დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მედროვეები
2013/02/18 12:18:50

საზოგადოება „სკინერის ყუთში?“

სწორად ამტკიცებენ, რევოლუციის მონაპოვარს, ხშირ შემთხვევაში, ყარტაყურტები ისაკუთრებენო. რევოლუცია მხოლოდ ბასტილიის ან ზამთრის სასახლის სისხლიანი იერიშით აღებას კი არ ნიშნავს, არამედ - მშვიდობიანი გზით დრომოჭმული საზოგადოებრივი ფორმაციის ახლისკენ მობრუნება-შეცვლას. ბუნებრივია, რევოლუციის აღმავალი ხაზით განვითარების პროცესში ნებისმიერი რანგის ცნობადი ლიდერები იკავებენ საკვანძო თანამდებობებს. ეს ფაქტი ლოგიკურიცაა და აპრობირებულიც.

ასე ხდებოდა და მეორდება საქართველოშიც. მაგრამ, ამავე დროს, თვალში საცემია, - ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე, ყოველი საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემიდან მომდევნოზე გადასვლის მომენტში, - გამორჩენის მიზნით, სრულიად უჩინარი, მარადი ფუნქციონერის კვლავინდებურად ხელმძღვანელ პოსტზე ყოფნის ფაქტები.

ექსტრემალურ სიტუაციაში მემინდვრიასავით სოროში მოკალათებული სიბარიტი, იმის მომლოდინე, თუ რომელი ძალა დაწინაურდება, სასწრაფოდ გამარჯვებულის მხარეზე დგება და თავგანწირულ აქტივისტებს დისიდენტი მოსაგრის მსგავსად უწყებს ჭკუის სწავლებას. არც თუ ისე იშვიათად, ეს ილეთი წარმატებასაც კი აღწევს.

ასეთი უჭულბუჭული მედროვე - ლექტორებისათვის წლობით გაუცემელი ხელფასის შედეგად გაზულუქებული კომერციული „უმაღლესი“ სასწავლებლის დირექტორი იქნება ის თუ აღსაზრდელების საჭმლით გასუქებული საბავშვო ბაღის გამგე, - რევოლუციური ვითარების დროს და შემდგომ, ვითომდაც ხელისუფლების საამებლად, მზადაა, გაწიროს სპეტაკი პიროვნების ღირსება თუ კარიერა. ზემოხსენებული ტიპის ინდივიდები, მიმდინარე პროცესის გარეგანი თუ შინაგანი მხარეებისაგან შექმნილ სინამდვილეს ძველი ინდუსების მსგავსად აღიქვამენ, რომელთაც მთელი მატერია და მისი ყოველნაირი ცოცხალი ფორმა სანოვაგის სახით წარმოედგინათ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბოლშევიკების გარკვეულმა ჯგუფმა, თავის დროზე, მარქსიზმის უხეში გაუბრალოებისა და ვულგარიზაციის სინონიმს, გაუკუღმართებულად,                 „შულიატიკოვშჩინა“ დაარქვა. მათი პროპაგანდით, ე. შულიატიკოვის (1872-1912 წ.წ.) წიგნი „კაპიტალიზმის გამართლება დასავლეთევროპულ ფილოსოფიაში“, - რომელიც ბოგდანოვის ანტილენინური მოძღვრებიდან ამოდიოდა, - ფილოსოფიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ბუნებათმეცნიერების განვითარების რთული პროცესის ვულგარიზაცია იყო. ახლანდელი მედროვეებიც, თავიანთი გენეტიკური წინაპრების მიბაძვით, ცდილობენ, საქართველოში შექმნილი ვითარება „შულიატიკოვშჩინად“ წარმოაჩინონ.

ამ  სიტუაციიდან  გამომდინარე,  მატყუარა მედროვე და ჩრდილში მოქცეული ნამდვილი ალამდარი კარდინალურად განსხვავებულ სკალაში ხვდებიან. პირველი იმკის ცვლილებისაგან გამომდინარე სიკეთეს, მეორე იძულებულია, ნულიდან დაიწყოს ყველაფერი. აქ, ძალაუნებურად, გაგახსენდება ამერიკელი ფსიქოლოგის, ბერეს ფრედერიკ სკინერის მიერ საექსპერიმენტოდ კონსტრუირებული მოწყობილობა, რომელმაც „სკინერის ყუთის“ სახელწოდება მიიღო. „სკინერის ყუთი“ წარმოადგენდა გალიას, სადაც ცხოველი თავსდებოდა. აქ დამონტაჟებული მანიპულატორის ზემოქმედებით ხდებოდა ცხოველის მიერ გამოვლენილი რეაქციის რეგისტრირება ანუ მართვა. „მუდმივ“ დირექტორებს დღესაც ჰგონიათ, რომ, მათ გარდა, ყველა ჭკუათხელია, ხოლო სასიკეთო ცვლილებისათვის უანგაროდ თავდადებული მესაგრე თუ ძველი რეჟიმის, ფაქტობრივად, დამამხობელი კოალიცია - „სკინერის ყუთში“ მოთავსებული ცხოველი.

აღნიშნული ზნე-ხასიათის „მოაზროვნეებს“ შევახსენებ, რომ არსებობს ასეთი გაგება - სულის რევოლუცია. კანტი თვლიდა, რომ პიროვნების ეთიკური პოტენციალი წარმოიშობა არა კეთილ თვისებათა თანდათანობითი დაგროვების გზით, არამედ - მსოფლმხედველობის უეცარი გარდატეხის შედეგად. რასაკვირველია,  ამგვარი   მეტამორფოზა   გამორჩენის    მოყვარულთა                                          „პოლიტიკური   რაციონალიზმისათვის“ დამახასიათებელი არ არის. ამიტომ, ანაზდეულად, ასეთი ინდივიდების გამოისობით იბადება იმგვარი ირონიული კითხვა-შეხსენება, რაც გაუჩნდა მეფისტოფელს ფაუსტის მიმართ (პუშკინისეული „სცენა ფაუსტიდან“): „შენ რას ფიქრობდი იმ დროს, როს სხვა არავინ აზრობდა?“ საამდღეო გადასახედიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ კრიტიკულ მოვლენათა ქარცეცხლში მედროვე ინდივიდების სულები სხვაგან დაბორიალობდნენ.

და მაინც, რა როლს ასრულებს წილუხვედრი თანამდებობის მაძიებელი ან შემნარჩუნებელი ამ ვითარებაში? ამის გასარკვევად შემდეგი მაგალითიც საგულისხმოა: ჩინეთში მიმდინარე სამეურნეო რეფორმა, რომელიც „გაიგეს“ სახელწოდებით არის ცნობილი და, ფაქტობრივად, 1978 წლიდან იღებს სათავეს, იმდენად მასშტაბურ უფლებებსა თუ პასუხისმგებლობას ანიჭებდა წარმოების ხელმძღვანელებს, რომ მათი ნაწილი პირველ ხანებში ვერც კი ეგუებოდა გაზრდილ მოთხოვნებს. ზოგმა უარი განაცხადა დაკავებულ თანამდებობაზე.

ამ კუთხით, ჩვენთან საპირისპირო ტენდენცია ლამობს ფეხის მოკიდებას: ეკუთვნის თუ არა, ყველა თანამდებობის მოხვეჭისაკენ მიისწრაფვის.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია