დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალი“ გია გოქაძე ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვს
2013/07/17 14:39:32

მერიის ადმინისტრაციაში ნეპოტიზმს უარყოფენ

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია გოქაძე დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის და ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რის მიზეზადაც გოქაძე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობას და მის ფარგლებში გამოვლენილ ნეპოტიზმზე საუბრობს.

„კომისიის წევრმა გელა მშვენიერაძემ დროებით, მაგრამ მაინც, დაიკავა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოსტი, ასევე კომისიის წევრის ზურაბ ხურციძის ქალიშვილმა, ხათუნა ხურციძემ საკმაოდ მაღალი თანამდებობა მიიღო, სამსახური მიიღო მამუკა მღვდელაძის ძმამ, აღსანიშავია ისიც, რომ საკრებულოს დეპუტატის, კახა ნემსიწვერიძის ძმა არ მოხვდა გათავისუფლებულთა სიაში. ამიტომ მოვითხოვთ, კომისია დაიშალოს და თანამდებობები დატოვონ მარგველაშვილმა და კოპალიანმა,“ - განაცხადა გია გოქაძემ.

გოქაძე ზურაბ ხურციძის  PSNEWS.GE-ისათვის გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ხურციძემ აღნიშნა, რომ გოქაძით მალე გამოძიება დაინტერესდება.

„ხურციძის განცხადება ჩემს მოთხოვნას უკავშირდება, თორემ ბატონ ზურაბს ცხრა თვე ჰქონდა იმისათვის, რომ ჩემს თაობაზე არსებული კომპრომატების შესახებ გამოძიებისათვის ეცნობებინა. ხურციძე ცნობილია ასეთი გამოხტომებით. ის ამბობს, რომ უშიშროების კადრია და დარბის საჩივრებით. მათი მისამართით ვიტყვი, რომ ჯერ ქალაქს უნდა მიხედონ, ვინაიდან ხალხმა იმიტომ კი არ აგვირჩია, რომ ოჯახის წევრები დავასაქმოთ და ჩვენი საქმე მოვიწყოთ, არამედ იმისათვის, რომ ქალაქს მივხედოთ,“ –აღნიშნა გია გოქაძემ.

გია გოქაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა სახელაშვილმა. მისი თქმით, „კომისიის წევრების ნათესავების დანიშვნა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს და ეს არ არის ნეპოტიზმის ფაქტი, ამიტომ არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს იმის თქმის, რომ მათი დანიშვნა უკანონოა. თან, ჩვენ ვართ მოვალეობის შემსრულებლები და დროებით ვართ თანამდებობებზე“.

სახელაშვილი მერიაში დაგეგმილი კონკურსის დროში გაჭიანურებასაც  შეეხო. მისი თქმით,  27 ივნისს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა პარლამენტმა 8 ივლისს დაიწყო და ორ კვირაში მომდევნო განხილვა იქნება. „ამიტომ,  არ გვაქვს უფლება. კანონპროექტის განხილვის დასრულებამდე   წინასწარ გამოვაცხადოთ კონკურსი. დაველოდებით პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებას.“– ამბობს ირინა სახელაშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია