საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოსაზრება
პაატა შავაძე: „სოზარი უფრო პოპულისტია, ვიდრე - ხალხის მსახური“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/16 13:16:29

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ანტიკორუფციული პალატის“ თავმჯდომარეს პაატა შავაძეს. მასზე ორგვარად საუბრობენ. ერთნი თვლიან, რომ ის უკომპრომისო ადამიანია, მეორენი კი ამბობენ, რომ რეიტინგი არ აქვს, რადგან ბევრგან „ყოფს ცხვირს“. ამ ინტერვიუში შავაძე პენიტენციარული სისტემის მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს.


- ამჟამად თქვენი „სამიზნე“ პენიტენციარული სისტემაა. რა თვისობრივი დანაშაულები გვხვდება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

- ჩემი „სამიზნე“ ყოველთვის იყო, არის და დარჩება თვალსაჩინოდ მოუწესრიგებელი ყველა დარგი, ანუ დარგი, რომელიც აბსოლუტურად აღვირმიშვებულ თავისუფლებად არის ქცეული ხელმძღვანელის მხრიდან. დანაშაულობებზე მეკითხებით? როდესაც ხელისუფლების მხრიდან მქონდა საშუალება, მონიტორინგი განმეხორციელებინა დაწესებულებებში, მაშინ შემეძლო, საკუთარი თვალით დამენახა ყველაფერი და მემხილებინა იმდაგვარად, რომ არავინ დამენდო და არც არავის დავრიდებოდი (ვინც მიცნობს კარგად და ვინც აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას იმ დროს, როდესაც მონიტორის ფუნქციებით გახლდით აღჭურვილი, ვფიქრობ, სადავოდ არ და ვერ გახდის იმ გარემოებას, რომ დღე და ღამ ბათუმის მე-3 დაწესებულებაში ვიყავი და გათავისებული მქონდა ჩემი წილი პასუხისმგებლობა). ყველამ კარგად ვიცით და დამატებით ახსნას ნამდვილად არ საჭიროებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა დამხვდა სასჯელაღსრულების ცალკეულ დაწესებულებებში, საკმაოდ ბევრი მანკიერება ვამხილე და რაღაც საკითხებში დამყარდა კიდეც წესრიგი, თუმცა ეს საკმარისი როდია. თამამად გეტყვით, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებას არსებობის მანძილზე არ ჰყოლია ისეთი ცუდი და მოუწესრიგებელი ხელმძღვანელი, როგორიც ამჟამად ჰყავს თემურ ყურშუბაძის სახით. მიმაჩნია, რომ მას დაწესებულება, უბრალოდ, სულმნათ ბაბუას დანაშთ სამკვიდრო ქონებად აქვს წარმოდგენილი: ნათესავებით, ტოლ-მეგობრებით, ნათლია-ნათლულებით, სამხედრო ნაწილის ყოფილი გადამდგარი თუ გაგდებული მუშაკებით გაავსო ციხე და ღირსეული კადრები ისტორიის „სანაგვეში“ გადაუძახა! აი, ეს და სხვა მრავალი, მისი მოღვაწეობის ერთგვარი ლაიტმოტივია. 

ბევრი მაქვს სათქმელი კიდევ და პერიოდულად ვიტყვი კიდეც, არ დავერიდები. ცუდი ხელმძღვანელი რაც უფრო მალე წავა შინ, მით უფრო კმაყოფილი დარჩება საზოგადოებაც, ნეპოტისტების ადგილი საჯარო სამსახურებში არ უნდა იყოს.  

სოზარ სუბარი, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას არ და ვერ უნდა იჩენდეს. როგორც მითხრეს, ყურშუბაძე მისი პროტეჟე და  რჩეულია. პროტეჟეებისა და უადგილო ადგილას ადამიანების სადღაც-სადღაც გამწესების ხანა უნდა დავასრულოთ. სხვათაშორის, ის საქართველოს პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის, მაზლია... ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. დანაშაულობებზე მკითხეთ სისტემაში და გპასუხობთ: ალბათ, ტელეეკრანების საშუალებით ბოლო დროს საკმაოდ ბევრ ამაზრზენ ინფორმაციას ვიღებთ, საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანია ამ მოვლენებისადმი მყისიერი სამართლებრივი რეაგირება, ხოლო სუბარის კომენტარებით ვიგებთ, რომ მხილებული ჩინოსნები ყოველთვის მართლები არიან, საზოგადოება კი ტყუის. ასეთი მიდგომებით შორს ვერ წავალთ, ვერც მე, ვერც სოზარი და ვერც ღურწკაია. 

ერთი სიტვით გეტყვით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა იყო, არის და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მეტად უმართავ, მოუწესრიგებელ და აღვირმიშვებულ სისტემად. 

ვფიქრობ, სოზარმა ვერ გაამართლა. ეს ჩემი და არა მარტო ჩემი აზრია, ვისაც უნდა ეწყინოს, მაცივარში ცივი წყალი მუდამ მაქვს... ზღვაში წვეთია ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გეუბნებით და „რა ზნეც ამათ სჭირთა“. მაყურებლები დაგვიტოვეს „ნაცებმაო“... შე კარგი ოჯახის შვილო, სადამდე უნდა იძახო „ნაცები“ და „ფრიცები“, ეს დამიტოვეს, ის დამიტოვეს... რომ დაგიტოვეს და ცუდები რომ იყვნენ, ამიტომ უთხრა მათ ქართველმა ხალხმა 2012 წლის მიწურულს ერთხმად უარი და ამიტომ ახვედი შენ ამხელა პედიესტალზე, ამიტომ გქვია მინისტრი, რომ „მაყურებლები“ დაწესებულებათა დირექტორები უნდა იყვნენ ციხეებში და არა - პატიმრები! სამარცხვინოა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებაში ცნობილი უფლებათდამცველები, ადვოკატები პარლამენტარებად თუ მინისტრებად გვევლინებოდნენ და ციხეებში ისევ ადამიანის უფლებების დაუცველობაზე იყოს საუბარი... გული მტკივა, უბრალოდ, რომ ამ სისტემას ნორმალური პატრონი არ ეღირსა!

- თქვენი აზრით, ციხეებში სიტუაციის გამოსასწორებლად რა არის საჭირო?

- ციხეებში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, პირველ ყოვლისა, საჭირო და აუცილებელია საკადრო ცვლილებები და თანაც - ძირეული! სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან დირექტორები და შემდგომ მათი მოადგილეები; მათ ადგილებზე მკაცრი კონკურსის წესით უნდა შეირჩნენ კანდიდატურები და არა - ნეპოტისტური პრინციპებით. პატიმართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა იქცეს პრიორიტეტულ მიმართულებად ამ სისტემაში. ციხეების დირექტორები 40 000 აშშ დოლარად ღირებული „პრადოებით“ არ უნდა გრიალებდნენ, მათ ეს არ დაუმსახურებიათ და არც სჭირდებათ. ამ ფუფუნებაში ბიუჯეტის თანხების ხარჯვა ფუჭი ღონისძიებაა, ამასთან, ვფიქრობ, სისტემაში ისევ მუშაობენ „ნაცმოელთა“ მხრიდან ჩანერგილი უკუღმართი და სადომანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც თითქოს გამოკეთილშობილებულან ახლა და „უფლებადამცველებად“ მოაქვთ თავი! მინისტრი იმისა ხარ, რომ ასეთი საკითხებით უნდა ინტერესდებოდე და თუ ინტერესდები და შედეგი მაინც იგივე გაქვს, სახლში უნდა წახვიდე!

საერთოდ, სისტემაში კადრები პროფესიონალიზმისა და დამსახურების შესაბამისად უნდა შეირჩეს. მაგალითისათვის გეტყვით, უბრალოდ, მაინტერესებს, ბათუმის დაწესებულების დირექტორის მოადგილე, შოთა ტორაძე, რა დამსახურებით დააწინაურეს თბილისში, დეპარტამენტში.  ამიხსნან, თანასწორთა შორის რით გამოირჩა, და კიდევ ერთი რამ - როგორც არასდროს, ისე და სოზარის მინისტრობისას, ჩემს მიერ მის უწყებაში გაგზავნილ არცერთ წერილზე პასუხი, უბრალოდ, არ მიმიღია, რაც ჩემში კიდევ უფრო აღრმავებს შთაბეჭდილებას იმისას, რომ სისტემაში საქმისწარმოების ერთიანი წესების არსებობის თაობაზეც არავინ არაფერი იცის... ვინც აუგდიათ, ის აიგდონ, მე ისინი ვერ ამიგდებენ, უბრალოდ, „ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნად“. ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა მათია და ვიღაცამ აჩუქათ, მე კი ასეთ სისტემაზე და ასეთ ხელმძღვანელებზე ნამდვილად არ მიოცნებია...

- ჩამოთვალეთ რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში შეგხვდათ ციხეებში...

- სუბარის უწყებაში სასტიკად აღიზიანებთ სიტყვა „მონიტორინგი“.  პირადად, როდესაც მონიტორინგს ვახორციელებდი, დღე და ღამ დაწესებულებაში ვიყავი და, აბა, ერთი ვინმეს გაებედა და დაერღვია კანონმდებლობის მოთხოვნები. იყო შემთხვევები ბათუმის ?3 დაწესებულებაში, თუმცა რეაგირებაც მყისიერად ხორციელდებოდა. მონიტორებს შორის, სამწუხაროდ, ერივნენ უღირსი და წარყვნილი რეპუტაციის მქონე ადამიანებიც, რომლებიც მონიტორის ფუნქციებს თავიანთი მზაკვრული მიზნებისათვის იყენებდნენ და წესიერ ადამიანებს ჩირქს გვცხებდნენ. ამას კი შედეგად მოჰყვა ჩვენი ჯგუფის დაშლა, რითაც სისტემას არც არაფერი მოუგია, პირიქით, სწორედ ჩვენი ჯგუფის გამოყვანის შემდეგაა, რაც საშინელებებს ვისმენთ ტელევიზიის საშუალებით და ვკითხულობთ პრესაში. ლალი მოროშკინას შესაფასებელი რომ დარჩა მონიტორინგის ჯგუფის არსებობა - არ არსებობის თემა და საკითხი, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია! ვის წისქვილზე ასხამდა წყალს ჩვენი ჯგუფისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, არავის მოსწონს დღეს სიმართლის თქმა, თუმცა, მეც „ცხენი მუდამ შეკაზმული მყავს“.

- სოზარ სუბარს დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. მისი, როგორც მინისტრის, პასუხისმგებლობის საკითხს რატომ აყენებთ?

- სოზარ სუბარს ვიწვევ ტელედებატებში. სოზარს, მართალია, დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, თუმცა ვთვლი, რომ მან ვერ გაამართლა ხალხის ნდობა და ვერ უზრუნველყო სისტემის მოდერნიზაცია იმ დონეზე მაინც, რომ პატიმართა უფლებების დაცვაზე კვლავ არ არსებობდეს საზოგადოებისაგან საყვედური. მართალია. მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პატიმართა უფლებების დარვევა, თუმცა, პატიმართა უფლებების დაცვა და სისტემის საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაცია რომ მის ინტერესში შედის, ამაში ვერაფრით დაგვარწმუნა. მისი მუშაობის კმაყოფილი დიდად არც სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში ვიყავი. მას ერთხელ, როგორც უფლებათდამცველმა, წერილობით მივმართე და ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების მუშაკთა მხრიდან დაკავებული პირისადმი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ვამცნე, რეაგირება მოვითხოვე, პასუხად კი, იცით, რა მივიღე? თურმე ჩემი წერილი საქართველოს იმჟამინდელ გენპროკურორ ადეიშვილს გაეგზავნა, მისთვის შეკითხვით მიუმართავთ: მართალი იყო თუ არა, რასაც ვწერდი მიმართვაში. რა თქმა უნდა, პროკურატურამ უარყო ყველაფერი, როგორც ჩვეოდათ. საპასუხო წერილი სახალხო დამცველის აპარატის იმჟამინდელმა გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, იმნაძემ, მომწერა. ეს ის იმნაძე გახლავთ, სხვათაშორის, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებში, სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენზიები ჰქონდა! სასაცილოა და გულისამრევი პირდაპირ. ჰოდა, აი, ასე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატი და ასე მუშაობს ბატონი სოზარიც ამჟამად. განსჯა საზოგადოებისათვის მიმინდვია. „პრადოთი“ სეირნობა კარგია, მაგრამ მე მის ადგილას რომ ვიყო, საქმეს გავაკეთებდი და ფეხით ვივლიდი. სოზარი უფრო პოპულისტია, ვიდრე ხალხის მსახური, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და ჩემი აზრის გამოსათქმელად ნებართვას არავისაგან ვიღებ. სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს მანკიერი მხარეებისაგან და ოქტომბრიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა, სისტემას ხელმძღვანელის მზრუნველი ხელი უნდა ეტყობოდეს უკვე.

- სოზარს პირადად ვიცნობ და ერთად ისეთ დანაშაულს შევჭიდებივართ, რომლის დაძლევაში, მართალი გითხრათ, ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. სიტუაციის და საქმის გასარკვევად თავადაც და მისი წარმომადგენლობაც ბევრჯერ მივიდა ერთ ზემოიმერულ სოფელში და სიმართლემ გაიმარჯვა...

- ამ სტრიქონების წამკითხველ სოზარს თუ რაიმე კითხვის ნიშანი გაუჩნდება გულში და გაიკვირვებს, თუ რატომ ვაძლევ ასეთ უარყოფით შეფასებას მის მოღვაწეობას საქართველოს მთავრობაში, დამიკავშირდეს პირადად ან თავისსავე მისაღებიდან ქსენიას მეშვეობით (პირად მდივანზე მაქვს საუბარი) და ტელედებატებში მოვიწვევ, საჯაროდ ვამხელ მისი მოღვაწეობის ყველა მანკიერებას! და ბოლოს, შეიძლება ახლა მავანმა ენა მოიჩლიქოს და განაცხადოს: კი მაგრამ, ციხეებში მანკიერებებს წინა ხელისუფლების პირობებში რომ ჰქონდა ადგილი, ისეთი უნდოდა და ახლა რაღა გრჯისო. თუმცა, პასუხი მათთვისაც მაქვს მზად: ოჯახაშენებულო, ის მანკიერებები რომ არ მოგვწონდა, ამიტომაც დავგმეთ და ამიტომაც შევცვალეთ ხელისუფლება. შენ (სოზარ) იმისათვის მოგიყვანეთ, რომ უკეთესად წარმართო საქმე, უმაქნისად თუ მოიქცევი, შენაც იმავე ბედს გაიზიარებ, რასაც შენი წინამორბედები! ასე, რომ თავის მართლება: „გვაცალეთ, ბატონოს“ ძახილით, შორს ვეღარ წაგვიყვანს!

ვერ დაგაცდით, ბატონო! წელიწადი შეგისრულდათ და გვაჩვენეთ, რა აკეთეთ, რის გაკეთება შეძელით და რისი - ვერა!


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია