დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამომრჩეველთა სიებს საგანგებოდ შექმნილი კომისია აზუსტებს
2012/01/23 11:17:12

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო სამზადისიც დაიწყო. ამ მზადებაში შედის იმ საკომისიო ჯგუფების შექმნა, რომლებმაც უნდა მოაგვარონ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ყველა რეგიონულ ცენტრში იქმნება კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო სიების სიზუსტეს.

 

ჩვენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსს, ივანე კაპანაძეს გავესაუბრეთ.

 

- ბატონო ივანე, რა ევალება ამ კომისიას? 

- ჩვენი მიზანი არის, მუშაობა გამჭვირვალე იყოს. ეს იქნება რეგიონალური განყოფილება, ეყოლება 9-10 კაციანი ჯგუფი. ესენი იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც რეგიონებზე იმუშავებენ და გვეყოლება სამი ოპერატორი, რომელიც ატვირთავს ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას. ამასთან ერთად, იმერეთის მასშტაბით იმუშავებს „კარდაკარ“-ის პროგრამა, რომელიც უნდა დაიწყოს აპრილის თვიდან. აქ იმუშავებს 904 ორკაციანი ჯგუფი. შესაბამისად, კომისიამ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ტრეინერებმა უნდა უზრუნველვყოთ ამ ხალხის გადამზადება. ეს, ძირითადად, მოხდება თებერვალ-მარტში და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. რეალურად, ეს ადამიანები  ხელცარიელები არ მივლენ ოჯახებში, - მათ ექნებათ მოქმედი სია, რომელსაც პირველ თებერვალს მივიღებთ საოლქო კომისიიდან და ასევე - სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომლის საშუალებითაც ამ სიებში შევა ცვლილებები.  მაგალითად: ოჯახში მისვლისას თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანი არის გარდაცვლილი, ან კიდევ - სიაში აღნიშნული პიროვნება კონკრეტულ ადგილზე არ ცხოვრობს, შედგება შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც დასჭირდება ამ ბინაში მცხოვრები ორი ადამიანის ხელმოწერა და, ამის საფუძველზე, ადგილზევე  მოხდება საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანა. თუ ადამიანი პატიმრობაშია და მოგვცემენ ამის შესახებ ინფორმაციას, გადამოწმდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ამას მოჰყვება შესაბამისი მოქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საზღვარგარეთ არის წასული, ჩვენ მას  სიიდან ვერ ამოვიღებთ, მაგრამ აუცილებლად მივაწერთ, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ. დამკვირვებლებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, მიაქციონ ყურადღება, რათა ხმის მიცემა შემთხვევით არ მოხდეს. ამასთან ერთად, ქუთაისში, საარჩევნო სიებში, შეტანილია კორპუსები და მათში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. მოხდება, რა თქმა უნდა, ამ კორპუსების და ამ ხალხის დაკონკრეტება. შემდეგ კომისია გადაწყვეტს, თუ როგორი მიმართულებით იმუშაოს მათთან. იმიტომ, რომ, რეალურად, აქ არიან ადამიანები, რომლებიც, სახელმწიფოს, ანუ საჯარო რეესტრის შეცდომებით, არასწორად არიან დამისამართებული. პირადად მე ვიცი ასეთი მაგალითი, რომ ნეკრასოვის ქუჩაზე მცხოვრებს ეწერა ნიკეას ქუჩა! ამაზეც უნდა ვიზრუნოთ და, თუკი სხვა მსგავსი შეცდომებიც იქნება, ამასაც გამოვასწორებთ. როდესაც უკვე სრულ მონაცემებს მივიღებთ, მედიას მივაწვდით.

აღნიშნულ კომისიაში 4 სპეციალისტი იქნება, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა გაუკეთეს რეკომენდაცია და მათთან ერთად - სამი ოპერატორი. ოფიციალურად, კომისია მუშაობას პირველი თებერვლიდან დაიწყებს და საბოლოო დასკვნები პირველ აგვისტოს უნდა დადოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ვინმეს შეუსრულდება 18 წელი, ან ვინმე გარდაიცვლება, კომისიას აქვს უფლებამოსილება, ეს ცვლილება განახორციელოს არჩევნებამდე ათი დღით ადრე.

ეს მონაცემები საუბნო კომისიებმა უნდა გადმოგვაწოდონ, ამის შემდეგ მხოლოდ ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, რომ პიროვნება შევიტანოთ, ან ამოვიღოთ სიიდან. არჩევნებამდე ათი დღით ადრე გვაქვს ცვლილებების შეტანის უფლება.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის იმერეთის რეგიონალურმა წარმომადგენლობამ მუშაობა უნდა დაიწყოს 1 თებერვალს.

საქართველოს პრეზიდენტის ?791 ბრძანებულებით, კომისია უფლებამოსილია, მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ფართის გამოსაყოფად. შეხვედრა გვქონდა გუბერნატორის მოადგილესთან გიგა შუშანიასთან და ქალაქის მერთან გიორგი თევდორაძესთან. იმედი გვაქვს, 1 თებერვალს კომისიას არ მოუწევს ღია ცის ქვეშ მუშაობის დაწყება.

 

***

ამ პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან ორნახევარი-სამი მილიონი ლარი, ძირითადად, სახელფასო თანხებში დაიხარჯება - იმ ჯგუფებზე, რომლებიც აპრილი-მაისის თვეში იმუშავებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია