დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ქალაქის წყალწაღებული უბნები
2012/02/06 14:06:47

რამდენიმე თვეში ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მიენიჭება. მესამე თვეა, ცენტრალურ მოედანზე კოლხური შადრევნის მშენებლობა ელვის სისწრაფით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციაც დაიწყება. რა ხდება გარეუბნებში?  წყალი, კანალიზაცია, გზა, სანიაღვრე სისტემა, ლიფტი, - ეს ის პრობლემებია, რაც გარეუბნების მცხოვრებლებს აწუხებს.

ჩვენ სამ დიდ უბანში - ნიკეას ქუჩა, ავტოქარხანა და ავანგარდის დასახლება - გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის უმეტესობა მთავარ პრობლემად გზას ასახელებს. მიაჩნიათ, რომ, რატომღაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის  ცენტრალური ქუჩების, სკვერების და კორპუსების რეკონსტრუქცია ტრადიციად იქცა, ხოლო, რაც შეეხება გარეუბნებს, სადაც მოსახლეობის 70% ცხოვრობს, უპატრონოდაა მიტოვებული.

დავით გეგუჩაძე, ნიკეას დასახლებაში მცხოვრები: „შვილო, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გზა. კორპუსიდან ეზოში გასვლა გვიჭირს. მთელი დასახლება გუბეებითაა სავსე. ლამის ჭაობში ვცხოვრობთ. ეს ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს, არავინ იწუხებს თავს. მაგათ მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით. ჩვენი მოთხოვნაა, ბოლოსდაბოლოს, ხრეშით მაინც ამოავსონ ეს გუბეები.“

ნათელა კუპრაშვილი, ნიკეას დასახლებაში მცხოვრები: „რა გითხრათ? წაგვიღო წყალმა, ბებო. ორმოებში დგება წყალი, ახლა ზამთარია და ბაყაყები არ ყიყინებს. გაზაფხულზე აწრიალებული ვართ ქვეწარმავლებით და ბაყაყებით. რათ მინდა პარლამენტი? მაგი არ გვიშველის ჩვენ! გარეუბნები მაინც მიტოვებული იქნება!“

გოგი მამასახლისი, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრები: „ასეთი ვითარებაა ავანგარდის დასახლებაში მეათე წელია. ბიძია, გუბეები ამოავსონ კი არა, ლიფტი არ გაგვიკეთეს. ინფარქტმოხდილი კაცი ვარ, და სიმწრით ავდივარ მერვე სართულზე.“

დალი სირბილაძე, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრები: „გზა, სასმელი წყალი, ლიფტი, ნაგვის ბუნკერები... ეს პრობლემები წლების განმავლობაში იყო ჩვენს დასახლებაში და, დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება. მოვლენ ახალგაზრდა ბიჭები მერიიდან, დაგვპირდებიან - გაგიკეთებთო. მერე კი, რატომღაც, არავის ვახსენდებით. ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება.“

არჩილ ნიქაბაძე, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები: „დღევანდელი საშინაო პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია: გაალამაზეს ცენტრალური უბანი და აღმაშენებლის გამზირი, გააჩახჩახეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო, გარეუბნები ისევ გაპარტახებულია. თქვენი თვალით ნახეთ - რას ჰგავს ეს უბანი? ნაგვითაა სავსე აქაურობა! თუ საპარლამენტო ქალაქის პრეტენზია გაქვს, მიხედე, ბიძია, ქალაქს!“

 

***

იგეგმება თუ არა უმოკლეს ხანში გარეუბნების ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება? - ამის შესახებ ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ლევან ჭანჭალეიშვილს ვესაუბრეთ.  

ლევან ჭანჭალეიშვილი: „რაც შეეხება ნიკეას დასახლებას, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას წელს ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც ყველა უბანს მოიცავს. რაშიც მილიონნახევარი  ლარი დაიხარჯება. ამ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან ველოდებით, რომელიც, ჯერჯერობით, დამტკიცებული არ არის. „პასილოკში“, ნიკეასა და ავანგარდის დასახლებაში, გზების რეაბილიტაცია დაიწყება. კოქსზე გერმანელები კანალიზაციის სისტემის აღდგენას იწყებენ. ამ ეტაპზე, როდესაც სანიაღვრე და კანალიზაციაა გასაკეთებელი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ფართომასშტაბიან სამუშაოებს არ ვგეგმავთ. ავტოქარხანაში წყლის სისტემა გამოცვლილია, ამ უბანში კანალიზაციის მოწესრიგება წელსვე იწყება. უკვე ავტოქარხნის რამდენიმე უბანში ასფალტის საფარი მოწესრიგებულია. ასფალტი ტოლსტოისა და მშვიდობის ქუჩაზე დავაგეთ, წელს მესხის ქუჩაზე ვაპირებთ გზის რეაბილიტაციას. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია. ყველა უბანი და ქუჩა რომ მოწესრიგდეს, დაახლოებით 800 მილიონი ლარი მაინც გვჭირდება. ეს თანხა ნამდვილად არ არის ბიუჯეტში. წყლის სისტემა რომ გამოიცვალა, მუნიციპალური განვითარების  ტენდერი  იყო  და  შპს  „ნიუენერჯიმ“  გაიმარჯვა.  ავტოქარხანაში წყალი 14 საათის განმავლობაშია, გარე განათება, ფაქტობრივად სრულად არის მოცული. თუმცა, არის დარჩენილი ადგილები და წლის ბოლომდე მთლიანად მოვიცავთ. სანიაღვრე სისტემა უბნის დიდ ნაწილში არ არის, კუსტარულია მხოლოდ დასახლების მარჯვენა მხარეზე. ზურაბ ჭავჭავაძის და მესხის პირველ შესახვევში კანალიზაცია გამოვცვალეთ. ავტომშენებლის ტერიტორიაზე ყველა ბინას შევუცვალეთ სარდაფებში მილები, ფაქტობრივად სანიაღვრე სისტემის და კანალიზაციის პრობლემები მოგვარებულია. მხოლოდ ბინის ფასადებია გასაკეთებელი. რაც შეეხება ნიკეას,     „პასილოკს“ და ავანგარდს, გვინდა, რომ წელს დავამთავროთ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია