დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წელს ქუთაისის „სიღნაღიზაცია“ აღარ გაგრძელდება
2010/02/08 13:45:53

ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტი გასული წლის ბოლო დღეებში მიიღეს. წინა წლებთან შედარებით, ბიუჯეტის მაჩვენებლებმა მოიკლო.

თუ 2007 წლის შემოსავლები 40 164 100 ლარით იყო განსაზღვრული, 2008 წელს - 47 828 000 ლარით, ხოლო 2009 წელს - 45 875 300 ლარით, წელს ეს თანხა 26 878 000 ლარით განისაზღვრა. შემოსავლების მთავარი წილი ისევ და ისევ გრანტებია. თუმცა, თუ ბიუჯეტში შემოსავლებმა იკლო, ე. ი. გრანტებმაც იკლო. და თუ გასულ წელს გრანტის სახით  34 მილიონი ლარი მივიღეთ, ამჯერად ეს თანხა 20 103 000 ლარამდე შემცირდა. მათ შორის გამოთანაბრებითი ტრანსფერი 19 893 000 ლარია. მიზნობრივი ტრანსფერი კი 210 000 ლარითაა განსაზღვრული.  

ბიუჯეტის ადგილობრივი წყაროები გადასახადები და სხვა შემოსავლებია, რომლებიც საერთო ჯამში 7 მილიონამდე აღწევს.

ამ წელს კი ბიუჯეტით 27 მილიონ 820 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

წელს  მერიის სარეზერვო ფონდი ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა.  სესხის პროცენტის დასაფარავად კი, რომელიც წყლის რეაბილიტაციისთვის აიღო თვითმმართველობამ, მილიონ 50 ათასი ლარია ჩადებული.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განისაზღვრა ბავშვთა კვების ნორმა - თვეში 24 ლარის ოდენობით. აქედან 16 ლარს ბიუჯეტი გადაიხდის, დანარჩენს - მშობელი. 100%-ით დააფინანსებენ მრავალშვილიან და მარტოხელა დედების შვილებს, ობოლ და ტყუპ ბავშვებს. სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასები 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზარდა.

2010 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ამჯერადაც ინფრასტრუქტურაა. გზის საფარის მიმდინარე და საექსპლოატაციო სამუშაოების პროგრამა მილიონ 140 ათას 500 ლარით დაფინანსდება. გზებზე დამატებით დაიხარჯება 3 მილიონ 600 000 ლარი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. კანალიზაციის ქსელის კაპიტალური შეკეთების პროგრამა თითქმის  მილიონი ლარით. პროგრამა   „კორპუსი“, რომელიც  ავარიულსახურავიანი მრავალბინიანი სახლების შეკეთებას და ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს -1 მილიონ 400 000 ლარით. სხვათაშორის, წინა წელსაც ამ პროგრამისთვის ამდენივე თანხა იყო გამოყოფილი, თუმცა, იმის გამო, რომ თანხები ვერ გამოიძებნა, რადგან ხელისუფლებას ეგონა, რომ ფული პრივატიზაციიდან შემოვაო და ასე არ მოხდა, - ეს პროგრამა ჩავარდა. 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა უკვე მოასწრეს და  პროგრამა „კორპუსს“ კიდევ 1 მილიონ 400 000 ლარი დაემატა: 500 000 ლარი ბინების გადახურვების და 900 000 ლარი - ლიფტების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.

2010 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ წყალმომარაგებაა.  ამისთვის 1 მილიონ 125 000 ლარია  განსაზღვრული.ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული გრანტით სამუშაოები ხორციელდება 2008-2010 წლებში და ითვალისწინებს თანადაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კერძოდ, გათვალისწინებულ სამუშაოებში დამატებითი ღირებულების გადახდის მოცულობის შესაბამის თანხას, რომელიც 2010 წელს იგეგმება 775 ათას ლარის ოდენობით, 350 000 ლარი - წყალსადენის სუბსიდირებისთვის.

ბიუჯეტის კიდევ ერთი პრიორიტეტი გარეგანათებაა, მისთვის თანხაც საკმაოდ სოლიდურია - 1 მილიონ 277 500 ლარი. .

1 800 000 ლარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფისა და ქუჩების დასუფთავებისთვის დაიხარჯება. ჩამონათვალში ისევ 60 ქუჩაა.

რაც შეეხება კულტურას. სპორტული და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად 7 309 700 ლარია გამოყოფილი. თეატრების დაფინანსება 1 200 000 ლარს შეადგენს.სამ მილიონს დახარჯავენ ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო და გარე იერსახის კეთილმოსაწყობი კაპიტალური სამუშოებისთვის. მუზეუმებისთვის კი - 260 600 ლარს. სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე მთელი წლის მანძილზე 1 712 000 ლარია გათვალისწინებული, სულ 12 პროგრამაა დაფინანსებული: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მედიკამენტებით დახმარება, სამედიცინო დახმარება, სამხედრო ძალებში გასაწვევად მოზარდთა წინასწარი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დაზღვევა, ვეტერანთა სარიტუალო დახმარება, მიცვალებულთა დასაფლავება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალური ღონისძიებები, უფასო მგზავრობა, მატერიალური დახმარება და უფასო კვება.

ქუთაისის ბიუჯეტი თანხებს შინაგან სამინისტროსთვისაც გაიღებს - 227 000 ლარს. მაჟორიტარის ბიურო 47 000 ლარით დაფინანსდა.  აქედან 7000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხაა. 35 მილიონიან ბიუჯეტში 4 800 000 ლარია გაწერილი ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სეისმური და გეოლოგიური კვლევის სამუშაოებისთვის. 

 არ გვხვდება ძველი უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაფინანსება. როგორც ჩანს,  წელს ქუთაისის „სიღნაღიზაცია“ არ მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია