სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შპს „მადას" წარმოებული პელმენი, ხინკალი, ქაბაბი და სხვა ხორცპროდუქტები საკვებად არ გამოიყენოს
სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. www.eugeorgia.info განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მადას" წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი" აღმოაჩინა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული წარმოების პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება, პარალელურად კი ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
"ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "მადას" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (პელმენი, ხინკალი, ქაბაბი), არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ.
პათოლოგიური მიკროორგანიზმი "მადას" პელმენში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის - სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. საწარმოში, რომელიც მუხიანში მდებარეობს, ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გარდა პათოგენური მიკროორგანიზმით მზა სურსათის დაბინძურებისა, გამოვლინდა კიდევ 2 კრიტიკული შეუსაბამობა: ბიზნეოპერატორს არ აქვს დაცული ხორცპროდუქტების სათანადო ტემპერატურით დამუშავების პირობები, საწარმოში არ არის ცხელი წყალი; ასევე, არ ხდება სურსათთან უშუალოდ შეხებაში მყოფი საგნებისა და აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფიცირება ცხელი წყლით.
კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დარღვევების გამო ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაევალა მავნე სურსათის ქსელიდან გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საჭიროების მიხედვით დამატებით მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის აღმოსაფხვრელად.