დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობს საზოგადოება პრეზიდენტის „კომპიუტერულ-ლინგვისტურ რევოლუციაზე?“
2010/04/12 12:36:11

6 აპრილს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა. განიხილეს 16 თემა, მათ შორის - განათლების რეფორმა. მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტები საქართველოს პირველი პირის გამოსვლიდან. ამ ფრაზებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.  

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს საზოგადოებაში მზადყოფნა ინოვაციისთვის, გახსნილობისთვის, ახალი იდეების შეთვისებისთვის, მოდერნიზაციისთვის ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს საუკუნეს და იმ კონკურენტულ გარემოს, რომელშიც საქართველო იმყოფება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი მუშაობა გვმართებს ამ მიმართულებით, თუ გვინდა, რომ საზოგადოება წინ წავიდეს. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო, საქართველო, როგორც ქვეყანა, როგორც მრავალეთნიკური ერი, მართლა თანამედროვე ერად და იმ სახელმწიფოდ იქცეს, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია - ამ რეგიონის სინგაპურად, ამ რეგიონის შვეიცარიად, და იქცეს იმ საქართველოდ, რომელზეც ჩვენ, ყველანი, ვოცნებობთ: დაფუძნებული თავის უზარმაზარ ტრადიციაზე, კულტურაზე, განათლებულობაზე, ნიჭიერებაზე, მაგრამ ამ ნიჭიერებას სჭირდება თავისუფლების პირობებში გზის გახსნა და შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლება.

ამიტომ სკოლებში ამ  ყველაფრის დანერგვა არის უმთავრესი რამ, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ბავშვობიდანვე უნდა დაინერგოს სკოლებში კომპიუტერიზაცია და უცხო ენები. ყველა პირველკლასელს აქამდე თუ ვაძლევდით პრეზიდენტის საჩუქარს - წიგნების კომპლექტს, მომავალი წლიდან ეს ყველაფერი ჩანაცვლდება კომპიუტერებით. ეს არის ყველაზე თანამედროვე კომპიუტერი, რაც არის ბავშვებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს კომპიუტერი წყალში არ იძირება, შეგიძლიათ დააგდოთ და არ ტყდება. მათ შორის იმ ბავშვებისთვისაც, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. ეს სიმბოლოებით ოპერირებს.“

ვნახოთ, რას ფიქრობენ ამაზე მშობლები, რომლებმაც თავიანთი ბავშვები სკოლაში უნდა შეიყვანონ, რას ფიქრობენ პედაგოგებიც.

ირინა ჭეიშვილი: „ძალიან კარგია, რომ ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს. ეს წაახალისებს პატარებს და სტიმულს მისცემს მათ, ისწავლონ. ჩემი შვილი როდესაც სკოლაში წავა, მე მაინც მირჩევნია, სწავლა წიგნებით დაიწყოს, რადგან წიგნი შეუცვლელია. წიგნზე მუშაობა ზრდის ბავშვს, ასწავლის მას ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერთან მუშაობა ძალიან რთულია, დამღლელი. ამიტომ კომპიუტერიდან კითხვა უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ბავშვების მხედველობაზე. ასე რომ, მე მაინც მგონია, რომ სჯობს სწავლა წიგნებით გაგრძელდეს, ხოლო კომპიუტერი დამატებითი ინფორმაციის წყარო იყოს.“

დარეჯან გოგიძე: „გოგებაშვილზე დიდი მასწავლებელი ქართველ ბავშვს არ ეყოლება. კომპიუტერი ვერასოდეს მისცემს პატარას წიგნზე დიდ სიკეთეს. მეტისმეტი მოსდის პრეზიდენტს...“

მარინე ნერგაძე, 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი: „ეს რეფორმა არის არასწორი და წიგნს ვერაფერი შეცვლის. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას შეუწყობს ხელს, რომ ბავშვებს წიგნი დაავიწყდებათ.“

 

***

მიხეილ სააკაშვილი: „ამ კომპიუტერებს ჩვენ დავურიგებთ ყველა პირველკლასელ ბავშვს, გარდა ამისა ამ კომპიუტერებში შეიძლება ყველა სახელმძღვანელოს ჩატვირთვა,  ამიტომ ჩვენ წიგნების დარიგება აღარ დაგვჭირდება. იქნება კომპიუტერები შიგ ჩატვირთული სახელმძღვანელოებით, რომლებშიც შემდეგ წელს გადაიტვირთება შემდეგი სახელმძღვანელოებით. ასეთი ტიპის კომპიუტერები ბავშვებს გაჰყვება 4, 5, 6 წელი და ეს არის რეალურად მათი საგზური მომავალ ცხოვრებაში. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვურიგებთ ათოსნებს კომპიუტერებს და ეს გაგრძელდება წელსაც, მომავალ წელსაც. რაც უფრო მეტი ათოსანი გვეყოლება, მით მეტი კომპიუტერიზებული ბავშვი  გვეყოლება. ამ ყველაფერს ჩვენ ბავშვებს ვჩუქნით.“

მოვუსმინოთ სხვა მშობელსაც, თუ რას ფიქრობს ამ თემაზე.

ნონა მესხი: „კარგია, თუ ეს ყველაფერი იქნება დაბალანსებული, ანუ წიგნიც ექნებათ და კომპიუტერიც. სხვა შემთხვევაში არ მივესალმები ამ რეფორმას, რადგან წიგნის მაგივრად კომპიუტერის შემოტანა გამოიწვევს რას: დაეკარგება ბავშვს სიყვარული წიგნის მიმართ, „დედაენის“ მიმართ, ქართულ ტრადიციას, კულტურას - ყველაფერს ხაზს გადაუსვამენ. ეს ყველაფერი მათთვის  გაუფასურდება. წიგნი არის ცოდნის წყარო, ხოლო კომპიუტერი - ინფორმაციის. ასე რომ, ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. არ მინდა მომავალში ჩემმა შვილიშვილებმა მკითხონ წიგნზე - ეს რა არისო.“

 

***

მიხეილ სააკაშვილი: „თუ ჩვენ გვინდა, მოდერნიზაცია განვიცადოთ, მაშინ უნდა შევედაროთ ჩვენი ზომის ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც მოახერხეს სწრაფი წინსვლა და პროგრესი: ტურისტული ზონები, დიდი ქალაქები... ეს არის ისტორიული საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მართლა სულ სხვა თაობას წარმოვქმნით, ამ საყოველთაო კომპენსაციით. ეს არ არის ისეთი ძვირი პროგრამა, როგორიც შეგვეძლო წარმოგვედგინა, ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ბევრი სხვა პროგრამა. ჩვენი ამოცანა არის ამ პროგრამის სათანადო დონეზე მომზადება, დანერგვა. ჩვენ მოვამზადებთ მასწავლებლებს მათი სწორად გამოყენებისთვის.“

როდესაც პედაგოგებს ვესაუბრებოდით, არავინ მალავდა  თავის უარყოფით დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასაბუთებდნენ, თუ რატომ არის ცუდი წიგნის გვერდზე გადადება, თუმცა ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებდნენ. ამიტომ ერთ-ერთი მათგანის დაჟინებული თხოვნით, მხოლოდ სახელს ვიტყვით:

ქალბატონი თამარი, პედაგოგი: „მშობლები პრეტენზიებით მოდიოდნენ, ეგებ თქვენი შერცხვეთ ამ ბავშვებს, უსაყვედურეთ, უთხარით, წიგნთან დასხდნენ და კომპიუტერს დიდ დროს ნუ უთმობენო, მაგრამ ახლა ისეთი რეფორმის გატარება დაიწყო, რომ მეშინია, მალე არ მომიწიოს ბავშვებს ვუთხრა: წიგნს თავი დაანებეთ და კომპიუტერს მიუსხედით-თქო. ბავშვმა თუ არ ისწავლა წიგნთან ურთიერთობა, მასზე მუშაობა, ვერ ისწავლის აზროვნებას. ყოველ წელს ახალ-ახალ რეფორმებს ატარებენ, მაგრამ ეს უკვე გადაჭარბებულია. მერე მეორეც, მე საკმარისზე მეტ ცოდნას ვაძლევ ბავშვებს და არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვიცოდე ინგლისური და კომპიუტერი მაღალ დონეზე. ჩემი მოვალეობაა წერა-კითხვა ვასწავლო და არა - უცხო ენა თუ ინფორმატიკა.“

 

***

ყველგან: შინ, ქუჩაში, ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრში - საგანმანათლებლო რეფორმაზე საუბრობენ, რასაკვირველია, უმაღლეს დაწესებულებებშიც. მსურს ერთ-ერთი ლექტორის მოსაზრება გაგიზიაროთ და, რადგან არავინ არაფრისგან არის დაზღვეული, ამიტომ მის სახელს და გვარსაც საიდუმლოდ დავტოვებ:

„ჯერ ერთი, დავიწყებ იქედან, რომ წიგნი, რაც არ უნდა ძვირი ღირდეს, მაინც ყიდულობს ერთი და დანარჩენი აქსეროქსებს. ხოლო ამ კომპიუტერებში პროგრამა ყოველ წელს იქნება ჩასატვირთი, ასე რომ, არა მგონია, ყოველ წელს ეს პროგრამები უფასოდ ჩატვირთონ თითოეულ „სათამაშო“ კომპიუტერში. მერე მეორე, ვფიქრობ, რომ ეს ლეპტოპები პრეზიდენტის ნათესავმა ჩამოიტანა საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ხარჯზე კი ხდება მათი გასაღება. ესეც ერთგვარო პოლიტიკაა: აჩლუნგებენ ბავშვებს.“

ამ თემაზე აქტიურად მსჯელობენ სხვადასხვა საიტზეც:

„ჩატვირთავენ ბავშვები თამაშებს, „ოდნოებს“, „ფეისბუქს“ და გაკვეთილზე ვიღას ემახსოვრება შენი მათემატიკა თუ ქართული?“

„მალე საქართველოში ინგლისურად ისე ალაპარაკდება ყველა, რომ ქართული ვიღას გაახსენდება, თუ შემთხვევით ყურს მოვკრავთ, მაშინაც - სახელის და გვარის თქმის დროს.“

„ქუთაისში წიგნების მაღაზიები კი დაიკეტა და ახლა ყველაფერი იქით მიდის, რომ ბიბლიოთეკასაც დახურავენ.“

მეტს აღარ გავაგრძელებ. ეს საკითხი მძიმე და მტკივნეული თემა აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ მათი ძირითადი ამოცანაა, საქართველოში დაგეგმონ, კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუცია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს მოდერნიზაციის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი: „თქვენ  გეგონათ, რომ დღევანდელი ჩემი გამოწვევა იყო არჩევნები, მაგრამ მინდა დაგაწყნაროთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს დიდი გამოწვევა. არჩევნები ჩაივლის, შედეგები იქნება, ეს ყველაფერი დროებითია და რასაც ჩვენ შევქმნით მომავალი თაობებისთვის, ეს დარჩება, ამით შეიძლება შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.“

დღეს ფაქტია, რომ სააკაშვილის „კომპიუტერულმა-ლინგვისტურმა რევოლუციამ“ მასები აშკარად ვერ აღაფრთოვანა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია