ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრში ყველა მეტოქეს სძლიეს, ფინალში კი 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, რუსეთის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხეს და მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტულს დაეუფლნენ.
მთავარ მწვრთნელ - ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო, 1/8 ფინალში ქართველებმა საფრანგეთს სძლიეს, 1/4 ფინალში მონღოლეთს, ხოლო 1/2 ფინალში უზბეკეთს.
რუსეთთან ფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის მარცხის შემდეგ, საქართველო 0:2 აგებდა, თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა თავიანთ შეხვედრებში იმარჯვეს და ანგარიში გაათანაბრეს - 2:2, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი მძიმეწონოსანმა - ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინს მოუგო და ჯამში საქართველიმ რუსეთი 3:2 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და უზბეკეთმა მოიპოვეს. მამაკაცების პარალელურად, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალებშიც გაიმართა. ტურნირი წაუგებლად იაპონიამ ჩაამთავრა, რომელმაც ფინალში ბრაზილია 3:2 დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილები კი კუბამ და საფრანგეთმა დაიკავეს.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩემპიონატს, ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (91 კგ) გახდნენ.