტომობილს ახლით შეცვლის, მიიღებს 2500 ევროს სახელმწიფოსაგან.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაბიჯები სახელმწიფოს კანცლერის მიერ ოდნავ მოგვიანებით იქნა გადადგმული, მაინც ყოველივე ამან ხელი შეუწყო მისი რეიტინგის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, არჩევნებში მისი გამარჯვებით დადასტურდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 800 მლრდ-მდე დოლარი მოითხოვა. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ ღონისძიებებს: საფინანსო-საბანკო სისტემის მოწესრიგებას, მსხვილი საავტომობილო კომპანიების დახმარებას, 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, არალიკვიდური აქტივების ყიდვას, გარკვეული კონტინენტის მოქალაქეებისათვის საბანკო საპროცენტო ტარიფების შემცირებას. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით უმუშევრობამ აშშ-ში შეადგინა 9,4%, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არასდროს არ იყო 5%-ზე მეტი.
აღნიშნულ ქვეყნებს, მიუხედავად თავისი ლიბერალური ეკონომიკისა, არც იაპონიის სახელმწიფო ჩამორჩა. მან 270 მილიარდი გამოყო ბანკებისთვის მოსახლეობის და კომპანიების მიერ აღებული კრედიტების ვადის გაგრძელებისათვის, ხოლო 20 მილიარდი ერთჯერადი დახმარება საშუალო და დაბალ შემოსავლიან ოჯახებზე.

თითქმის ანალოგიური-ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები გაატარეს სხვა სახელმწიფოებმაც.
მსოფლიოში განხორციელებულმა ასეთმა მასტიმულირებელმა საინვესტიციო პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გამოცოცხლებას და შედარებით შეამსუბუქეს კრიზისების გავლენა მსოფლიოზე. ეს უდაოდ პოზიტიური იყო, თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც, ზოგადად, ეკონომიკურ თეორიაშიაც კი ინვესტიციების განხორციელების თანმდევია და რომელიც გარკვეულად ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს. ასეთი მოვლენა მსოფლიოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა, როდესაც გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის როლი ეკონომიკაში სრულიად იგნორირებული იქნა და გავრცელდა შეხედულება, რომ ივნესტიციებსა და ფულის მასას შორის არის მხოლოდ ძალზე სუსტი კავშირი. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამებში მთავარი მნიშვნელობა მიენიჭა ინვესტიციების საბიუჯეტო სტიმულირებას, რამაც თანდათან დააგროვა ინფლაციური პოტენციალი, რომელიც შემდეგ რეალურად გამოვლინდა 70-80-იან წლებში - დიდი ინფლაციით. ე.ი. ასეთი დიდი ინექციების შეშვება ერთდროულად, დიდი დოზით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებას, უმუშევრობის შემცირებას; ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელია, რაც დღესაც სახეზეა. მსოფლიოს მრავალწლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი საშუალებებით, ხშირად მთავრდება ინფლაციის გაზრდით, შრომის მწარმოებლურობის შემცირებით, ბაზრის მოქნილობის შესუსტებით, რასაც  საბოლოო   ანგარიშით  მივ-ყავართ   უმუშევრობის     გაზრდასთან.
აღსანიშნავია, რომ კრიზისმა ხელი  შეუწყო ცალკეული რეგიონების დაახლოებას და უკვე არსებული გაერთიანებების მჭიდროდ თანამშრომლობას და ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად, ოპეკის ქვეყნები რომლებიც მსოფლიო სანავთობო მარაგის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ (ირანი, ერაყი, ყატარი, ალჟირი, ანგოლა, ვენესუელა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და სხვა) ცდილობენ, თავიანთ რიგებში გააერთიანონ მექსიკა, რუსეთი და სხვა... ასევე გამოიკვეთა მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შექმნა, მაგალითად - შანხაის ორგანიზაციას (რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) აქვს სურვილი, ევროპასთან ერთად შექმნას ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი.

 

სოლომონ პავლიაშვილი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

 

(იბეჭდება შემოკლებით)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია