დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კავკასიელი ჟურნალისტები 8 მულტიმედიურ პროექტს მოამზადებენ
2012/09/17 14:41:23

„დამოუკიდებელი მედია ადამიანებს აძლევს შანსს, რათა იბრძოლონ,“ -  ასეთი დევიზი აქვს ჰოლანდიურ ორგანიზაციას „Free Press Unlimited“ (შეუზღუდავი თავისუფალი პრესა), რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ჟურნალისტების პროფესიულ გადამზადებას ეწევა.

სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი: „ჟურნალისტები - დემოკრატიის აგენტები“, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დახელოვნებას მულტიმედიაში, რაც, თავის მხრივ, ახალი მიმართულებაა თანამედროვე მედიაში. და რადგანაც პროგრამა გათვლილია არა მხოლოდ ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზეც, მისი მიზანი მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიულ დეტალებზე ორიენტირება არაა, ის სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საერთო პრობლემების გაცვლასა და ამ პრობლემების ანალიზსაც მოიცავს.

„ეს პროექტი სამივე ქვეყნის წარმომადგენლებს დაეხმარება გაანალიზონ, თუ რა მსგავსება და რა განსხვავებაა იმ გარემოში, სადაც ჟურნალისტებს მუშაობა უწევთ... მით უმეტეს რომ სამივე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია,“ - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, პიტერ იან ლანგენბერგმა.

ელჩმა ტრენინგის გახსნაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგისთვის 24 ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კონკურსის გზით შეირჩა. ტრენინგს ოთხი სპეციალისტი უძღვებოდა - აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი რენა ეფანდი, სომეხი ჟურნალისტი ონიკ კრიკორიანი, ჰოლანდიელი დოკუმენტალისტი ჯეკ ჯენსენი და ბრიტანელი ინტერნეტსპეციალისტი ჩარლ კრიელი.

ტრენინგი ხუთ დღეს მოიცავდა, მომდევნო ორ თვეს ჟურნალისტები, ჯგუფურ პროექტებზე იმუშავებენ, ხოლო საბოლოო მულტიმედიური პროექტების პრეზენტაცია დეკემბერში გაიმართება. სულ 8 ასეთი პროექტი უნდა მომზადდეს. თითოეულ პროექტზე ერთი ქართველი, ერთი სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იმუშავებს. როგორც პროექტის კოორდინატორი ალბანა შალა ფიქრობს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიიაში მულტიმედიის ჟურნალისტთა ქსელის შექმნას, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოში - „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, აზერბაიჯანში -  „კოალიცია გამოხატვის თავისუფლებისათვის“ და სომხეთში - „ერევნის პრეს-კლუბი“.

 ნათია ბილიხოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია