სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე აგენტი დარღვევებით შევსებული დეკლარაციების გამო გათავისუფლებულია, მათი მასობრივი გათავისუფლება კი წყალტუბოში მოხდა. გადამოწმების შემდეგ მთელ ქვეყანაში დახმარება შეუჩერდა 6700 ოჯახს.
პროგრამის მეთოდოლოგიასა და მისი გადახედვის გზებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სანდრო ურუშაძემ ჩაქვში, მედია-სემინარზე ისაუბრა, მან „PყSყ“-ის შეკითხვებსაც უპასუხა.
- ბატონო სანდრო, სიღატაკის პროგრამაში მოსახვედრად ძირითადი გადამწყვეტი კრიტერიუმი რომელია?
- ცალსახად ამის თქმა ძნელია, თუმცა რამდენიმე ფაქტორია განმსაზღვრელი, მაგალითად, ოჯახის დემოგრაფიული ვითარება. თუ ოჯახის წევრი სასკოლო ასაკისაა და ის სრულწლოვანი ხდება, პროგრამა თვლის, რომ უკვე ოჯახში ეკონომიურად აქტიური წევრი ჩნდება. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. მნიშვნელოვანია სქესიც, რადგანაც სხვადასხვა სქესს განსხვავებული საჭიროებები აქვს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსიც, მაგალითად - დევნილის სტატუსი. დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა მეურნეობას - აქვს თუ არა ოჯახს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ჰყავს თუ არა პირუტყვი. ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა ზემო იმერეთში - სოციალურმა აგენტებმა გვიან საღამოს დაიწყეს ოჯახებში სტუმრობა, იმ დროს, როცა პირუტყვი ბრუნდება შინ, თუმცა ოჯახის წევრები პირუტყვს სადგომში არ უშვებენ იმის მომიზეზებით, რომ ვითომ მათი არაა.
- გამოდის, რომ მეტწილად სიღატაკის ვიზუალური დათვალიერება ხდება?
- დიახ, ჯერჯერობით, ასე გამოდის. ხდება სიღარიბის დაახლოებითი შეფასება, საქართველოში მოქალაქეების ბევრი ხარჯი არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელია, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მოქალაქეების ყველა გადარიცხვას, ტრანზაქციას, თუმცა მალე საჯარო რეესტრი, საგადასახადო სამსახური მოაწესრიგებს მონაცემთა ბაზებს და გავცვლით. ასევე დამქირავებლებიც მოგვაწოდებენ თავიანთ სიებს.
- ჯერჯერობით, პრეტენზიები ისევ ისმის პროგრამის მიზანმიმართულობაზე, იმაზე, რომ სარეიტინგო ქულები არაადეკვატურია...
- ფაქტია, სიღატაკის სიმწვავე ქვეყანაში შევამცირეთ. ამის დასტურია ისიც, როგორ ცდილობენ მოქალაქეები პროგრამაში მოხვედრას. მათი მოტივაცია არამარტო ფულადი დახმარების მიღებაა, არამედ სამედიცინო პოლისისაც. ასევე ბენეფიციარებზე სხვა შეღავათებიც დაწესდა, სასამართლო ბაჟისაგან გათავისუფლდნენ სოციალურად დაუცველები, იუსტიციის სამინისტრომ უფასო ადვოკატი დაუნიშნა.
ცოტა ხნის წინ პროგრამის ბენეფიციარი 6000 დევნილი გახდა, მათ დევნილის შემწეობაზე უარი თქვეს, თუმცა დევნილობა პოლიტიკური სტატუსია და მათ ის ისევ რჩებათ, უბრალოდ, თვითონ გადაწყვიტეს, რა ტიპის ფინანსური დახმარება მიიღონ.
ამ დროისათვის პროგრამის ბენეფიციარი 413000 ადამიანია, დახმარების მიმღებ 55849 ოჯახში ერთი წევრი ინვალიდია.
სხვათაშორის, ჩვენს პროგრამას და სიღატაკის განსაზღვრის მეთოდოლოგიას მსოფლიო ბანკმა მაღალი შეფასება მისცა. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი სიით სარგებლობს, სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილიც კი ჰქმნის მის რაიონში სოციალურად დაუცველთა ბაზას და ყველას აღარ ეხმარება.
- სოციალური აგენტის სტუმრობის გარდა, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობა სხვა ალტერნატიული მეთოდებით თუ გადამოწმდება?
- ხშირ შემთხვევაში მეზობლები ძალიან ობიექტურ სურათს ხატავენ, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ ოჯახს დახმარება. მათი მეშვეობით ვიგებთ, ცხოვრობს თუ არა მოქალაქე აღნიშნულ მისამართზე, ზოგჯერ ორ მისამართზეც ცხოვრობენ. ეს გამოკითხვები კი ანონიმურია.
- ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის ჯგუფმა საეჭვო ბენეფიციარები და სოციალური აგენტები გადაამოწმა, უფრო კონკრეტულად, რა დარღვევები აღმოჩნდა?
- განთავისუფლებულია წყალტუბოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მთლიანი შემადგენლობა. დახმარება შეუჩერდა 6700 ოჯახს, მათ შორის - 1000-ზე მეტ ოჯახს აჭარაში, ამის თაობაზე პრეტენზია სულ რამდენიმე ოჯახმა გამოთქვა.
ჭიათურაში კი „ჭიათურმანგანუმისა“ და პროგრამის ბენეფიციარების სიები რამდენიმე შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა... მაშინ, როდესაც ისინი მალავდნენ, რომ დასაქმებული იყვნენ.
სოციალურმა აგენტმა არასდროს იცის, პროგრამაში მოხვედრის მსურველი მიიღებს თუ არა დაბალ ქულას, თუმცა იყო ასეთი შემთხვევა, რომ მან კოპირება მოახდინა იმ დეკლარაციის პუნქტების, რომელსაც დაბალი ქულა მიენიჭა.
- კონტროლის ჯგუფი რა მისამართებზე გადის?
- ეს არის სხვადასხვა ინფორმაციით მიღებული მისამართები, ამ მისამართებს ზოგჯერ თვითმმართველობა, ზოგჯერ მოქალაქეებიც გვაწვდიან, სხვადასხვა ბაზიდან ვიღებთ ინფორმაციას, ასევე კონტროლის ჯგუფს აქვს საკუთარი ინფორმაციაც.
- მათ შორის ანონიმურ განცხადებებზეც რეაგირებთ?
- დიახ, გვიწევს ხოლმე.
- რაც შეეხება განმეორებით შემოწმების პროცედურას?
- მას ორი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: თუ დეკლარანტი არ ეთანხმება ქულას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს, რომ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველას ვურჩევ, დეკლარაცია ჯერ წაიკითხოს და მის თითოეულ გვერდს ხელი ისე მოაწეროს.
განმეორებითი შემოწმების მიზეზი შეიძლება გახდეს სამსახურის დაკარგვა, ან ის, რომ ვიღაც საწოლს მიეჯაჭვა; საცხოვრებელი დაჰკარგა, თუ ბინა გაუყიდეს...
თუ უბრალოდ პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს და ისე უნდათ გადამოწმება, მაშინ მინიმუმ ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ მასთან სოციალური აგენტი მივიდეს. ერთ წლამდე შესვლას აზრი არ აქვს, ყველა შესვლა ამ ოჯახისათვის ერთგვარი იმედია და იმედი რატომ უნდა გავუცრუოთ? ერთი წელი არის ის გონივრული ვადა, როცა ოჯახში არსებითად რაღაც იცვლება. დეკლარაციის შევსების დროს ბოლო ერთ წელში გაწეულ ხარჯებს აქვს მნიშვნელობა.
- ხომ არ გადაიხედება და გაიზრდება სარეიტინგო ქულა?
- საამისოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს.