დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნატოზე ჯვარი არ დამიწერია“
2010/03/22 13:29:43

საგაზაფხულო პოლიტიკური მარათონი ნელ-ნელა პიკს აღწევს. მოახლოებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ოპოზიციონერთა რიგებში პრორუსული და პროდასავლური მომხრეები გამოავლინა.

„მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ,“ - ამ რწმენით ეწვია მოსკოვს ნინო ბურჯანაძე პირველი „დიპლომატის“ - ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძისა და მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის რუსული კავშირები გასული წლის გაზაფხულზეც გამოიკვეთა, მაგრამ ეს კავშირები დღეს უფრო გამჭვირვალეა. მით უფრო, როცა პუტინის პომპეზური დახვედრა თავად ბურჯანაძის მომხრეებსაც კი გაუკვირდათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და მოკავშირეებს ყველა პოლიტიკური ძალა ეძებს: ზოგი ქვეყნის გარეთ, ზოგი კი - ქვეყნის შიგნით.

ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მეორე ამას უარყოფს.

პრაიმერის იდეამ ოპოზიციის რამდენიმე ნაწილად დაყოფა გამოიწვია, ქართულ პოლიტიკაში ძალების და ადგილების გადათამაშება დაიწყო. ალასანიამ ნოღაიდელის პარტნიორობაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, ისევ გაურკვეველია, ვინ დათმობს წინასაარჩევნო პოზიციებს - ლევან გაჩეჩილაძე თუ ირაკლი ალასანია. კონსერვატორი კახა კუკავა თვლის, რომ გაჩეჩილაძეს მაღალი რეიტინგი აქვს და ალასანიას გეგმები საერთოდ არ აინტერესებს.

კობა დავითაშვილმა კი ალიანსის შიდა „სამზარეულოში“ ჩარევა სცადა და რესპუბლიკელები ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში დაადანაშაულა. იგი უახლოეს მომავალში ზვიად ძიძიგურთან ერთად მოსკოვში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია იმპერიალისტური შეხედულებების მქონე ჟურნალისტთან - ლეონტიევთან შეხვედრა.

ხალხის პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ მათი სტუმრობა მოსკოვში საზოგადოებრივი აზრის მომზადებას შეუწყობს ხელს.

თავად ლეონტიევს მიაჩნია, რომ ქართველი ოპოზიციონერების სტუმრობა მხოლოდ ერთი პირობითაა კარგი, თუ საერთო ინტერესები გვექნებაო.

იგი არ აპირებს, პროდასავლური ორიენტაციის ხალხს დაუჯდეს სალაპარკოდ. აღსანიშნავია, რომ ლეონტიევი ყოველთვის ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.

„ნატოზე ჯვარი არ დამიწერია და თუ აფხაზეთსა და ოსეთს ნატოზე უარის თქმით და რუსეთთან მოკავშირეობით დავიბრუნებთ, მე სიამოვნებით თავდანხმდები ამ შემოთავაზებას,“ - აცხადებს ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი.

რუსეთს ყირგიზეთისა და უკრაინის საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვს და ფსონებს ახლა ქართულ პოლიტიკაზე ჩამოდის; მოთამაშეებსაც პოულობს.

პუტინი დღეს არ მალავს, რომ მისი დიდი სურვილი სააკაშვილის დამარცხებაა.

ცხადია, რომ კრემლისთვის მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებები. დღეისათვის შეიქმნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური ხაზი, რომელთაგან ერთი მიმართულია იმპერიალიზმის გაძლიერებისა და დემოკრატიის ჩახშობისაკენ, მეორე პოლუსზე კი არის დასავლეთი, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიული ფასეულობებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ეპირფერება კრემლს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად დაგვანახა ის საფრთხეები, რომლებიც არამარტო ჩრდილოეთიდან, არამედ, შორეულ პერსპექტივაში, ახლო აღმოსავლეთიდანაც (ირანი) შეიძლება დაგვემუქროს. რუსეთიდან საფრთხეებს ვხედავ ახლო მომავალში, მაგრამ არ ვფიქრობთ გრძელვადიან საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რუსეთი პროდასავლური კურსისთვის ყველა გზით ცდილობს საქართველოს დასჯას და ძალისმიერი მეთოდებით თავისი ეროვნული ინტერესებისა და გავლენის სფეროს ლობირება-შენარჩუნებას რეგიონში.

სკანდალურმა „ექსპერიმენტალურმა რეპორტაჟმა“ კი, რომელიც 13 მარტის საღამოს ტელე „იმედში“ გავიდა, ოპოზიციას ქულები დაუწერა, კრემლი უფრო თავდაჯერებული გახადა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს     „შავი პიარჩიკის“ მარკა მიაკრა.

თუ დღემდე ოპოზიციის წარმო-მადგენლები თითო-ოროლა სტუმრობდნენ კრემლს, მოსალოდნელია, კრემლის კართან მათი რიგი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

პოლიტოლოგიის მაგისტრანტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია