დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
120-ე სეზონის პირველი პრემიერა ჭიათურის თეატრში
120-ე სეზონის პირველი პრემიერა ჭიათურის თეატრში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2632
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ჭიათურის დრამატულ თეატრს გასული წლის დეკემბერში საიუბილეო ასაკი შეუსრულდა, თუმცა არ აღნიშნულა, რადგან თეატრის ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ 2015 წელი იქნებოდა საიუბილეო. თეატრი საჭიროებს შენობის მნიშვნელოვან რეაბილიტაციას (დარბაზი, სცენა, სკამები) და ნაწილობრივად - რეკონსტრუქციასაც. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ცერცვაძის, აზრი, რომ ჭიათურაშიც უნდა იყოს მცირე დარბაზი, მოწონებულია მსახიობების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაყურებელთა მხრიდან. მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 ათასი ლარით ჭიათურის გამგებელი სცენის რემონტს გეგმავს, თუმცა,  კულუარულად საუბრობენ  შენობის მთლიან რეაბილიტაციაზეც.

 

31 მარტს ჭიათურის დრამატულმა თეატრმა წლის პირველი პრემიერა აჩვენა მაყურებელს. მოწვეული რეჟისორის, კახა გოგიძის, მიერ დაიდგა სპექტაკლი „მუსუსი“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა.

 

სპექტაკლს დაესწრნენ სხვადასხვა თაობის მაყურებლები, ქუთაისისა და ახალციხის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. წარმოდგენის დასრულებამდე დარბაზმა რამდენჯერმე ვერ შეძლო ემოციის მართვა და სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე ხანგრძლივი ტაშით აღინიშნა  თეატრალური პროფესიონალიზმის გამოვლინება.

 

მცირე სადადგმო ხარჯების მიუხედავად (2771 ლარი) სცენა და კოსტიუმები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ მხატვრებს, ნანა ყორანაშვილს და ლელა ფერაძეს, მადლობას უხდიდნენ მაყურებლებიც.

 

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჩვენ რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ კომენტარი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

 

ზურაბ კაპანაძე (მაყურებელი): „ჭიათურის თეატრი იმდენად განსაკუთრებული ისტორიისა, რომ მასზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. საკმარისია, ვახსენოთ, რომ თავის დროზე ჭიათურის თეატრის წარმოდგენებს ესწრებოდნენ ვაჟა ფშაველა და აკაკი წერეთელი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი თეატრი იმ შესანიშნავი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებაა.“

 

 ლია სულუაშვილი (ახალციხის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი): „ჩვენ დღეს ჭიათურაში ვნახეთ სპექტაკლი, რომელიც ორგანული და მონოლითურია. თითქოს თავიდან გადაჭარბებულად მეჩვენა აღმოსავლურ-ქართული კილო, მაგრამ რამდენიმე წუთში შემეცვალა წარმოდგენა, რადგან დიალექტურმა მიქსმა შექმნა კოლორიტული ეფექტი სცენაზე. წარმატებებს ვუსურვებ ჭიათურის, და ზოგადად, რეგიონების, თეატრებს.

 

ე.წ. „წერეთლის 3,5 მილიონის“ ხარჯვასთან დაკავშირებით ჭიათურის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ მანგანუმის მეწარმეებისგან გადახდილი ბუნებრივი მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯამურად 2015 წლიდან 3,5 მილიონი ლარი ან მეტი იქნება, აუცილებლად მოხმარდება თეატრის აღორძინებასა და პერსპექტივებს.“

 

სულხან მახათაძე (ჭიათურის გამგებელი): „ჩვენ გვაქვს უნიკალური თეატრი და არა მარტო მატერიალური დახმარება სჭირდება მას. სირცხვილია, როცა მუნიციპალიტეტში ასეთი დონის თეატრია და მისი წარმოდგენები არ ექნება ნანახი მოსწავლე-ახალგაზრდობას. ვგეგმავთ თეატრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივ აქციებს, რაც გულისხმობს ბავშვების სპექტაკლებზე ინტენსიურად დასწრებას. ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ბუნებრივია, რომ თეატრისთვის ეს საჭიროა, თუმცა ახალგაზრდების ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებისთვის თეატრში სიარული აუცილებელი და უფრო მეტად საჭიროა.“

 

მალხაზ წერეთელი (ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი): „ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ბუნებრივი მოსაკრებლის გაზრდით ჭიათურის თეატრს აუცილებლად უნდა გამოეყოს დამატებით თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს იმ ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც შეინარჩუნეს და განავითარეს ჭიათურის თეატრი. ჩემთვის უცხო არ არის ჭიათურის თეატრის პრობლემები. აუცილებლად სჭირდებათ ტრანსპორტი, შიდასარემონტო ღონისძიებები, მცირე დარბაზი, მატერიალური წახალისება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიათურის თეატრი პროგრესის ნაცვლად კვდომას დაიწყებს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობამ დაივიწყა 90-იან წლებში თეატრის გზა და კარი, ახლა ჩვენ ამ ხარვეზის დასაძლევად უნდა ვიშრომოთ. მჯერა, რომ ჭიათურის თეატრი თავის ტრადიციულ დიდებას არ დაკარგავს და ქართული კულტურის ისტორიაში კვლავ ექნება ღირსეული ადგილი.“

 

მარიამ შეყილაძე (მოსწავლე): „აქ ხშირად დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ თეატრამდე ჩემი სახლიდან 30 კილომეტრია. ძალიან მიყვარს ჭიათურის თეატრი, ძალიან კარგ სპექტაკლებს გვიჩვენებენ ხოლმე და მსახიობებს როლების მიხედვით ვიცნობ. ძალიან მომწონს ამ თეატრის ლამბალო, ყაშა, ახლა უკვე მუსუსიც, ყინულის დედოფალიც და ექიმიც. იმედი მაქვს, ჩემი მშობლები ხელს შემიწყობენ და სპექტაკლზე წამომიყვანენ ხოლმე. ამბობენ, რომ სკოლები უფრო მეტად ჩაერთვებიან თეატრალურ ცხოვრებაში, ამას სკოლის დირექცია, ადგილობრივი ხელისუფლება და „ჯორჯიან მანგანეზი“ გვპირდება.

 

კახა გოგიძე (დამდგმელი რეჟისორი): „მიხარია, რომ სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. იმდენად მაღალკვალიფიციური დასი დამხვდა ჭიათურაში, რომ აქაურ მსახიობებთან მუშაობა კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის. ის ელემენტები, რომლითაც „მუსუსი“ გავამდიდრე, ჩემი აზრით, ეფექტური აღმოჩნდა. როგორ რეაქციასაც ველოდებოდი დარბაზისგან, ზუსტად ის მივიღე. ქორეოგრაფიული, ავანგარდული, გროტესკული ელემენტები ამ სპექტაკლის კოლორიტული ნაწილებია. კრიტიკული თვალით ვუყურებდი სპექტაკლის მსვლელობას და, ვფიქრობ, მასში არ არის რამე შესაცვლელი. ყველა ნიუანსი გათვლილი მქონდა და ყველამ გაამართლა. იმედია, ამის თქმას თავმოწონებად და ტრაბახად არ ჩამითვლიან. ჭიათურის თეატრმა დღეს თავისი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ თეატრის ადმინისტრაციას, მსახიობებსა და მაყურებლებს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია