ამერიკის ელჩის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამალავში აღმოჩენილი ვიდეოების შესახებ და აღნიშნა, რომ ის და ამერიკის ელჩი შოკირებულები არიან იმ ინფორმაციით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული. საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
"ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიონ ვიდეოფორები. თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ამერიკის ელჩის მოადგილემ.
ბრიჯიტ ბრინკიმ აღნიშნა ისიც, რომ მისთვის ცნობილია პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების განწყობა და ყველას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ერთგვაროვანი: – უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ!