ქუთაისში იმატა დაჯარიმებულმა აბონენტებმა და მათმა უკმაყოფილებამ. ელექტროენერგიის გადასახადის ერთი დღის დაგვიანების შემთხვევაშიც კი „ენერგო-პრო“, სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, მომხმარებელს დეპოზიტზე თანხას არიცხავს. ამის მერე აბონენტს მიმდინარე გადასახადთან ერთად ვალად უკვე დეპოზიტის თანხაც აწევს. თუ აქამდე ერთი ტიპის გადასახადის გადახდა უჭირდა, მეორის დამატება კიდევ უფრო პრობლემური ხდება, შესაბამისად, გათიშული აბონენტების რიცხვი იმატებს. ბათუმში ანალოგიური გადასახადი მოიხსნა, ქუთაისში კი საამისოდ ჯერ ადგილობრივთა პროტესტი არ კმარა!
დაჯარიმებას ბანკის მომსახურების 50 თეთრიც დაემატა...
ეს პრობლემა თაბუკაშვილის ქუჩის №22-ში მცხოვრებ მაყვალა არჩვაძესაც შეექმნა. მის აგვისტოს ქვითარში დეპოზიტზე შესატან თანხად 15,28 ლარია მითითებული, მთლიან დავალიანებად _ 30 ლარი. საიდან შეიკრიბა ეს ჯამი, ჯერ ვერ გაარკვია, ხოლო სექტემბრის ქვითარში შესავსებად დეპოზიტად 6,58 მიეთითა..
„რამდენიმე დღით დამიგვიანდა დენის ფულის გადახდა, თუმცა თვის ბოლომდე გადავიხადე, მაგრამ ერთად 30 ლარი, რატომ დამარიცხეს, ვერ მივხვდი. აქედან 22 ლარი ჯარიმა უნდა იყოს, _ ამბობს მაყვალა არჩვაძე.
აბონენტი იმაზეც საუბრობს, რომ ვადაგაცილების შემთხვევაში თუ დაჯარიმების ახალი ფორმა დაწესდა, ამის შესახებ არაფერი იცოდა: „გაფრთხილებული არ ვყოფილვარ, მითხრეს, სადარბაზოებში იყო გამოკრული ინფორმაციაო, მაგრამ მე გარედან მაქვს კარები და სადარბაზოში შესვლა არ მიხდებოდა. ვინც ჩვენს უბანზეა მომაგრებული, მას მაინც ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ?“ _ კითხულობს აბონენტი.
მაყვალა არჩვაძე ითხოვს, თვის ბოლომდე მაინც გადავადდეს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რადგანაც ზოგჯერ რიგების და კიდევ სხვა პრობლემის გამოც კონკრეტულ რიცხვში თანხის გადახდა ვერ ხერხდება. ეს პრობლემა, მისი თქმით, ყველაზე მეტად პენსიონერებსა და უმუშევრებს აქვთ, ყველაზე დიდ უსამართლობად კი ის მიაჩნია, რომ დეპოზიტზე თანხის დარიცხვის მექანიზმი არც თბილისშია და ბათუმშიც ცოტა ხნის წინ ბათუმელების პროტესტის გამო გაუქმდა.
„ქუთაისელებმა განგაში უნდა ავტეხოთ და ამ გადასახადისაგან ვიხსნათ ქალაქი. 35000 ლარი რომ აქვს ხელფასი სემეკის უფროსს, ქუთაისელების ხარჯზე უნდა? ამ გაჭირვებულ ქალაქში ისედაც უმუშევრობაა, სემეკშიც კი აქაური, ქუთაისელი, არავინ დანიშნეს,“_ უკმაყოფილებით აღნიშნავს მაყვალა არჩვაძე.
აბონენტების პრეტენზია ამით არ მთავრდება. ბანკის 50 თეთრიან დანამატზე ქალბატონი ლილი მიხელიძე და სხვა აბონენტებიც საყვედურობენ. მათი თქმით, ყოველთვის ნიკეაზე წასვლას და იქ თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, ამიტომაც ბანკის დანამატის გადახდა უწევთ. თუ აქამდე ეს გათიშული ელექტროენერგიის ჩართვისთვის დაკისრებული საფასური იყო, ახლა ყველა აბონენტს ერიცხება.
„როგორც საქართველოს ბანკში აგვიხსნეს, ბანკიდან ენერგოკომპანიაში თანხის გადარიცხვას 3 დღე აგვიანდებოდა, ახლა კი, იმ დღესვე რომ გადაირიცხოს, იმიტომ გვამატებინებენ 50 თეთრს, ესეც ჩვენი გადასახდელი ყოფილა,“_ გვეუბნება ლილი მიხელიძე.
ამ საკითხის გასარკვევად კი საქართველოს ბანკს დავუკავშირდით. ოპერატორის დაპირების მიუხედავად, მენეჯერთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცეს
დეპოზიტზე დარიცხვის მექანიზმზე ინფორმაცია „ენერგო-პროში“-ც მოვიკითხეთ და სემეკშიც (საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია).
„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დეტალურად განმარტა მისი დარიცხვის მექანიზმი:
სემეკის =20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების = 10 მუხლის თანახმად, თუ აბონენტმა 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ვალდებულია, მიმდინარე დავალიანების დაფარვასთან ერთად დეპოზიტზე შეიტანოს თანხა, საშუალო თვიური მოხმარების ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე დავალიანებასთან ერთად არ შეივსება დეპოზიტი, შეგიწყდებათ ელექტროენერგიის მოწოდება. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტის მოთხოვნის შემდგომი 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში აბონენტი ყოველთვიურად დროულად დაფარავს ელექტროენერგიის ღირებულებას, დეპოზიტზე არსებული თანხა საკუთარ ანგარიშზე დაუბრუნდება.
50 თეთრიან საბანკო გადასახადზე ენერგოკომპანიაში განმარტავენ: განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების, ანდა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების საფასური. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ-ს ჩათვლით განისაზღვროს 50 თეთრის ოდენობით.
თუ ელექტროენერგიის საფასური ქვითარში მითითებულ ვადამდე იხდება, მაშინ აბონენტებისათვის მომსახურება უფასოა..
„ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ გვიხსნიან, რომ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში ახლახანს დაინსტალირებული სპეციალური პროგრამის საშუალებით, აბონენტის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა იმავე დღეს აისახება აბონენტის ანგარიშზე, რასაც ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა.
ბათუმურ პრეცენდენტს რაც შეეხება, „ენერგო-პროში“-ც დაგვიდასტურეს, რომ იმის შემდეგ, რაც სემეკს ბათუმელებმა მიმართეს, საკითხის გარკვევამდე ბათუმში დეპოზიტის გადასახადი მოიხსნა.
რამდენად შეიძლება გავრცელდეს ბათუმური პრეცენდენტი ქუთაისზე, თუ აქაც პროტესტი მოიმატებს, ამ კითხვაზე სემეკში პასუხი არ აქვთ. სემეკის საზოგადოებრივი დამცველის ტელეფონზე მოპასუხე თანაშემწემ, ბექამ გვარიც არ გაგვიმხილა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქუთაისში ეს არ მოხდება, ბათუმში კი დეპოზიტებზე თანხა არასწორად იყო დარიცხული. ამ პასუხს მეტი განმარტება არ მოყოლია. ანუ სემეკს არგუმენტაცია _ რატომ არის ქუთაისი დისკრიმინებულ მდგომარეობაში, არ აქვს.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კი, წესით, ის საშუალება უნდა იყოს, სადაც მომხმარებლის ყველა კითხვას უპასუხებენ. „ენერგო-პრო“-ს ქვითრებშიც მითითებული სწორედ ეს ნომერია, რათა მომხმარებლის პრეტენზიებს უპასუხონ.