დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მისტერ ჯოს გზავნილები
2009/07/27 13:16:17

ორი დღე ქართული საზოგადოება ბაიდენის ვიზიტის შესახებ უწყვეტ საინფორმაციო ნაკადში ცხოვრობდა. დიალოგები იყო ყველგან: ქუჩაში, ოფისებსა და მედიაში, მთავარი თემით - პრაგმატული მოლოდინები.

 

ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მხარდაჭერაა, თუმცა განსხვავებული აქცენტებით კითხულობს ბაიდენის სტუმრობას ქართული, უცხოური და რუსული მედია. ფაქტი ერთია: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი რთული მისიით ჩამოვიდა, საქართველო ისე უნდა დაარწმუნოს სოლიდარობაში, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის მოკრძალებული დასაწყისი ფეხქვეშ არ გათელოს.

„ჯო ბაიდენი აეროპორტიდან თბილისში შესვლამდე სუფთა და გადაღებილ მაგისტრალს გაივლის. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დროულად გაწმინდა ქალაქის ცენტრში არასაპარლამენტო ოპოზიციის კარვის ბანაკები. ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ რუსეთთან ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე ცხოვრება ნორმალიზებისკენ მიდის. მაგრამ ყველაფერი არც ისე ნორმალურადაა. ორი კვირის წინ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის მიზნით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვს სტუმრობდა.

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. რადგან აშშ მას მოკავშირის სახით სჭირდება, რათა რუსეთი, რომელიც პერიოდულად სამეზობლოზე მბრძანებლობს, დისტანციაზე ჰყავდეს, თუმცა, რაც უფრო უახლოვდება ერთმანეთს ეს ორი ბირთვული სახელმწიფო, საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნება (სააკაშვილის პოლიტიკური მიზნების დასაწყისი) შორეულ პერსპექტივაში იწევს, -  წერს HANDELSBLAT.

რადიო „თავისუფლება“ „ჯო“ და „მისტერ პრეზიდენტის“ მიმართვის ფორმებზეც ჩერდება. სააკაშვილი შინაურულ განწყობას პრეზიდენტისადმი „ჯო“-თი, ხოლო თავად ბაიდენი -  „მისტერ პრეზიდენტით“ გამოხატავდა. როცა ბაიდენი საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობდა, მას დეპუტატები აპლოდისმენტებით აწყვეტინებდნენ სიტყვას, ხოლო როცა დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაზე მოძღვრავდა, ძირითადად, თავჩაღუნული ისხდნენ - შენიშნავს რადიო „თავისუფლება“.

დოიჩე ველეს“ აზრით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორ ქვეყანაში იმის ხაზგასასმელად ჩამოვიდა, რომ ისინი ნატოში გაწევრიანებას შეძლებენ, მაგრამ ჟურნალისტი ინგო მანტეუფელი ფიქრობს, რომ მისი რეალური გზავნილი სულ სხვა იყო:

„პრეზიდენტ ობამას სურს, რომ აშშ უკრაინასა და საქართველოზე დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვიქტორ იუშჩენკოცა და მიხეილ სააკაშვილიც შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცნენ, ხოლო ნატოში გაწევრიანება ორივე ქვეყანაში საკამათოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ორივე ქვეყანა ამისთვის მზადაა და ამას ხალხიც უჭერს მხარს, - აღნიშნავს გერმანული მედია.

ბაიდენმა BBC-ის განუცხადა, რომ 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ, აშშ-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მოსკოვმა ბაიდენის ვიზიტზე რეაგირება თავისი მეზობლის სასტიკი გაფრთხილებით მოახდინა, პირობა დადო, რომ „მიიღებს კონკრეტულ ზომებს“ საქართველოს მიერ საკუთარი ჯარის გადაიარაღების აღსაკვეთად.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ- ტას“-მა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის სიტყვები მოიყვანა, სადაც ის აცხადებდა, რომ „რუსეთი აკვირდებოდა საქართველოსთან სამხედრო სფეროში ზოგიერთი სახელმწიფოს ფარულად თანამშრომლობის მცდელობებს.“ მან განაცხადა, რომ „ეს „ჰუმანიტარული დახმარების“ საფარქვეშ განხორციელებულ ქმედებებსაც გულისხმობს“. მოსკოვმა უკვე დაადანაშაულა ვაშინგტონი თბილისის ფარულ გადაიარაღებაშიც.

ბაიდენის ვიზიტი და მისი ეიფორია დასრულებულია. ის ამერიკაში ქართული პრობლემებით, მათ შორის მედია-პრობლემებით ბრუნდება. ჟურნალისტების მიმართვა მას პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ გადასცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია