დღეს ქუთაისში ავტომშენის დასახლებაში კონსერვატორებმა ახალი ოფისი გახსნეს. იმერეთის რეგიონის კონსერვატიული პარტიის ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებში „ეროვნული საბჭოს“ სახელით მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ხვადაგიანი გააცნო.
გოგი წულაიას თქმით: „ეროვნული საბჭო აგროვებს ხელმოწერებს, რათა პენსია გახდეს ასი დოლარი. ამას სააკაშვილი 2008 წელს წინასაარჩევნოდ დაჰპირდა მოსახლეობას, მაგრამ პენსიონერები მოტყუებულები აღმოჩნდნენ. ამ დროისათვის მთავრობამ მხოლოდ თბილისელ მოხუცებს გაუზარდა პენსია 10 ლარით. რა დააშავა რეგიონებში მცხოვრებმა ხალხმა? ისინი ქართველები არ არიან?“
თენგიზ ხვადაგიანი კი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას დასაქმებას, კორპუსების სახურავების შეკეთებას, საკანალიზაციო მილების შეცვლას, პენსიების გაზრდას დაჰპირდა.