საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ლაზი ვორე“ - ლაზი მწერლის წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
„ლაზი ვორე“ - ლაზი მწერლის წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2416
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ლაზ მწერალ უმით ოსმანაღაოღლუს უმასპინძლეს. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუდენტები და წიგნის მოყვარულები დაესწრნენ.

 

5 ნოემბერს ლაზი მწერალის  უმით ოსმანაღაოღლუს წიგნის „ლაზი ვორე“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

 

მწერალმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიგნი საქართველოს და ქართველების სიყვარულს მიუძღვნა.

 

„დიდი ხანია დავდივარ საქართველოში, ბევრი მეგობარი მყავს და ვიტყვი, რომ  ჩემი  მეორე   სამშობლოა.   წიგნი  „ლაზი ვორე“,  რომლის პრეზენტაციაც გაიმართა, საჩუქარია ქართველი ხალხისადმი. მათგან მიღებული სიყვარულის სანაცვლოდ,“ - განაცხადა მწერალმა.

 

სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებმა უმით ოსმანაღაოღლუსგან უნდა ისწავლონ,  როგორია სამშობლოს სიყვარული და, ამავდროულად, რა დიდია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.

 

 

***

 

უმით ოსმანაღაოღლუ (ბატონიშვილი) დაიბადა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოფაში, ცნობილ ლაზურ თავადურ ოჯახში.

 

მშობლიურ მიწაზე გატარებული  ყოველი წუთი მის ბავშვურ გონებაში ღრმად აღიბეჭდა, რაც კარგად ჩანს მისსავე წიგნში „ლაზი ვორე“, ანუ „მე ვარ ლაზი“.

 

უმითი პროფესიით მშენებელ-რესტავრატორია, როგორც თავად ამბობს, პროფესია იმიტომ შეარჩია, მშობლიურ კუთხეში ძველებური სახლები საკუთარი სახსრებით რომ გადაერჩინა.

 

დაახლოებით 10 წლის წინ, უმითმა შეასრულა მამის დანაბარები - ლაზეთში, კერაზე ცეცხლი არ ჩააქრო და დაბრუნდა ხოფაში.

 

სწორედ ხოფაში იწყება მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. ის უღრმავდება, ეცნობა, ინტერესდება ყველა იმ საკითხით, რაც ადრე მამა-პაპათაგან, თუნდაც ლამაზი ზღაპრის სახით მოუსმენია. ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის პირვანდელი განცდები თავის წიგნში აქვს გაზიარებული. მან დაიწყო საქართველოს შემოვლა, ეცნობოდა კუთხეებს, იცნობდა ადამიანებს. როგორც თავად ამბობს, ამ საინტერესო გზაზე მან ბევრი მეგობარი შეიძინა.

 

სწორედ ამ გზაზე გაიცნო უმითმა ქართველი ქალბატონი ლია ბახუტაშვილი და თავისი ცხოვრების თანამგზავრად გაიხადა. ამ ქორწინებით ის კიდევ უფრო დაუახლოვდა თავის ისტორიულ სამშობლოს.

 

უმითი ცდილობს, აუხსნას და ასწავლოს ლაზებს მათი წარმომავლობა, ისტორია. ჩაუნერგოს საქართველოს, როგორც ისტორიული სამშობლოს სიყვარული.
2012 წლის 30 მაისს უმით ოსმანაღაოღლუს გადაეცა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა (გურჯები, ფერეიდანელები, ლაზები, ინგილოები) კონკურსში გამარჯვებისათვის მე-3 ადგილი თემისათვის „მე ვარ ლაზი - მაშასადამე ქართველი“. ეს დიპლომი მას სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი ხელით გადასცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

 

იქამდე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და დღეს ის ორივე ქვეყნის მოქალაქეა. ასევე თავისი სურვილით შეიძინა საკუთარი სახლი შუაგულ იმერეთში, ხონში. ხოლო ამა წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უმით ოსმანაღაოღლუს ქართული კულტურისა და ლაზური ენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, მიანიჭა მცხეთის საპატიო მოქალაქეობა.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია