საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას ითხოვენ ბარდაველიძეები?
2012/03/19 13:24:29

„კაცი ვკვდები, მოძრაობა არ შემიძლია და, შვილის ბინას რომ შევაფარო თავი, იმის უფლება არ მაქვს?“

 

პირველი ჯგუფის ინვალიდი, 74 წლის ჟორა ბარდაველიძე, უკვე წლებია, საწოლს არის მიჯაჭვული. ურთულესი დაავადების გამო, უამრავი წამალი და მკურნალობა სჭირდება. მას ცენტრალური ნერვული სისტემის ანთება აქვს და წელს ქვემოთ მოწყვეტილია, რის გამოც ლოგინში მწოლიარეც ვერ ახერხებს გადატრიალებას. მისი მეუღლე, 73 წლის ელენე ბარდაველიძე მეორე ჯგუფის ინვალიდია.  

 

„42 წელი წყალტუბოს ტუბდისპანსერში ვმუშაობდი და სწორედ იქ მივიღე დაზიანება, რის გამოც დამეწერა მეორე ჯგუფის ინვალიდობა,“ - გვითხრა ქალბატონმა ელენემ.

ბარდაველიძეების ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სოციალურ დახმარებას იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დროებით საცხოვრებლად შვილის ოჯახში გადავიდნენ, ეს დახმარება შეუწყვიტეს. შვილი, წლებია, საქართველოში არ იმყოფება და შედარებით დაბალ სართულზე ცხოვრობს, ვიდრე თავად ბარდაველიძეები, ამიტომ ინვალიდი ხანდაზმულებისთვის საცხოვრებლად მეორე სართული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე - მეოთხე, მით უფრო, რომ მათ დამხმარე არავინ ჰყავთ სახლში.

ელენე ბარდაველიძე: „ვღებუ-ლობდით დახმარებას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ახლა ჩემი შვილის ბინაში ვცხოვრობთ. როდესაც მოვიდნენ და შეამოწმეს, ძველებური მაცივარი ნახეს და ამით მაღალი ქულები დამიწერეს, თორემ თქვენც კი ხედავთ, რომ განსაკუთრებული არაფერი აქვს არც ჩემს შვილს. ჩემს ბინას გაჩვენებთ-მეთქი, რომ ვუთხარი, არ აქვს მნიშვნელობაო, - მიპასუხეს. მეზობელთანაც რომ იყოთ და იქ მოვიდე, მაინც იმას შევაფასებთ, რაც იქნებაო. 111 ქულა მომცეს მაცივარში და მე ვუთხარი, მაცივარი თუ მაქვს, შეიხედე შიგნით და ნახე, რა დევს-მეთქი.“

ჟორა ბარდაველიძე: „რომ მოვიდნენ და ნახეს, ვუთხარი, შვილის ბინაა, ჩემთან არც გათბობა მაქვს, არც არაფერი-მეთქი. თუმცა არც აქ მაქვს გადასარევი გათბობა, ჰოდა, სანამ ბავშვი ჩამოვა, მანამდე აქ ვცხოვრობთ-მეთქი. კაცი ვკვდები, ვერ ვდგები, ვერ ვმოძრაობ და შვილის ბინაში არ შეიძლება რომ ვიყო-მეთქი. ქალს აღარ შეუძლია სიარული მეოთხე სართულზე და ვეღარ ადის და ჩამოდის. პური მინდა, თუ წამალი მინდა მომხმარე არავინ მყავს. ეს დანაშაულია, კაცო?“ - აღნიშნავს ოჯახის უფროსი.

როგორც  უკვე აღვნიშნეთ, ცოლ-ქმარი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებია. ოდნავი გადადგილებაც კი დიდი შრომის ფასად უჯდებათ ორივეს. იმისათვის, რომ ბატონმა ჟორამ მეუღლეს ჯაფა შეუმსუბუქოს, თოკი აქვს ჩაბმული საწოლის ფეხზე, მისი მეშვეობით ერთგვარად იმცირებს საკუთარ წონას, რომ ოდნავ მაინც შეძლოს გადაბრუნება.

ერთადერთი, რასაც მეუღლეები ითხოვენ, არის ის, რომ  დაენიშნოთ პოლისი და სოციალური დახმარება.

„შემოწმებაზე რომ მოვიდნენ, გვკითხეს, ბავშვი თუ გვიგზავნიდა რამეს. რას მიგზავნის, შვილო, ახალ წელს გამომიგზავნა ერთხელ და მეორედ ახლა, ალბათ, სააღდგომოდ გამომიგზავნის. იმასაც თავისი ოჯახი აქვს და მე კიდევ ხომ არ დავაწვები სარჩენად. ჩვენი პენსია კი თვიდან თვემდე არ გვყოფნის. 90 ლარის წამლები არ ყოფნის თვეში და თან ისეთი წამლებია, რომ არ დალიოს, არ შეიძლება. ხომ არ მოვკლავ კაცს? პოლისი რომ მქონდა, უბნის ექიმს მაინც ვაჩვენებდი, ახლა ესეც აღარ გვაქვს. სულ დაწოლილი ვერ ჩერდება კაცი და ერთი საათით თუ წამოვაჯენ, მაშინაც გათბობა უნდა. ჩავურთავ „პლიტას“ და იმისაც მეშინია, თვის ბოლოს იმხელა გადასახადი არ მომივიდეს, რომ ვეღარ შევძლო გადახდა. არანაირ ინავლიდობის პენსიას არ ვიღებთ და არც მგზავრობის ღირებულების შეღავათები გვაქვს. იმ „ცუდი“ კომუნისტების დროს პირველი ჯგუფის ინვალიდებს მომვლელი ენიშნებოდათ, თუ მომვლელი არ უნდოდა, მაშინ დახმარებას იღებდა. წამალი არ ჭირდა და ექიმი. თვეში 90 ლარის წამლებს რომ ვიყიდი, ამის გარდა, საჭმელიც ხომ გვინდა? ახლა მაგნიტორეზონანსური ტომოგრაფია დაუნიშნა ექიმმა, რომელიც 300 ლარი ჯდება. საიდან გადავუღო, რომ არაფრის საშუალება მაქვს!“ - ამბობს ქალბატონი ელენე.

ბარდაველიძეების ოჯახის ბინაში, რომელიც მათ სახელზეა გაფორმებული, არანაირი პირობები არ არის იმისა, რომ  ადამიანმა  ისეთი  მძიმე ავადმყოფი  აცხოვროს, როგორიც ჟორა ბარდაველიძეა.

სოციალური დახმარების ჩამოჭრის მიზეზი ის ძველი მაცივარია, რომელმაც 111 ქულა დაუწერა ოჯახს. იმისათვის, რომ ეს დახმარება მიიღონ, 70 ქულაა საჭირო.

აღნიშნულ საკითხზე სოციალური სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ალავიძემ „P.S.“-ს განუცხადა:

„ამ ოჯახს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას აღნიშნული აქვს თანამედროვე სახის გაზქურა, ასეთივე მაცივარი და ტელევიზორი, ასევე - პერსონალური კომპიუტერი, რაზეც თავად ოჯახის დიასახლისის პირადი ხელმოწერაა დაფიქსირებული და რაც ძალდატანებით არ მომხდარა. ასევე მათი თვიური კომუნალური გადასახადები 30 ლარის ფარგლებში მერყეობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მათ სოციალური დახმარება შეწყვეტოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შვილის ბინაში ცხოვრობენ. რაც შეეხება პოლისს, ის ექნებათ. უბრალოდ, შესაძლოა, ვადა აქვს გასული. ეს უნდა გადაამოწმონ ადგილობრივ სოცილურ სააგენტოში და გაარკვევენ,“ - განმარტა მან.

ქალბატონ ეკატერინესთან საუბრისას აღვნიშნეთ, რომ ის ნივთები რაც დეკლარაციაში იყო ჩამოწერილი, ნამდვილად არ გვინახავს იმ მისამართზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით და ასევე დატანილია დეკლარაციის შევსებისას. ამაზე ეკატერინე ალავიძემ  განმარტა, რომ თუკი მართლა არ აქვთ ეს ნივთები, შეუძლიათ დაწერონ განცხადება და მოგვმართონ, რის შემდეგაც განვიხილავთ მას და შესაბამისად ვიმოქმედებთო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია