დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაზის გაზვიადებული პრობლემა გოდოგანში
2011/06/06 12:52:53

ამ დღეებში გოდოგნის რამდენიმე მკვიდრი წყალწითელას უბნის ცენტრში, ბუნებრივი აირის გადმოყვანასთან დაკავშირებით, „იტერას“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრამ, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების, კულმინაციურ, წინა დღეს დაემთხვა, უამრავი კითხვა გაუჩინა მოსახლეობას...

 

 

ზუსტად ერთი წლის წინათ, მოსახლეობის თხოვნით, წინამდებარე სტატიის ავტორმა „პოსტსკრიპტუმის“ მკითხველებს გოდოგნელთა პრობლემები გააცნო. აქცენტი გამახვილებული იყო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის გადმოყვანასთან დაკავშირებით. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებას 2013 წლისათვის გაუთვალისწინებია. მაგრამ, სრულიად მოულოდნელად,  რამდენიმე ქალბატონს, „უჩემოდ  ვინ იმღერეთა“-ს პრინციპიდან გამომდინარე, გადაუწყვეტია, ახალი ხელმოწერებით მიემართა ამა წლის სექტემბრამდე გაზის გადმოყვანის მოთხოვნით.

სწორედ ეს გახლდათ ზემოხსენებული თავყრილობის მიზეზი.

„იტერას“ თერჯოლის ოფისის დირექტორთან, ბატონ ბოკერიასთან შეხვედრისას, „აქტივისტი მანდილოსანი“ ხმამაღლა, საკუთარი ღირსების გადამეტებული შეგრძნებით, ლაპარაკობდა, რომ იგი აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით ეახლა პარლამენტის წევრს, რომელიც თითქოს, საჩუქრის სახით, პირადად მას დაჰპირდა ცენტრალური მაგისტრალიდან 750 მეტრი სიგრძის მილის გადმოყვანას. რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთს, ის მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით უნდა გადმოიყვანოსო. მაგრამ ამ ყველაფრისათვის კი თითოეულმა კომლმა, ჯერჯერობით, ათას-ათასი ლარი გადაიხადოსო, - გარკვევით დასძინა აქტივისტმა. როცა ბატონ ბოკერიას ერთ-ერთმა დამსწრემ სახელმწიფო პროგრამა უხსენა, „იტერას“ მესვეურს ეს ამბავი აშკარად არ მოეწონა. ერთმა მაამებელმა კი ამის მთქმელს ისიც უსაყვედურა, „ამხელა დიდკაცს“ ეს როგორ შეჰკადრეო.

აზრთა ურთიერთგაცვლისას „ბოროტი ხმები“ იმასაც გადმოსცემდნენ, ახალი ხელმოწერების შეგროვებისას წინასწარ ფულსაც კი ითხოვდნენო; ზოგი ოთხას ლარს ასახელებდა, მავანი - შვიდასს. აღშფოთებულმა მოსახლეობამ ისინი უარით გამოაბუნძულაო.

შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებით ერთი რამ უდავოა: მოსახლეობამ ბევრჯერ მოაწერა ხელი გაზის, გზისა და ელექტროენერგიის შესახებ მოთხოვნებს. ახალ ხელმოწერებსაც ამ მიზეზით დასთანხმდა, და არა - წილობრივი დაფინანსების მიზნით. მოსახლეობა ითხოვს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის გადმოყვანას არა მხოლოდ ას ორმოცდაათ ოჯახში, არამედ - მთელი გოდოგნის არეალზე; გაზი გადმოყვანილ უნდა იქნას უმტკივნეულოდ, ისე, როგორც ეს გაკეთდა საქართველოს სხვა რეგიონებში.

ხალხში მდგომმა, გოდოგნის გამგებელმა გია ამბროლაძემ, რომელიც კეთილსინდისიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს, და ასევე საკრებულოს წევრმა მარატი ხუციშვილმა დაადასტურეს 2013 წლისათვის საკითხის მოგვარების შესაძლებლობა. მაგრამ, უცბად, საიდანღაც გამოცხადებული, ადგილობრივი წარმოშობის ზოგ-ზოგი წვრილფეხა მოხელე, საკუთარი ავტორიტეტის მოშველიებით, უმოკლეს ვადაში გაზის გაყვანას დაჰპირდა თავშეყრილებს. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, იგი უანგაროდ, ისე, რომ პარლამენტის დეპუტატობაც  კი არ უნდა, ისე, თავისი  ძლევამოსილების    მეოხებით,   „ჩააწყობს“   ამ   ამბავს.  რასაკვირველია, იქ დამსწრე საზოგადოებამ ადვილად „დაიჯერა“, რომ სამაგიეროს არავინ ითხოვს. მხოლოდ ხალხისა და ამ პუბლიკაციის შემქმნელს უნდა ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრის თანამდებობა, აცტეკების ტომის კასიკობა, ან ეგვიპტის ფარაონის ტახტი...

დასასრულ, გამოკვეთილად ერთ გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი: კრებაზე მყოფი ადამიანებიდან განსაკუთრებით ისინი აქტიურობდნენ, რომელთაც ახლობლები საზღვარგარეთიდან არჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ გოდოგნელები ღატაკები არ არიან, მოსახლეობის 90%-ზე მეტს არა აქვს გადასახდელი ზედმეტი, ათას-ათასი ლარი.რაც შეეხება პირად ამბიციას, ამ სტატიის ავტორი იმ შემთხვევაში შემოიყვანს ბუნებრივ აირს ოჯახში, როცა უკვე მთელი გოდოგანი იქნება გაზიფიცირებული. ასე რომ, ვინმეს მხრიდან იმის ქადილი, აქ მე ვარ და გორს იქით - ამირანიო, იგივეა, რაც მწვანე კიტრივით თავის მოწონება.

 

ნუგზარ გულორდავა,

აკადემიკოსი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია