დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
9 თვეში ტყიბულის მაღაროში 9 ადამიანი დაიღუპა!
2011/01/31 12:56:33

 

ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ძალოვანმა სტრუქტურებმა ორი ადამიანი დააკავეს.  მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა უსაფრთხოების დადგენილი წესების იგნორირებით გასცეს ასაფეთქებელი  სამუშაოების წარმოების ბრძანება, რის  შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი და დაშავდა ოთხი. გამოძიება არ დასრულებულა და შესაძლოა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას. 

 

აფეთქება 22 იანვარს, ღამით, მინდელის სახელობის მაღაროში მოხდა. უბედურ შემთხვევას 37 წლის მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხმა მაღაროელმა სერიოზული დამწვრობა მიიღო,  მათ შორის ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.  ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრში არიან  მოთავსებულნი. აფეთქება სამუშაო უბანზე მეთანის დაგროვებამ გამოიწვია.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით,  მაღაროს მესამე უბანზე ჰაერში მეთანის რაოდენობა 6%-ს აღწევდა. ასეთ შემთხვევაში, ადგილზე, არათუ ქანების აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, არამედ გაჩერებაც დაუშვებელია. ამ კონცენტრაციით მეთანის განიავება კონდიცირებითაც კი ვერ ხერხდება. მაღაროელებმა ეს იცოდნენ და  5-კაციანი ბრიგადა მაღაროში ხელმძღვანელობის ზეწოლით ჩავიდა.

„რამდენიმე დღით ადრე, ხელმძღვანელობამ კიდევ ორ ბრიგადას მოსთხოვა ამ მაღაროში მუშაობა, მაღაროელების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას კი, ორივე შემთხვევაში, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მესამე ბრიგადამ, რომლის წევრებსაც სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ, წინააღმდეგობა აღარ გასწია“, - განაცხადეს პროფკავშირებში 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, 22 იანვარს  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა სადუნიშვილმა განაცხადა, რომ სავენტილაციო სისტემა გამართულად მუშაობდა და უბედური შემთხვევა ამ მიზეზით არ შეიძლება იყოს გამოწვეული. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო „საქნახშირს“ ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აგვისტოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საწარმოს ხელმძღვანელები მაღაროს სავენტილაციო სისტემის დახეული შლანგების დაკერებით იყვნენ დაკავებულები და არა - მათი შეცვლით, არც ერთ დაზარალებულს არ ეცვა სპეცტანსაცმელი, რომელიც, მუშების განცხადებით, საწარმოში, ფაქტობრივად, არ მოიპოვება. პროფკავშირები საწარმოს ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 22 იანვარს მაღაროში მომხდარი აფეთქება მოსალოდნელი იყო და ასეთი საფრთხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საწარმოს ხელმძღვანელობაც ფლობდა.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა,  არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ტყიბულის მაღაროს მფლობელი კომპანია -  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უსაფრთხოების ზომებს არ იცავს. ასევე ირაკლი პეტრიაშვილმა აფეთქების გამოძიებაში პროფკავშირის წარმომადგენლების  ჩართვა მოითხოვა და მოუწოდა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, - შეწყვიტოს აფეთქებების გამო მაღაროელთა დადანაშაულება. „მუშების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, ადგილზე ჩატანილია და დადებულია სიგარეტის კოლოფი, რათა ტრაგედია ისევ დასაქმებულებს დაბრალდეს“. - განაცხადეს 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პროფკავშირების წარმომადგენლებმა.

მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთიდან გამოეხმაურა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის უნდობლობას უცხადებს პირველად დასკვნას, თითქოს შემთხვევა დაღუპული მაღაროელის ბრალი იყო.


„მე გამახსენდა, რომ წინა აფეთქებაზეც ზუსტად ასეთივე დასკვნა დადეს. ყველაფერი დააბრალეს მაღაროელებს. საქმე იმაშია, რომ პროკურატურამ მაშინ გამოიძია ეს საქმე და ყველანაირი დასტურია იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელი ემსხვერპლა, მაღაროს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო და არა - მაღაროელების დაუდევრობის. მაღაროს ხელმძღვანელობამ ვენტილაციის სისტემა გამორთო და დაზოგა ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე. ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით დაწერეს ის დასკვნა, რომელიც მაღაროს ხელმძღვანელობას სურდა. ვნანობ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე არ მივიდა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი. გამოძიება ბოლომდე რომ მისულიყო, შესაძლოა, გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო. იმის ხარჯზე, რომ ხალხს სამსახურებიდან დათხოვნის ეშინია, არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი მათ შერჩეთ“. - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა. 3 მარტის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე დაიღუპა 27 აგვისტოს აფეთქების შედეგად. როგორც პროფკავშირები აცხადებენ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მაღაროებზე დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის ზომების მიღებას გამუდმებით ითხოვდა, თუმცა, კომპანია „ჯი-აი-ჯიმ“ (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ეს აუცილებლობა არც ერთხელ არ გაითვალისწინა. პროფკავშირებს უარი უთხრეს აგვისტოში მომხდარი აფეთქების შემსწავლელ გამოძიებაში მონაწილეობაზეც. ადამიანების სიცოცხლისადმი ამგვარი დამოკიდებულების შედეგი ასეთია: 9 თვეში ტყიბულის მაღაროში 9 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია