დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დადგება თუ არა თეთრი ხიდის „რეაბილიტატორთა“ პასუხისმგებლობის საკითხი?
2011/03/21 12:55:27

მაშინ, როდესაც უბრალო უთოსაც კი სამწლიანი გარანტიით ყიდულობ, რას უნდა ნიშნავდეს, რომ ქუთაისის რეაბილიტირებულ ცენტრში მდებარე თეთრ ხიდს, თურმე, ერთწლიანი გარანტიით გაუკეთეს რეკონსტრუქცია!

ახლად ქარიშხალგამოვლილ ქუთაისში ყველაზე ხშირად სწორედ თეთრი ხიდის სახელი გვესმის ყველა ბრუნვაში. ზოგს რა აინტერესებს და ზოგს რა... საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ისაა საინტერესო, თუ ვინ უნდა აღადგინოს განადგურებული ხიდი და რატომ უნდა მოხდეს ეს კვლავ ჩვენი ფულით, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით!

 

სამი წლის წინ, როდესაც ქუთაისში მეფეთუბანს რეაბილიტაცია ჩაუტარეს, როგორც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში გვითხრეს, სამუშაოები კომპანია „თბილისმა“ განახორციელა. თეთრი ხიდის მშენებლობისთვის დაახლოებით 150 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა ყველაზე გასაკვირი და ბუნდოვანია, რომ ექსპლუატაციის გარანტიად ერთი წელი მიიჩნიეს. შედეგიც სახეზეა...

საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხიდების აღდგენისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო, კონკრეტულად თეთრი ხიდისთვის - 200 ათასი... თუმცა ამ ხიდთან დაკავშირებით, როგორც ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით დვალმა აღნიშნა, ოპოზიციას და მმართველ პარტიას განსხვავებული შეხედულება აქვთ...

დავით დვალი:  „თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდა 2007 წელს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გაარემონტეს. თავიდანვე იმდენად არაგონივრულად იყო გაკეთებული, რომ ხიდს ვეღარ უშველეს. ამ ორი რემონტისთვის 140 ათასი იყო, დაახლოებით, გამოყოფილი ამას რომ დავუმატოთ დღევანდელი 200 ათასი ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან სერიოზული თანხები გამოიყო, მაგრამ ამ ფულმა მინიმალური შედეგი მოიტანა. ვგულისხმობ ხიდის მდგომარეობას და არა - იმ ადამიანების პირად ბიუჯეტს, ვინც ეს ხიდი გააკეთა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. საკრებულოს სხდომაზე ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ უნდა მოხდეს  თანხების მოძიება მაშინდელი შემსრულებლების ბიუჯეტიდან. თუ მაშინდელი ხელშეკრულება, კანონ-დარღვევით იყო გაფორმებული, იმათი პასუხისმგებლობის  საკითხი  დამდგარიყო,  ვინც  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას - მაშინდელი ხელისუფლების.

საკრებულოს სხდომაზე მივიღეთ პასუხი, რომ, რთულია გასვლა იმ ადამიანებზე - იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში ხიდის მომსახურებასთან დაკავშირებით, გარანტია დადებული იყო ერთი წლით.

ჩემი აზრით, ეს, თავისთავად, დანაშაულებრივი შეთანხმება იყო, რადგან ამ დონის ინფრასტრუქტურაზე, როგორიც ხიდია, ასეთი გარანტია აბსოლუტურად არაგონივრულია,  მაშინ, როდესაც ახლა, რეაბილიტირების შემდეგ, 20 წლიან გარანტიაზეა საუბარი. ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება, ის ფული, რომელიც გაჭირვებით კოწიწდება, ჩვენ ასე არაგონივრულად გავისროლოთ. მაშინ, როდესაც გვაქვს საშუალება, დავავალდებულოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე უხარისხო სამუშაო ჩაატარეს. ეს თანხა აკლდება ისევ ქალაქს, ხალხს, იმ პროექტებს, რომლებიც აუცილებლად  განსახორციელებელია. ერთი მეორეზე დამატებული გამოდის საკმაოდ დიდი თანხა. ჩვენ თუ ასე ვფანტეთ ფული, ბოლომდე ვერ განვახორციელებთ ვერაფერს.

თუ თეთრი ხიდის საკითხი ამ კუთხით, იქნებოდა უმრავლესობის მიერ გაზიარებული სხვა შენიშვნები აქ არ გვქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ჩვენი ფრაქცია და ვერც მე ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასე არაგონივრულად იხარჯებოდეს ხალხის ფული.

თეთრი ხიდის სამუშაოები სამი წლის წინ რომ ჩატარდა არაგონივრულად, მმართველი ძალა იძულებული იყო, ეღიარებინა, რადგან ეს ხარვეზი სახეზეა და ამის არაღიარება კიდევ ერთი დანაშაული არის, მაგრამ მმართველი ძალა აღიარებს, რომ მათთვისაც დასანანია ეს ფაქტი, - ხელშეკრულება არის არასრულყოფილი. აშკარად, უპირატესობაშია სამუშაოს შემსრულებელი, რომელმაც მარტო ერთწლიანი მომსახურების პირობა მიიღო. ჩვენ უნდა დავდოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ასეთ არათანაბარ სიტუაციაში დადებული ხელშეკრულების გამო, მივუბრუნდეთ იმ ადამიანებს და დავაყენოთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მე არანაირად არ მინდა ეს განხილული იყოს ისე, როგორც ნაციონალებმა იციან:  ჯერ აკეთებინებენ  და შემდეგ იჭერენ ხალხს, იმის გამო, რომ საპროცესო გზით ამოღებული თანხა ისევ ბიუჯეტში შევიდეს. ჩემი მიზანი არ არის, ასე მოხდეს თანხის ამოღება. საპროცესო გზით  ამოღებული თანხა ქუთაისის ბიუჯეტში არ მიდის, ჩვენ მაინც „გაყვლეფილები“ ვრჩებით. მე დავსვი საკითხი, რომ მათი საქმეები შევისწავლოთ. რატომ არიდებენ თავს, რომ ეს საკითხი იყოს გამორკვეული და, კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც რაღაც მიზნების გამო ბოროტად გამოიყენეს მათი უფლებამოსილება დადეს ასეთი ხელშეკრულება, - რატომ არ უნდა იყვნენ სამართლებრივად და ფინანსურად ჩართული ამ პროცესში? რატომ არ უნდა  დააბრუნონ ის თანხა, რომელიც  „ჩაიჯიბეს“, ჩემთვის გაუგებარია?

***   

ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი ჩვენთან საუბრის დროს ასე გამოხატავს:

- ბატონო ამირან, რატომ არ დაეთანხმეთ ქრისტიან-დემოკრატების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომ თეთრი ხიდის აღდგენისთვის თანხები მაშინდელი სამუშაოების  შემსრულებლისგან მოძიებულიყო?

- როგორ არ დავეთანხმე, უბრალოდ, თეთრ ხიდთან დაკავშირებით სასწრაფოდ მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ხიდი აღდგეს. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებმაც უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. დღეს, საბედნიეროდ, გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არავის არაფერს პატიობს, ამისთვის არსებობს სტრუქტურები, რადგან მაშინ ადამიანებმა აიღეს პასუხისმგებლობა, ყველაფერი უნდა შეესრულებინათ ხარისხიანად, ამას არავინ უარყოფს. პირიქით. მე არაერთი შეხვედრა მქონდა შემსრულებელ ორგანიზაციებთან. თქვენ მიიღეთ ჩემი განცხადება, რომ მე წინააღმდეგი ვარ? როგორ გეკადრებათ! ამ წუთში მთავარია, რომ თეთრი ხიდი აღდგეს. საკითხი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა დასვეს, გასაგებია, ამ ყველაფერს სჭირდება პროცესი, თუ დაუშვეს შეცდომა შემსრულებლებმა, ისინი პასუხს აგებენ და თანხებს დააბრუნებენ ბიუჯეტში.

- თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ 2007 წელს თეთრი ხიდი ერთწლიანი გარანტიით გაკეთდა?

(პაუზის შემდეგ)

- ალბათ, თუ...  თქვენ ზუსტად დარწმუნებული ხართ, რომ ერთწლიანი გარანტიით იყო?

- დიახ,  ბატონმა დავით დვალმა გვითხრა.

- არასწორად იყო, ალბათ, თუ ერთწლიანი იყო, მაგრამ არ იყო, ვიცი მე, ერთწლიანი გარანტია. ბატონ დვალს შეიძლება არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი სამსახურებიდან გაიგოთ... არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვუბრუნდებით იგივე საკითხს, რომ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ შეცდომებზე, რომლებიც დაშვებული იქნა. 

***

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ხიდის მომსახურების გარანტია ერთი წელი იყო... როგორ დაეთანხმა ასეთ შემოთავაზებას ქალაქის მაშინდელი ხელისუფლება, უცნობია, თუმცა მიზეზი - ყველასთვის ნაცნობი... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია