დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მცირე ბიზნესი, როგორც ეკონომიკური მოვლენა - პერსპექტივები და იმედები (R)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/12/27 11:09:42

 

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“, რომელიც ხორციელდება 2015 წლის ივლისიდან, დამასრულებელ ფაზაში შევიდა. გვინდა შევახსენოთ მკითხველს, რომ აღნიშნული პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნა. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი CTC.


საერთო ჯამში სამი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსდა 137 დამწყები მიკრო-მეწარმე, რაც ამდენივე სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.  დაფინანსებული მიკრო-ბიზნესების საოჯახო შემოსავალი საშუალოდ  30-40%-ით გაიზარდა. ყველა მათგანმა გაიარა ტექნიკური და პროფესიული ტრენინგები, საგადასახადო კონსულტაციები და მიიღო რჩევები ბიზნესის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით. სამოც სამიზნე სოფელში შეიქმნა დამატებითი სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მისაწვდომი გახდა სერვისები, რომლებიც ადრე არ არსებობდა.


СTC-ის ღრმა რწმენით, სოფლად ბიზნესის განვითარება რეალურ საფუძველს წარმოადგენს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისათვის. ერთის მხრივ, სოფლად ბიზნესის დასაწყებად გაცილებით ნაკლები სასტარტო კაპიტალია საჭირო. მეორეს მხრივ, ამ ფულის მოპოვებაც მოსახლეობას უჭირს, რადგან სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც ბევრი ვერ ახერხებს. ამიტომ ის, რომ პროექტი მუშაობს ჩვეულებრივ ადამიანებთან და აძლევს მათ დაფინანსების მიღების საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა.


ჩვენთვის საინტერესო იყო გასაუბრება რამდენიმე დაფინანსებულ მიკრო-მეწარმესთან. ვანის რაიონის სოფ. ამაღლებაში მცხოვრები რამაზ კაპანაძე 2017 წლის მაისში დაფინანსდა. მან გახსნა ფეხსაცმლის საამქრო, სადაც არემონტებს და კერავს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს. მოთხოვნამ  მის მომსახურებაზე მოლოდინს გადააჭარბა. ბატონ რამაზს უკვე კარგად იცნობენ როგორც ამაღლებაში, ასევე გარშემო სოფლებში. „ოქროს ხელები აქვს და ძალიან შეღავათიანი ფასები“ - იძახიან კმაყოფილი კლიენტები. თვითონ ბატონი რამაზიც კმაყოფილი და ამაყია თავისი ბიზნესით და იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან მოახერხებს მის გაფართოვებას.


„პირველ რიგში დიდ მადლობას მოვახსენებ ორგანიზაცია CTC-ის და პროექტის დონორს BP-ს, მათი მხარდაჭერის გარეშე მე ვერ შევძლებდი ჩემი ბიზნესის დაწყებას. დღესდღეობით მიკრო-ბიზნესის სტატუსი მაქვს“, - ამბობს ის. ეს ძალიან კომფორტული რეჟიმია აღრიცხვისა და დაბეგვრის თვალსაზრისით და ნამდვილად დასაფასებელია მსგავსი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ თუ ბიზნესი მოინდომებს გაფართოებას, ვინმეს დასაქმებას, ეს შეღავათები უქმდება. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესის წლიური ბრუნვა 100,000 ლარს გადააჭარბებს,  უნდა გადაიხადოს დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ალბათ, მარტო ჩემს აზრს არ გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მცირე მეწარმეობის, როგორც კლასის ჩამოყალიბებას.


რამაზი კაპანაძე, ფეხსაცმლის საამქრო, სოფ. ამაღლება.

 

საგადასახადო ტრენინგის შემდეგ ვფიქრობდი ამ თემაზე და, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გადახედავს აღნიშნულ ზღვარს, რომელიც თხუთმეტი წლის წინ დაწესდა, რადგან მას შემდეგ გაცილებით შეიცვალა ფასების დონე“, - ამბობს ბატონი რამაზი. რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი შეხედულებაა, თუმცა ნამდვილად არ არის ლოგიკას მოკლებული.


ცნობისათვის: ევროკავშირში მიკრო-ბიზნესის სტატუსი აქვს საწარმოს, რომელშიც დასაქმებულია არა უმეტეს ათი ადამიანისა და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება ორ მილიონ ევროს.

 

მადლიერებას პროექტის და მისი დონორის BP-ს მიმართ გამოხატავს ბევრი სხვა დაფინანსებული მიკრო-მეწარმეც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმეს მაინც განსაკუთრებით აღვნიშნავდით. მაგალითად, ქ-ნ ნინო ბრეგვაძეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ბერეთისადან, რომელმაც სამკერვალო გახსნა და უკვე მოასწრო სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - საგრანტო კონკურსში გამარჯვება და საქსოვი დაზგის შეძენა, ქალბატონ ლარისა ნებიერიძეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საქარიდან, რომელმაც 2017 წლის მაისში ხილის საშრობი დაარსა და ასევე გაიმარჯვა „აწარმოე საქართველოში“-ის საგრანტო კონკურსში. ახალგაზრდა ქალბატონ მირანდა ბურჯანაძეს, სოფ. ტყლაპივაკიდან, რომელმაც ორი წლის წინ ნულიდან დაიწყო და დღეს მისი საფუტკრე მეურნეობა 30 ოჯახს მოიცავს, ბატონ გრიგოლ დვალს, რომელიც დახვეწილ ავეჯის გარნიტურებს ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხენთაროში. ყველა ისინი მადლობას უხდიან პროექტს საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობისთვის, რითაც მათ არამარტო შემოსავალი გაზარდეს, არამედ სტიმული მიეცათ იფიქრონ შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული მიკრო-მეწარმეები ხაზს უსვამდნენ, რომ მათთვის სწავლება თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მიღებული დაფინანსება.


პროექტის ფარგლებში დაინერგა ასევე საინტერესო სიახლე „მენტორობა“ - როდესაც შედარებით გამოცდილი და წარმატებული მიკრო-მეწარმეები, ანუ მენტორები, გამოცდილებას უზიარებენ და რჩევებს აძლევენ თავიანთ ახალბედა კოლეგებს.


მენტორების შერჩევა მოხდა კონკურსის საფუძველზე - შერჩეული იქნა ყველაზე უნარიანი და მოტივირებული ადამიანები პროექტის წინა და ამჟამინდელი ფაზებიდან, ვისაც არა მარტო კარგი ბიზნეს-შედეგები ჰქონდა, არამედ შესაბამისი პიროვნული თვისებებიც გააჩნდა. მენტორები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, დაწყებული საგრანტო კონკურსებიდან და დამთავრებული პრაქტიკული კონსულტაციებით ადგილებზე. ისინი კარგად იცნობენ ბიზნესის ადგილობრივ კონტექსტს, ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, გავლილი აქვთ განვითარების იგივე ეტაპები და შეუძლიათ ღირებული კონკრეტული რჩევების მიცემა. პროექტის მენეჯმენტის თქმით, მენტორების მიერ მონახულებული ბიზნესების ნახევარზე მეტმა პრაქტიკულად დანერგა მათი რეკომენდაციები და გააუმჯობესა სამეურნეო საქმიანობის შედეგები.


ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ პროექტის ერთ-ერთ მენტორს, მამუკა იმნაძეს, სოფ. გვიმბალაურის მკვიდრს, რომელიც 2015 წლის ბოლოს დაფინანსდა და ფუტკრის რძეს აწარმოებს.

 

პროექტის მენტორი მამუკა იმნაძე სოფ.ქვემო ჩიბათში.

 

„პროექტში მონაწილეობა ჩემთვის მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილება გახდა,“ - ამბობს ის. „ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ყოველთვის ვცდილობდი ახალი ცოდნის შეძენას და გაზიარებას ახლობლებისთვის, მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ჩემი ცოდნის გადაცემა დამწყები კოლეგებისთვის. მეამაყება, რომ შევძელი კონკრეტული სარგებლის მოტანა. ბედნიერი ვარ, როცა მესმის მადლობის სიტყვები. პირველ რიგში, ვცდილობ ვუბიძგო ადამიანებს თავისი რესურსების ეფექტიანად გამოყენებისკენ. მენტორობის შედეგად მე გავხდი უფრო თავდაჯერებული, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, იმედი მაქვს, რომ ისინი კმაყოფილი არიან ჩემთან ურთიერთობით. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მეც პროფესიული კონსულტანტი გავხდე“.


პროექტის გუნდის თქმით, მამუკა არის მცოდნე, უაღრესად კეთილსინდისიერი და ამავე დროს მოკრძალებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, აქტიურად მონაწილეობს მეფუტკრეების პროფესიულ შეხვედრებში და ფესტივალებში. ადამიანები ხედავენ, რომ მას გულწრფელად სურს დახმარება და მუდმივად ეკონტაქტებიან ტელეფონით, რჩევებს ეკითხებიან.


პროექტის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად, ალბათ, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მიკრო-მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტმა რეალური და საინტერესო შედეგები გამოიღო. ჩვენი აზრით, სოფლის პირობებში მიკრო-ბიზნესები, მიუხედავად გარკვეული რისკებისა, არის ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მართებული ფორმა, რადგან ისინი არიან მოქნილები, აქვთ მინიმალური დანახარჯები, სწრაფად რეაგირებენ  კონიუქტურის ცვლილებებზე, სოფლად ნაკლებია კონკურენტების რაოდენობა. მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ ისინი კარგად იცნობენ თავიანთ კლიენტურას.


წარმატებას ვუსურვებთ პროექტს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში.


ნატა გულბანი

(R)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია