დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გულის უკმარისობის დროს რეჟიმისა და სწორი მკურნალობის მნიშვნელობა
გულის უკმარისობის დროს რეჟიმისა და სწორი მკურნალობის მნიშვნელობა
სულ ნანახია 5909
ავტორი:

დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალის კარდიოლოგის, ზურაბ კლიმიაშვილის რჩევა

 

 

გულის უკმარისობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიცკი  65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტთა საავადმყოფოში მოთავსების მთავარი მიზეზია. გულის ქრონიკული უკმარისობა ხშირად ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაავადების პირველ ძირითად სიმპტომებს - ქოშინს, ადვილად დაღლასა და გულის ცემის სიხშირის გაზრდას - უმნიშვნელო მოვლენებად მიიჩნევს, სხვადასხვა ახსნას უძებნის და სამკურნალო დაწესებულებას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია. ამიტომ, ყველა საეჭვო შემთხვევაში დროულ კონსულტაციას კარდიოლოგთან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების წყალობით შეიძლება გულის უკმარისობის  წარმატებით მართვა და პაციენტისათვის არამარტო სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ კომფორტული და ჰარმონიული ცხოვრების უზრუნველყოფა.

 

პროგნოზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გულის უკმარისობის გამომწვევ პათოლოგიაზე, მის სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის ასაკზე, გამოყენებული მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობაზე, პაციენტის ცხოვრების სტილსა და სხვა ფაქტორებზე.

 

გულის უკმარისობის, ისევე როგორც დაავადებათა უმრავლესობის, მკურნალობისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ე.წ. ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს  ჯანსაღ კვებას, რეგულარულ, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, ნორმალურ ძილს.

ჯანსაღი კვების რეკომენდაციებში მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში თანაბრად განაწილებული 4-ჯერადი კვება ზომიერი ულუფებით, ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 3-4 საათით ადრე უნდა იყოს, საკვები რაციონი არ უნდა იყოს დატვირთული ძნელად მოსანელებელი (ცხიმში შემწვარ-მოხრაკული, კონსერვები, ძეხვეული, შებოლილი, დამარილებული და ა.შ.) პროდუქტებით. უნდა კონტროლდებოდეს დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ოდენობა. ამ  უკანასკნელის დასაშვები დღიური რაოდენობა თანამედროვე ხედვით, დაახლოებით, 5-6 გრამია. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა  შესაძლოა 1,2-1,5 ლიტრი იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამაში შედის ყველა თხევად საკვებში (ჩაიში, კომპოტში, წვნიან კერძში) არსებული სითხე. უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მიღებული და გამოყოფილი სითხის ბალანსს,  კერძოდ, მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა იყოს გამოყოფილზე მეტი, რისი გაკონტროლებაც ხშირად საკმაოდ გაძნელებულია, ამიტომ ძალიან საინტერესოა ექიმის რჩევა იმის შესახებ, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს სახლში ჰქონდეთ სასწორი და ყოველ დილით ადგომისას შეამოწმონ სხეულის წონა. თუ ჩვეული კვების პირობებში დააფიქსირეს, რომ წონა მატულობს, ამის მიზეზი, როგორც წესი, ორგანიზმში დარჩენილი ზედმეტი სითხეა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციით, მედიკამენტურ  მკურნალობაში შეტანილი გარკვეული კორექტივები მალევე აგვარებს პრობლემას და თავიდან აცილებს გართულებებს.

15-20 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ გულის უკმარისობისას პაციენტთა  ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეზღუდული უნდა ყოფილიყო. ამჟამად ეს შეხედულება შეიცვალა. დადგენილია, რომ დოზირებული ფიზიკური დატვირთვა არამცთუ ზიანს აყენებს პაციენტს, არამედ ზრდის მის ამტანობას და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს. გარდა ამისა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ხარისხს. ბუნებრივია, დატვირთვის ხასიათისა და მიზანშეწონილობის თემა ინდივიდუალურია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

 

 გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა და ხშირად ის ასოცირებულია ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებასთან და პაციენტთა უიმედო-დეპრესიულ განწყობასთან. აქ უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე კარდიოლოგიას გააჩნია საკმარისად ბევრი მედიკამენტური და არამედიკამენტური საშუალებები, რომელთაც ძალიან მაღალი დონის კვლევებში დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა დაავადების მართვაში და დღეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფონზე, სწორად დანიშნული მედიკამენტური მკურნალობით გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ იცხოვრონ სიმპტომებისა და მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.

 

ბოლოს კიდევ ერთი რჩევა, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმა კონსულტაციისათვის კარდიოლოგს უმჯობესია მიმართონ მაშინ, როცა თავს ნორმალურად, კარგად გრძნობენ. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე უკვე გართულებული მდგომარეობით მისვლა. თანამედროვე კარდიოლოგიის არსენალში საკმაოდ ბევრი საშუალებაა იმისათვის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად შეფასდეს მდგომარეობა, გართულებების რისკი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორექტივები იქნას შეტანილი მკურნალობაში.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია