დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა დასკვნას დადებს ეუთო არჩევნების შემდეგ?
2010/05/17 12:13:24

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში თვითმმართველობის  არჩევნებზე დამკვირვებელთა მისია გამოგზავნა, თუმცა ისინი თავად საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია. ამ კუთხით 20-მდე ექსპერტი მუშაობს. ისინი წინასაარჩევნო პროცესის დროს მედიის მუშაობასაც აკვირდებიან. ანალიტიკოსი მედიის საკითხებში, რასტო კუზელი, რომელიც გაზეთ „P.S.“-ის რედაქციას ამ დღეებში სწორედ ამ მიზნით ესტუმრა, წინასაარჩევნო მონიტორინგის მიზნებსა და მედიის საკითხებზე გვესაუბრება.

 

- ბატონო რასტო, როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოში?

- ეუთოს წევრ ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება, მოიწვიოს ეუთოს დამკვირვებელთა მისია ქვეყანაში არჩევნების დაკვირვების მიზნით. თბილისში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ექსპერტებთან ერთად, რომლებსაც ეწოდება ძირითადი ჯგუფი. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 25 გრძელვადიანი დამკვირვებელი სხვადასხვა რაიონში მუშაობს. ისინი, როგორც წესი, ამ ეტაპზე ეცნობიან, თუ რა ვითარებაა რეგიონებში. ჩვენი მისიის მიზანია, მივცეთ საბოლოო შეფასება საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ ვიღებთ ანგარიშებს რეგიონში არსებული ჩვენი წარმომადგენლებისგან, ანალიზს ვუკეთებთ და არჩევნების მეორე დღესვე ვაქვეყნებთ პირველად დასკვნებს. ამ ანგარიშით პირველად შეფასებას ვუკეთებთ არჩევნებს, თუ რამდენად დააკმაყოფილა მან ვენის კონვენციით დადგენილი მოთხოვნები. ჩვენი ამ ანგარიშის მიზანი ის კი არ არის, თუ რა შედეგი აჩვენა არჩევნებმა, არამედ ის, თუ როგორია საარჩევნო კუთხით მდგომარეობა საქართველოში და მის რეგიონებში.

- წინასწარ შეგიძლიათ ამ კუთხით პროგნოზის გაკეთება?

- ჩვენ გამოვცემთ შუალედურ ანგარიშებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე, სადაც არსებული ვითარება არა მარტო მედიის კუთხით იქნება განხილული.

- რაც შეეხება ექსპერტებს, ეს ადამიანები ქართველები არიან? რამდენად იქნებიან ამ ანგარიშის მომზადებაში ჩართული ქართველი სპეციალისტები?

- ეს ექსპერტები არიან ეუთოს წევრი ქვეყნებიდან მოწვეულები. თუმცა მათ ჰყავთ ადგილობრივი თანაშემწეები, რომლებსაც ექსპერტები ეყრდნობიან, რადგან ჩვენ ქართული ენის ცოდნაში შეზღუდულები ვართ. თუმცა გვყავს ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ექსპერტთა ჯგუფს საბოლოო ანგარიშის დადებაში ეხმარებიან.

- თუ გქონიათ შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან?

- ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა და ვხვდებით, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, ნებისმიერ პოლიტიკოსს. ასევე ვხვდებით  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს, რომლებიც ჩართულები არიან ამ საარჩევნო კამპანიაში.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენი პირველადი დაკვირვებით, მუშაობენ თუ არა საარჩევნო კომისიები დამოუკიდებლად?

- თბილისში ჩვენ გვყავს ექსპერტი, რომელიც მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რეგიონში მომუშავე დამკვირვებლები კი საუბნო და საარჩევნო კომისიების მუშაობას აკვირდებიან. კარგია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ არჩევნებში და ახალი საარჩევნო კანონით მიეცათ საშუალება, დაესახელებინათ და აერჩიათ მდივნად თავისი წარმომადგენელი. ჩვენ გვსმენია იმ ფაქტის შესახებ, თითქოს გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელისუფლების კანდიდატები მდივნებად თავიანთი პარტიის სახელით წარადგინეს, მაგრამ ჩვენი საფუძველი ფაქტებია, რომელიც ჩვენთან არავის დაუფიქსირებია. თუმცა ამ კუთხითაც გავაკეთებთ საინტერესო ანალიზს.

- გარკვეული შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის და არჩევნების დღეს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- ცოტა ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორ შეზღუდავენ არჩევნების დღეს ჟურნალისტებს. ჩვენ გვქონდა საუბარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან და ისინი ღია არიან ამ საკითხში და პირიქით, გეგმავენ კიდეც, სხდომები პირველი არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადასცენ. მე მაინც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მისია დიდ ყურადღებას უთმობს მედიის მუშაობას. გვაქვს მედია-მონიტორინგის განყოფილება, რომელიც მონიტორინგს უკეთებს რვა ტელეარხს და ორ გაზეთს. ჩვენ მალე გვექნება ძირფესვიანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება მედია მონიტორინგის სამსახურის მიერ დადებული, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გავიგოთ, რამდენად თანაბარი პირობებია მედიაში შექმნილი თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. გარდა ამისა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას საქართველოში ეყოლება მოკლევადიანი დამკვირვებლებიც, რომლებიც 30 მაისს დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. მათი მეშვეობით ჩვენ გავიგებთ, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო პროცესის დაკვირვება ჟურნალისტებისთვის.

- მაინც რომელ გაზეთების და ტელევიზიების მუშაობაზე დაყრდნობით ამზადებთ მონიტორინგს?

- ეს არის პირველი და მეორე არხები, „რეალ-ტვ,“ „მაესტრო,“ „კავკასია,“ „იმედი“ და „რუსთავი-2.“ ასევე გაზეთები „24 საათი“ და „რეზონანსი.“

- რატომ არ აირჩიეთ რეგიონული პრესა და ტელევიზია მონიტორინგისთვის?

- ჩვენ გვაქვს ზედმიწევნით ამომწურავი ინფორმაცია ამ ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებ. სპეციალურად სხედან ადამიანები, რომლებიც 24 საათის მანძილზე ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამას წამებში ითვლიან, ხოლო გაზეთებში გასულ მასალას სანტიმეტრებით ზომავენ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ეთერიც და საგაზეთო გვერდიც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ ორგანიზაციას თანაბრად დაეთმოს. რეგიონში ეს ცოტა ძნელი იქნებოდა, თუმცა სწორედ რეგიონული მედიის საშუალებით გვაწვდიან გარკვეულ ინფორმაციებს ჩვენი დამკვირვებლები. ასე რომ, მეტ-ნაკლებად რეგიონული მედიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, ასევე იმაზეც, თუ რა პირობებში და როგორ მუშაობენ ისინი. თუმცა მე ვისურვებდი, რომ მედია იყოს ისეთი, რომელსაც ექნება ანალიტიკური და კრიტიკული სტატიები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია