დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ რეგიონებისკენ დასძრა
2012/02/20 12:32:09

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კარიერაში მეორე ეტაპი დაიწყო. 15 თებერვალს მან საზოგადოებას მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარუდგინა. „მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ასეთი განცხადება გავაკეთე გასული წლის 4 ოქტომბერს... გაერთიანების პროცესი პრაქტიკულად დავასრულეთ, კარგი გუნდი შეიქმნა,“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას. პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში იგეგმება, როდესაც დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდება.

 

„დღეს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და ამის შემდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. დამფუძნებელი დიდი ყრილობა ჩატარდება მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში... ჩვენ ახლა ვიწყებთ და ხედავთ, რომ ინტერესი ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ენდომება ახალ პარტიაში გაწევრიანება, ბევრი ახალი სახე იქნება, შეიძლება ბევრი ძველიც იყოს... რაღაც ასაკის როდესაც ხარ ადამიანი, გამორიცხულია, ძველ დროში არ გეცხოვროს და რამე არ გეკეთებინოს,“ - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც იყო საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და  გამოცდილი დიპლომატია. ის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერიც გახლავთ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები ასევე არიან: ელისო ჩაფიძე, ჟურნალისტი; ირაკლი ღარიბაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტი; არჩილ კბილაშვილი, ადვოკატი; გურამ ოდიშარია, მწერალი; ვანო კიღურაძე, მეცნიერი, მათემატიკოსი, აკადემიკოსი; ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი; ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი; გიორგი (გოგლა) ჟვანია, წარმატებული ბიზნესმენი და ზურაბ ჟვანიას ძმა; თამაზ ავდალიანი,  ადვოკატი;  მანანა კობახიძე, ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი; ნოდარ ხადური, ეკონომისტი; თედო ჯაფარიძე, დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში; გია ვოლსკი, ასევე დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი; ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი. საინიციატივო ჯგუფის წევრებად ბატონმა ივანიშვილმა ასევე დაასახელა: ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი, რომელიც მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და არის ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორი; ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე.

საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას არ ესწრებოდა ბიზნესმენის მეუღლე, ქალბატონი ეკა ხვედელიძე, რომელიც მომავალი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. როგორც ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერიც თავად ის იქნება, რადგან შეძლებს, აღიდგინოს უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა. ეკატერინე ხვედელიძე იმ შემთხვევაში იქნება პარტიის თავმჯდომარე და სიის ლიდერი, თუკი მიხეილ სააკაშვილი მაინც არ დაბრუნდება კანონიერ ჩარჩოებში და მოქალაქეობას არ მისცემს პოლიტიკაში წასულ ქართველ მილიარდერს.

დღეის მდგომარეობით კი საჯარო რეესტრმა არ დაწერა დასკვნა, რომელიც სავალდებულოა პრეზიდენტის მიერ განმცხადებლისათვის მოქალაქეობის მინიჭებისათვის.

„ჩვენ წერილობით მივმართავთ საჯარო რეესტრს და მოვთხოვთ განმარტებას, თუ რატომ არ გაიცა გუშინ საღამოს წერილობითი დასკვნა და მოვითხოვთ მიზეზების დასახელებას, რომლითაც ისინი ახსნიან დასკვნის გაუცემლობას. ჩვენ მოვისმინეთ ზეპირი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება. ერთი განცხადების მიხედვით, ვაშაძე ამბობს, რომ თვის ბოლოს გაიცემა, მეორე განცხადების მიხედვით, მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ, მე მგონი, ხარვეზია დადგენილიო. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებაა“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენით ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება პოლიტიკაში. დღევანდელი გუნდი - ეს არის ერთ-ერთი ამის მაგალითი. დღეს ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც თავის საქმეში იყვნენ აქტიურები, მაგრამ დღეს ერთვებიან პოლიტიკაში, და ეს იქნება საერთო საზოგადოებრივი პროცესი... მან დღეს ჩვენ წარმოგვიდგინა საკუთარ პროფესიაში, საკუთარ საქმეში წარმატებული ადამიანები, რომლებსაც სწორედაც რომ ერთობლივად საქმიანობა შეუძლიათ. ესენი არიან პატივსაცემი, წარმატებული ადამიანები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობებით ოლიმპიური ჩემპიონები თავ-თავის საქმეში“ - ასე აფასებს ქართველი მილიარდერის მიერ წარმოდგენილ საინიციატივო ჯგუფს დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ცნობილი მსახიობის, ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლით  დაამსხვრია მითი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.  „ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია, ავირჩიოთ გზა, როდესაც შეიძლება  ხელისუფლებაში მოვიდნენ წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც არაფრის ეშინიათ და, რაც მთავარია, უყვართ თავიანთი ქვეყანა, მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით. მრავალი წლები, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება, რომ ერთადერთი მოსვლის მიზანიც ადამიანებისთვის თურმე ფულია, როცა მოდიან ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ,  ეს მითიც დაირღვევა. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მძლავრი იარაღი აქვს და ეს იარაღი, საბედნიეროდ, ფულზე არ იყიდება. ეს არის წესიერება, ღირსება და, რაც მთავარია, საქმის უანგაროდ კეთება... როგორც გაზაფხულის მოსვლა შეუძლებელია ვინმემ დააკავოს, ასე ამ გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში შეუძლებელია ვინმემ შეაჩეროს“ - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას მსახიობმა.

„პოლიტიკაში თუ ადამიანი მიდის, ის შემდგარი პროფესიონალი უნდა იყოს, ეს აუცილებელია; მეორეც - პოლიტიკაში წამსვლელ ადამიანს მინიმუმ მატერიალური გარესამყარო მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რომ საშიში არ გახდეს ის საზოგადოებისათვის; მიმაჩნია, რომ არასმქონეს პოლიტიკაში მისვლა საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს“ - მიაჩნია არჩილ კბილაშვილს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადვოკატის პროფესიაში, მაგრამ შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან.

ამრიგად, პოლიტიკაში გამოუცდელმა მილიარდერმა ფსონი პოლიტიკურად გამოუცდელ, მაგრამ წარმატებულ ადამიანებზე დადო. „...მას აქვს ამბიცია და რესურსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძლიერ  პოლიტიკურ ძალას ვერ ქმნის. ეს ადამიანები ჩემზე ახდენენ ასეთ შთაბეჭდილებას, რომ ისინი სათითაოდ არიან შერჩეულნი ივანიშვილის მიერ, მაგრამ ერთად რამდენად შეეძლებათ მუშაობა და სიცოცხლისუნარიანი ჯგუფის შექმნა, ეს სათუოა. შეიძლება, შეიქმნას ამ ხალხისგან გუნდი, მაგრამ, ვფიქრობ, რთული იქნება, რადგან, ჩვეულებრივ, პოლიტიკური გუნდები ასე არ იქმნება - ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ ბევრი საერთო, ქმნიან გუნდებს და ამ შემთხვევაში ასე არ არის“ - ამგვარად აფასებს საინიციატივო ჯგუფს პოლიტოლოგი გია ნოდია. საწინააღმდეგო შეფასებას აკეთებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი: „რეალობაა პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაცია, რომელთაც მიძინებამდე მიიყვანეს სიტუაცია ქართულ ოპოზიციურ ველში და ვერც ერთი დაიკვეხნიდა თუნდაც ინდივიდუალურ სოლიდურ წარმატებას. ამიტომ სხვა პოლიტიკური ძალებისგან ხალხის ამოკრეფას, ვფიქრობ, სიტუაციის დამძიმება უფრო შეეძლო. ვფიქრობ, ამ ჯგუფში წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანან.“

მოუგებენ თუ არა პოლიტიკურ ბრძოლას დებიუტანტები გამოცდილ პოლიტიკურ ძალას, ამას, რა თქმა უნდა, არჩევნები გვიჩვენებს, თუმცა, ბრძოლა რომ იოლი არ იქნება, ეს თავად ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც ესმის. ალბათ, ეს ბრძოლა განსაკუთრებით მძიმე  რეგიონებში იქნება; ასევე, ახალბედა, გამოუცდელი პოლიტიკური ძალისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება ხელისუფლებისათვის პიარისა და საინფორმაციო ბრძოლის მოგება.

 „ჩვენ მოვახერხებთ და, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, დავასრულებთ რეგიონალური წარმომადგენლობების მშენებლობას, და წარვდგებით მთლიანად საქართველოში. კარგად ვაცნობიერებთ, რომ დიდი წინააღმდეგობები იქნება ინფორმაციის გავრცელების კუთხით, მაგრამ აქაც გვაქვს გეგმა და მოვახერხებთ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეთ, უკიდურეს შემთხვევაში ფოსტალიონების სისტემასაც გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პროცესები  გაჭიანურდა, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს და საოფისე ფართების მეპატრონეებზე ახორციელებს ზეწოლას, რომ მათ დადებული ხელშეკრულებები გააუქმონ... „ეს არის სააკაშვილის რეალური დემოკრატია, რომელიც პრაქტიკულად უკრძალავს მესაკუთრეებს საკუთარი ქონების გაქირავებას. მე მგონი, მსგავსი შედეგები, თუ გავიხსენებთ ისტორიას, ბატონ-ყმობას უფრო უახლოვდება, ვიდრე უახლოეს წარსულს...“

მიუხედავად ამისა, 46 რაიონში უკვე არსებობს „ქართული ოცნების“ სტრუქტურები და ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ერთი თვის განმავლობაში, მაქსიმუმ მარტის ბოლომდე, დასრულდება  რეგიონული ქსელის შექმნის პროცესი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია