დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილები საკუთარ უფლებებს სწავლობენ
2013/02/28 15:46:24

27 თებერვალს ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ ქუთაისში არსებული დევნილთა პრივატიზებული ცენტრების ამხანაგობებისა და კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების სამოქალაქო ფორუმი მოაწყო თემაზე „როცა საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია და უნარ-ჩვევები გაქვს, ხარ ძლიერი!“

ორგანიზატორებმა ფორუმში მონაწილეობისათვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოიწვიეს ქუთაისის მუნიციპალური ტერიტორიული ორგანოებისა და არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რათა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად განეხილათ ფორუმის წინაშე დასმული პრობლემა: დევნილები არ არიან ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; მათ არ გააჩნიათ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობისას საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებების შესახებ საჭირო ინფორმაცია. ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენელმა თამარ მიქაუტაძე-ელბაქიძემ ფორუმის გახსნისა და მონაწილეთა წარდგენის შემდეგ „აფხაზინტერკონტის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება დევნილთა ამხანაგობებს, უკეთ მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ჯანსაღი კომუნიკაცია, თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობების აქტიურად განხორციელება.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა მიზნობრივ აუდიტორიას ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უფლებები და შესაძლებლობები ენიჭებათ მათ კანონის საფუძველზე; რა უნდა იცოდნენ დევნილმა მოქალაქეებმა, როცა ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართავენ, რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს მათ მიერ წერილობით შედგენილი განცხადება; სამი ოფიციალური სტრუქტურიდან (დევნილთა და განსახლების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა) რომელს რა შემთხვევაში უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად.

ფორუმის მთავარი სტუმრის მისამართით დაისვა არაერთი შეკითხვაც, თუმცა აუდიტორიას პრობლემის ირგვლივ კონკრეტული პასუხების მოსმენა, უფრო მეტად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსის, დავით აფციაურისაგან სურდა, ის კი ფორუმს, მიუხედავად იმისა, რომ მოწვეული იყო, არ ესწრებოდა. უკმაყოფილო დევნილებმა აღშფოთება ხმამაღლა გამოხატეს იმის გამო, რომ სახელმწიფო მოხელემ, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც აარიდა თავი მათთან შეხვედრას. ფორუმის ორგანიზატორებმა თხოვნით მიმართეს აუდიტორიას, პიროვნების ადგილზე არყოფნის გამო, თავი შეეკავებინათ მისკენ მიმართული მწვავე განცხადებებისაგან. თუმცა აფციაურის „კაბინეტური სამუშაო სტილის“ დახასიათება დევნილებმა რამდენიმე წუთით მაინც მოასწრეს.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია