დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნინა ანზოროვნა „დიდ პოლიტიკას“ აკეთებს
2010/03/09 12:12:50

ნოღაიდელის შემდეგ ნინო ბურჯანაძე პირველი პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 მარტს გაემგზავრა. პუტინთან შეხვედრის შემდეგ მან საქმიანი შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და მის მოადგილესთან გრიგოლ კარასინთან განაგრძო. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი 5 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს შეხვდა.

„კავკასიის განვითარებისთვის რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია,“- მიიჩნევს სერგეი ლავროვი. მნიშვნელოვნად მიაჩნია ბურჯანაძესთან შეხვედრა ვლადიმერ პუტინსაც და მიესალმება ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივას რუსეთთან მეგობრული კავშირების აღდგენის კუთხით.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და კრიზისის მიუხედავად, ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა გამოიძებნოს,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.
 ნინო ბურჯანაძე აცხადებს: „რუსეთში ჩემი ვიზიტი შეცდომა არ არის, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ. შეცდომა კი ის არის, ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს რომ კარგავს. ამით საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადის. შეცდომაა ხმამაღალი და ანტირუსული ისტერია, რითაც, რეალურად, რუსულ საქმეს აკეთებ და კეტავ ყველა გზას ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მაგრამ არ არსებობს პრობლემური თემა, საიდანაც არ არის გამოსავალი, თუკი მათი გადაჭრა ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. დიპლომატიურ ეტიკეტს არ დავარღვევ და გამართული შეხვედრების დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ შეხვედრები კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გაიმართა და შედეგიანი იყო.“

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა კი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის გამო გააკრიტიკა. „მივიჩნევ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში არ უნდა ჩამოსულიყო. არ არის საჭირო, კრემლის კარზე მიკაკუნება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენას მივესალმები, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თქვენ გყავთ კარგი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და არ არის საჭირო ერთი-მეორის მიყოლებით მოსკოვში ჩამოსვლა და ქედის მოხრა,“ - განუცხადა ქართულ ტელეკომპანიებს ჟირინოვსკიმ.

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტით უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ხელისუფლება ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზეც ალაპარაკდა. აქვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ცალსახად, სახელმწიფო საიდუმლოების მატარებლად ითვლება. ამდენად ხელისუფლება საჭიროდ მიიჩნევს ყველა შეხვედრის საუბრის თემის საჯაროობას. ისინი თვლიან, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა საკითხებზე საუბრობენ ნოღაიდელი და ბურჯანაძე „ქვეყნის მტრებთან“.

ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი პოლიტიკური გუნდი რომან კუსიანმა და ზურაბ ბიგვავამ დატოვეს. გავრცელებული ვერსიის თანახმად, პარტია მათ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო დატოვეს. თუმცა ისინი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.  „გუშინ ეს ადამიანები და მთლიანად მოძრაობის მთავარი საბჭო, მთელი დღის განმავლობაში ოფისში იყვნენ შეკრებილები, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ გულშემატკივრობა ამ პროცესების,“ - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვში მყოფმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ქართველ პოლიტოლოგთა აზრი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე გაიყო. პოლიტოლოგ მალხაზ მაცაბერიძის განცხადებით: „ქართული ოპოზიციის მოსკოვთან დაახლოება დიდი საფრთხის შემცველია.“ რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ:„უპრიანი იქნებოდა, თუ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შედეგებს ხელისუფლება ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს“. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მოსკოვში ვიზიტის გამო ნინო ბურჯანაძის კრიტიკას ნაადრევად მიიჩნევს.

ამ ფონზე კი „რია ნოვოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით: „საქართველო გარედამხმარე ძალებით კვლავ აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს დაურეგულირებელი ქვეყნის რეგიონული პრობლემები არსებობს. ეს კი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.“

ამჯერად პოლიტიკური მზერა ნინო ბურჯანაძის საქართველოში დაბრუნებაზეა მიმართული. სავარაუდოდ მისი დაბრუნების შემდეგ ოფიციალურად გახდება ცნობილი, მართლა განუდგნენ თუ არა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერს თანაპარტიელები. პარალელურად კი ნოღაიდელის და ბურჯანაძის საერთო გეგმებიც ცნობილი გახდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1271
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია