დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პოლემიკური რეფლექსი“, რომელიც ნაცმოძრაობის წინადადებას მოჰყვა
2013/02/25 12:42:41

„რას ნიშნავს საგარეო პოლიტიკა და რატომ არ შეიძლება აისახოს ის კონსტიტუციაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს საკმაოდ ვრცელ სტატიას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ინგლისურენოვან გამოცემაში Democracy & Freedom Watch.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს,  ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებამ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციონალიზაცია უნდა განხორციელდეს, გარშემო „პოლემიკური რეფლექსი“ გამოიწვია. სტატიაში თედო ჯაფარიძე ცდილობს, დაასაბუთოს, თუ რატომ არ უნდა ჩაიწეროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კონსტიტუციაში.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ („ენმ“) პროექტი იმისთვის წარმოადგინა, რომ უზრუნველეყო საქართველოს ვალდებულებანი ნატო-სთან, მაგრამ ამას საპირისპირო შედეგი მოაქვს.

სრულიად ცხადია, რომ მოცემულ მომენტში ნატო-ში გაწევრიანება გულისხმობს მოვლენათა ასეთ განვითარებას: საქართველო ნატო-ში წევრიანდება ან მისი სეპარატისტული რეგიონების გარეშე, ან მისი საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მეხუთე მუხლის საფუძველზე, ჩვენი მოკავშირეები ომს უცხადებენ რუსეთს. ნატო ის ორგანიზაციაა, რომელიც, ტრადიციულად, მშვიდობის დაცვას უფრო ემსახურება და არა მშვიდობის იძულებას. ბალტიისპირეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებამ უნდა განამტკიცოს მშვიდობა და არა დაამყაროს მშვიდობა. საბოლოო ჯამში, „ენმ“-ის დირექტივას რომ დავყოლოდით, ჩვენ ნატო-ს დაახლოების მაგივრად დავშორდებოდით,“ - წერს სტატიის ავტორი.

მისივე აზრით, ევროკავშირის წევრობაც აშკარად გრძელვადიანი მისწრაფებაა, რადგან ევროკავშირს კავკასიაში გაფართოების არც პირობა დაუდევს, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით მოხდა და არც პროცესი განუსაზღვრავს, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში იყო.

„თუ საქართველო ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში ევროპის კავშირში გაწევრიანების ვალდებულებას შეიტანს, ეს იქნებოდა პროცესის მხოლოდ სიმბოლური ჩატვირთვა. არადა, ეს პროცესი ისედაც კარგად მიდის და მისი კონსტიტუციაში შეტანა მხოლოდ ავნებს ჩვენ მიერ დეკლარირებულ მიზანს,“ - მიიჩნევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოცემულ მომენტში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც კი. ევროპას ეკონომიკური კრიზისის გამო შიდა ტრანსფორმაციის პროცესი აქვს დაწყებული.

„გაფართოების თამამი პოლიტიკის მოლოდინი მოცემულ მომენტში, უბრალოდ, უტოპიური მოლოდინია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხედვა და პერსპექტივა. ამ მიზნებს კონსტიტუციის დონეზე დეკლარირება კარგ სამსახურს ვერ გაუწევს.“

„საქართველოს ამჟამად შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აკავშირებს; ჩვენ ვართ პროგრამის, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილენი; ჩვენ ავღანეთის ოპერაციების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ვართ; ჩვენს ელიტას, მთელ პოლიტიკურ სპექტრში, ისეთი განათლება აქვს და ისე ჩამოყალიბდა, რომ დასავლური ორიენტაცია აქვს; ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების არცნობის პოლიტიკაზე, პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს დე იურე აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მოკლედ, ჩვენი ლოიალობა ჩვენი მოკავშირეებისადმი თავისთავად ცხადი უნდა იყოს. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში შევიტანთ, გამოდის, რომ ერთგულებას დასავლური ორიენტაციისადმი ეჭვქვეშ დავაყენებთ ისე, თითქოს არსებობს რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყნის შიგნით, რომელიც ამ ერთგულებას აყენებდეს ეჭვის ქვეშ. ასეთი პოლიტიკური ძალა საქართველოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წარმოსახვაში  არსებობს.“

სტატიის ავტორი ფიქრობს, ეს დებატები მხოლოდ იმიტომ დაიწყო ოპოზიციამ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ის სურს, ასეთი დებატების მეშვეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში განხორციელდა. ამ მიზნის მიღწევას ის იმით ცდილობს,   რომ   განხეთქილება   „აღმოსავლეთსა და დასავლეთს“ შორის საშინაო პოლიტიკის კონტექსტში გადმოაქვს, თითქოს ძალაუფლების ნებისმიერი გადაცემა „რეჟიმის ცვლილების“  ტოლფასია. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, ისეთი, რომელიც დამღუპველია ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისათვის, - მიაჩნია თედო ჯაფარიძეს. 

როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, ჩვენ გვჭირდება სამხრეთ   კავკასიაში   „რეგიონის“ შექმნა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცება. ამ მნიშვნელოვან პრობლემებზე რეაგირება კი ახლავე, მოქნილად და სტრატეგიული შორსმჭვრეტელობით უნდა დაიწყოს.

ამის ნაცვლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა საქართველოს დიპლომატიური შესაძლებლობანი სიმბოლურ ჟესტებს შესწიროს. მაგრამ მიუხედავად ამისა და იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი შეთანხმებულნი ვართ, საერთო საგარეო პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ მოლოდინის რეჟიმში არსებული სწრაფვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი მართლა შესრულდეს, ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე დებატები გვჭირდება და არა დებატები კონსტიტუციაზე,“ - წერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია