დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის დირექტორთა „პროფკავშირული შეცდომები“
2010/07/06 12:45:09

ქუთაისის რამდენიმე სკოლას განათლების და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერილი ბრძანება მიუვიდა, ბრძანებას თან გენერალური ინსპექციაც შეჰყვა. ოფიციალური მიზეზით, ქუთაისის მე-6, მე-15, მე-18, 23-ე, 29-ე, 37-ე, 38-ე სკოლებში გეგმური შემოწმება ტარდება. არაოფიციალური მიზეზი კი სამინისტროს მხრიდან ამ სკოლების დასჯაა თავისუფალი პროფკავშირისთვის საწევროების გადარიცხვისათვის.

სკოლის დირექტორებს მინისტრის ზეპირი დირექტივა ჰქონდათ, რომ თავისუფალი პროფკავშირისთვის თანხა არ გადაერიცხათ. ვისაც თითის დაქნევის არ შეეშინდა, ახლა გენერალური ინსპექციით აშინებენ.

გენერალურ ინსპექციამდე კი ასეთი ისტორია იყო:

სკოლის დირექტორებს ჯერ ხელშეკრულებების და წევრთა განცხადებების გარეშე აუკრძალეს პროფკავშირის საწევროს გადახდა, რის გამოც პროფკავშირის წევრმა მასწავლებლებმა თავად აკრიბეს საწევროები და ისე გადარიცხეს პროფკავშირის ანგარიშზე. ამასაც სამინისტროს გაღიზიანება მოჰყვა და დირექტორებს რესურსცენტრიდან კვლავ მიუვიდათ სიტყვიერი მუქარები, რომ მასწავლებლებს საწევროები არ აეკრიბათ, თორემ ისინი დაისჯებოდნენ. დირექტორების უმრავლესობამ რესურსცენტრის ამ მითითებას უპასუხა, რომ ისინი მასწავლებლის პირად საქმეებში არ ერევიან და არც კი იციან, საწევროები როგორ შეაქვთ პროფკავშირში.

ხოლო იმ სკოლებში, რომლის დირექტორებმაც ხელშეკრულებებისა და პირადი განცხადებების საფუძველზე გადარიცხეს საწევრო თავისუფალი პროფკავშირის ანგარიშზე, უკვე გენერალური ინსპექცია ზის.

ზემოთ ჩამოთვლილი სკოლის დირექტორებიდან ჩვენ ოთხ მათგანთან დაკავშირება მოვახერხეთ, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათმა სკოლამ პროფკავშირის ანგარიშზე საწევროს თანხა ჩარიცხა.

„საწევროს თანხა ჩავრიცხეთ ორივე პროფკავშირის ანგარიშზე. რას უკავშირდება ეს   შემოწმება,    ვერ   გეტ-ყვით,   გვითხრეს,  რომ გეგმურია. რაც მე დირექტორი ვარ, ასეთი შემოწმება არ ჩატარებულა“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში 37-ე სკოლის დირექტორმა მამუკა გიორგაძემ.

38-ე საჯარო სკოლის დირექტორი გივი ჯავახაძე არ მალავს, რომ ეს „გეგმური შემოწმება“ მის „შეცდომას“ უკავშირდება.

გივი ჯავახაძე: „ოფიციალურად კი გვითხრეს, გეგმურიაო, მაგრამ მე კი ვიცი, რატომაც გვამოწმებენ: „შეცდომა მოგვივიდა“ და ახლა ამისთვის გვსჯიან, პროფკავშირის საწევროები გადავრიცხეთ. თუ გეგმურია, ერთი დღით ადრე მაინც უნდა გვცოდნოდა, ესენი კი ბრძანებას შემოჰყვნენ პირდაპირ. ამოწმებენ ყველაფერს - ფინანსებს, ჟუნალებს, შტატებს“.

23-ე სკოლის დირექტორი გოჩა ჩხეტია და 29-ე სკოლის დირექტორი ტარიელ კობახიძეც ადასტურებენ მათ სკოლებში საგადასახადო ინსპექციის შესვლას და იმასაც, რომ თავისუფალ პროფკავშირს საწევროები გადაურიცხეს. თუმცა, რატომღაც თავს იკავებენ, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირონ.

გოჩა ჩხეტიამ განგვიცხადა, რომ მათ, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ჟურნალისტებთან საუბრის უფლება არა აქვთ და ამიტომ სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ეს მართლაც გეგმური შემოწმებაა და სხვა არაფერი.

„ასეთი შემოწმება ჩატარდა კახეთის რამდენიმე სკოლაში, ახლა ქუთაისში ჩატარდება, მერე - სხვა რეგიონში, ამაში არაფერი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. რა პრინციპით შეარჩიეს ეს ოთხი სკოლა, ვერ გეტყვით, ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით.

შემოწმებაც რას უნდა ემსახურებოდეს? გითხარით, გეგმური შემოწმებაა-თქო.“

ეკა ჭუმბურიძე უარყოფს იმას, რომ ეს სკოლები თავისუფალი პროფკავშირებისთვის საწევროების გადარიცხვის გამო ისჯებიან:

„არ ვიცი, კონკრეტულად ამ სკოლებმა რა თანხა გადარიცხეს და ვის ანგარიშზე და, შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.“

გაზეთმა „პოსტსკრიპტუმმა“ უფრო კონკრეტული პასუხებისთვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ბატონ ირაკლი ანდრიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მასთან კონტაქტი პრეს-სამსახურის მეშვეობითაც კი შეუძლებელი გახდა.

„დარეკეთ სამინისტროში და კაბინეტის ნომერზე დაუკავშირდით“, - გვიპასუხა ეკა ჭუმბურიძემ.

სამინისტროში ყველა ტელეფონი გათიშულია (სხვათაშორის, ტელეფონების გათიშვის ფაქტს თბილისის ცნობათა ბიუროებიც გვიდასტურებენ და აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროსთან დაკავშირება მხოლოდ ერთადერთი, კომუტატორის ნომრითაა შესაძლებელი - 318940). ხოლო ამ ტელეფონზე დარეკვას თუ მოსინჯავთ, კითხვებზე პასუხის ნაცვლად, კლასიკურ მუსიკას მოისმენთ.

 

***

სკოლების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმალიძემ სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რესურსცენტრებს მოსთხოვა ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. ეს სჭირდებოდათ სწორედ იმისათვის, რომ გაეკონტროლებინათ  ჩვენი საბანკო ანგარიშები, რაც კარგად მოგეხსენებათ, რომ საიდუმლოებაა და ამის უფლება არავის არ აქვს.

პირველ ივლისს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება   ?517,   რომლითაც   გადაწ-ყვიტა,   დაესაჯა  ურჩი  დირექტორები ქუთაისში და დღეს  სწორედ იმ სკოლებში, რომლებსაც საწევრო აქვთ გადმორიცხული,  გენერალური ინსპექცია შევიდა, რაც უბრალო დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამ სკოლებში ყველგან არის კონტრაქტები, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  სამინისტრო აშინებს სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს, რომ საწევრო არ გადმორიცხონ. იმ სკოლის მასწავლებლებმა კი, რომელთა დირექტორებმაც საწევრო არ გადმორიცხეს, თავიანთი ხელით დაიწყეს ფულის შეგროვება და ანგარიშზე ჩარიცხვა, თუმცა მათზე ისევე განხორციელდა ზეწოლა როგორც მათი სკოლის დირექტორებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ლიდერი იძულებული გახდა, დაებრუნებინა  საწევრო, რადგან სკოლის დირექტორი ემუქრებოდა მასწავლებელს გათავისუფლებით, ხოლო სკოლის დირექტორს - რესურსცენტრის უფროსი. მიუხედავად ყველაფრისა, თავისუფალი პროფკავშირები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ყურამდე მივიტანთ იმ ფაქტს, თუ როგორ გვებრძვის ხელისუფლება, ორშაბათს, მე ვიქნები შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან,         ჰილარი კლინტონთან, სადაც ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს. ეს არის შეხვედრა, სადაც ის ხვდება ქალ ლიდერებს და მე მექნება შესაძლებლობა, რომ ის ჩავაყენო საქმის კურსში. თუმცაღა, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ქალბატონი ჰილარი ისაუბრებს იმ ჩარევებზე, იმ პრობლემებზე, რომელსაც უქმნიან ჩვენს პროფკავშირულ ორგანიზაციას. მასწავლებლებს იძულებით აწერინებენ განცხადებებს, რომ გავიდნენ ჩვენი პროფკავშირიდან. ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ, თუმცა, ეს მასწავლებლები, როცა თავად უმუშევრები და ყველასგან მიტოვებულები აღმოჩნდებიან, მერე მიხვდებიან, როგორ „გამოიყენეს“ და მერე მოისროლეს. მინისტრები მიდიან და მოდიან, ეს ორგანიზაცია კი საუკუნეების განმავლობაში იარსებებს,“ - განაცხადა მანანა ღურჭუმალიძემ. 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

P.S.  გაზეთი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც სახელმწიფოსგან კონტროლირებადი ერთ-ერთი ტელევიზიით განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული ფაქტის კომენტირებისას ფაქტობრივად დაადასტურა წერილში არსებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სკოლების შემოწმება  სწორედ პროფკავშირის საწევროების გადარიცხვას უკავშირდება: „საწევროების გადარიცხვა სკოლების მიერ უკანონოდ ხდებოდა, ჩვენ ამის შესახებ გავაფრთხილეთ სკოლის დირექტორები, მაგრამ ზოგიერთმა დირექტორმა პროფკავშირის საწევროს გადარიცხვა მაინც განახორციელა, რაც უკანონოა. ჩვენ ახლა დავიწყეთ თემატური შემოწმება...“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია