დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედიელი მუშები თავიანთი განცხადებების ბედით დაინტერესდნენ
2012/04/23 11:58:35

სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, სავარაუდოდ, ამინდების გამოსვლას უცდის. იგი  ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. დაახლოებით ორი თვის წინ, მშენებლობასთან დაკავშირებით სამტრედიის  მოსახლეობას განუცხადეს, რომ მუშებს მიიღებდნენ. მაგრამ, ჯერჯერობით, არც ერთი მუშა იმათგან, რომლებმაც განცხადება სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეიტანეს, არ დასაქმებულა.

 

 

ახლახან „P.S.“-ს დაუკავშირდენენ სამსახურის მომლოდინე ადამიანები და დახმარება ითხოვეს, რომ გაეგოთ, სად შეიძლება ნახონ, ან ვის მიმართონ, რომ დარწმუნდნენ - მათი განცხადება ნამდვილად არის გადაცემული მშენებლობის წარმმართველ კომპანიაზე ან რომელიმე კომპეტენტურ პირზე.

ოთარ ნ.: „ორი თვის წინ დავწერეთ განცხადება გზის მშენებლობაზე დასაქმებასთან დაკავშირებით. გავიდა ორი თვე და არავინ დაგვკავშირებია. მივმართეთ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მათ ქუთაისში გადაგვამისამართეს მიშა ფხაკაძესთან, თუმცა  ჩვენს მიერ დაწერილი განცხადებები მასთანაც ვერ ვიხილეთ. მიზეზად კი დასახელდა, რომ უკვე გადაცემულია კომპანია „აკორდის“ ხელმძღვანელობისთვისო“.

მერაბ ვ.: „პირადად ვიმყოფებოდი ქუთაისში, მერიაში და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. მინდოდა, მენახა ის განცხადება, რომელიც ჩვენი სოფლის რამდენიმე კაცმა დავწერეთ და დავრწმუნებულიყავით, რომ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმედი მუშაობის დაწყების, რადგან დადის ჭორი, რომ ეს მიღებები თვალის ასახვევად არის გამოყენებული და  მუშები უკვე შერჩეული ჰყავთ წინასწარო. ჯერჯერობით ჩვენი სოფლიდან არავინ არ დასაქმებულა. გვაინტერესებს, როდის უნდა ველოდოთ დასაქმებას?“

ვითარებაში გასარკვევად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსს მიხეილ ფხაკაძეს დავუკავშირდით:

„ყველა განცხადება, რომელიც შემოსულია ჩემთან, გადაგზავნილია კომპანიაში. როდესაც დაიწყებენ აქტიურ ფაზაში მუშაობას, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მივიდეს და, პროფესიის მიუხედავად, დაწეროს განცხადება, - აღმოუჩენენ დახმარებას. სხვა ინფორმაციისათვის შეგიძლიათ კადრების განყოფილების უფროსს დაუკავშირდეთ და მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას. აქამდე სრული დატვირთვით მუშაობის დაწყებას უამინდობა უშლიდა ხელს და ახლა დაიწყება აქტიური მუშაობა ამ საკითხზე. ჩვენი მხრიდან ყველანაირად შევუწყობთ ხელს, ვინც კი ჩვენამდე მოვა. ამ კომპანიას აქვს ოფისები რაიონებში და, ვთქვათ, თუ იქ ვერ მოახერხეს პასუხის გაცემა ნორმალურად, მე შემიძლია ამ ადამიანებს დავეხმარო ჩემი მხირდან, რაც შესაძლებელი იქნება. ეგ პრეტენზიები კი პირველად მესმის თქვენგან.“

სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ აწარმოებს. იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ძლიერი სამშენებლო კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება საავტომობილო გზებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაა. საქართველოში აკორდი-ჯგუფმა უკვე მრავალი პროექტი განახორციელა.

ქუთაისის ოფისის კადრების განყოფილებაში აღნიშნული პრობლემის შესახებ განგვიცხადეს:

„აღნიშნულ მშენებლობაზე დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივები და ერთი სოფლიდან მეტი დასაქმდება თუ მეორედან ნაკლები, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. სამტრედია, ზესტაფონი და ქუთაისი არის ჩვენთვის ადგილობრივი. რამდენსაც შეძლებს კომპანია დასაქმებას, იმდენს დაასაქმებს. მიღება გაგრძელდება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში. რამდენიმე მეტრის მშენებლობას ცოტა მუშახელი სჭირდება, ხოლო დიდ მონაკვეთს - უფრო მეტი, ამიტომ, შესაბამისად, მეტი ადამიანი დასაქმდება, როდესაც დიდ მანძილზე დავიწყებთ მშენებლობას. ამ ეტაპზე,  რისი საშუალებაც ჰქონდა კომპანიას მოკლე მონაკვეთის მშენებლობაზე, მიღებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ნელ-ნელა დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდდამხოლოდ,“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანია „აკორდის“ კადრების სპეციალისტმა ამირან ქიმაძემ.

ჯერჯერობით, მშენებლობა სრული დატვირთვით არ მიმდინარეობს და მუშების რაოდენობაც მცირეა, თუმცა უნდა ვიმედოვნოთ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწერეს, ყურადღების გარეშე არ დარჩება.

  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია