დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა წერეთელი: „სადაზღვევო სისტემა ჩვენში მხოლოდ ფულის გაკეთების მანქანად აღიქმება“
2013/05/07 12:52:33

„პოსტსკრიპტუმს“ სადაზღვევო საკითხებზე  ესაუბრა ნორვეგიის სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

 

- ბატონო ზაზა, რა ტიპის სადაზღვევო სისტემებია ევროპასა და, საერთოდ, დემოკრატიულ დასავლეთში, რაც ჯანმრთელობის დაცვასთან არის დაკავშირებული?

 

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ დაზღვევა ემყარება ე.წ. სოლიდარობის პრინციპს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რამდენიმე ადამიანის მიერ დადებული ფული ხმარდება იმას, ვინც საჭიროებს რაიმე დახმარებას, მიუხედავად იმისა, რამდენი გადაიხადა ამ პიროვნებამ. ანუ, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ პიროვნებას და ვეხმარებით.

არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის ორი ტიპი: სახელმწიფო/საყოველთაო და კერძო.  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაზღვევა, ძირითადად, წარმოადგენს სოციალური დაზღვევის ნაწილს და მის საფუძველზე ფინანსდება. მაგალითისათვის მოვიყვან ესტონეთს, სადაც ამჟამად ვცხოვრობ და ქვეყანას, რომელიც, როგორც ჩვენ, ერთ დროს იყო სსრკ-ის შემადგენლობაში.  ესტონეთში ყველა მომუშავე იხდის სოციალურ გადასახადს, რომელიც არის მთელი შემოსავლის 33%, აქედან 20% მიდის საპენსიო დაზღევაზე, ხოლო 13% ხმარდება ჯანმრთელობის დაზღვევას.  ამავდროულად, სახელმწიფო დაზღვევა ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიების არსებობას, რომელთაც არ, ან ვერ შეუძლიათ, ჰქონდეთ შემოსავალი და მათი ჯანმრთელობის დაცვაც ამ თანხებიდან ხორციელდება. ასეთებია: ორსული ქალბატონები, ყველა პიროვნება 19 წლის ასაკამდე, სტუდენტები და პენსიონერები. სახელმწიფო დაზღვევა ფარავს ოჯახის ექიმის მომსახურებას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, საბაზისო ჰოსპიტალურ მომსახურებას და მედიკამენტებს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰოსპიტალური მომსახურეობის მიღება (თუკი ეს სასწრაფო-გადაუდებელ დახმარებას არ გულისხმობს), შეუძლებელია საოჯახო ექიმის მიმართვის გარეშე და სამედიცინო დახმარება, რომელიც გათვალისწინებულია, დაიფაროს სახელმწიფოს მიერ, ასევე გარკვეული სიით შემოიფარგლება.

ყველაზე ცნობილი სახელმწიფო დაზღვევის სიტემა აქვს გერმანიას. ის ჯერ კიდევ ოტო ბისმარკის დროს იქნა შექმნილი და, დაახლოებით, 1883 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის გერმანიაში მოსახლეობის, დაახლოებით, 87%, ამ დაზღვევით არის დაფარული.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფულის ადმინისტრირება, ვგულისხმობ სახელმწიფო დაზღვევას, სხვადასხვანაირად შეიძლება განხორციელდეს.  ესტონეთში, რომლის მაგალითიც  მოვიყვანე, ეს ფონდი კონტროლდება „სახელმწიფო დაზღვევის ფონდით“, საფრანგეთში  ეს ხორციელდება ე.წ. არამომგებიანი ფონდის მეშვეობით და ა.შ.

 კერძო დაზღვევას პიროვნება მიმართავს მაშინ, თუკი  დამქირავებელს არ აქვს საშუალება, შესთავაზოს  მას დაზღვევა, ან თუკი ინდივიდს სურს, გააფართოოს იმ სამედიცინო მომსახურების სია, რომელიც, მისი აზრით, მას შეიძლება დასჭირდეს და, რომელიც სახელმწიფო დაზღვევით არ იფარება.  კერძო დაზღვევა გაძლევს ასევე საშუალებას, ამოირჩიო ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება, რაც სახელმწიფო დაზღვევის დროს არ შეიძლება. კერძო დაზღვევა შეიძლება განახორციელო როგორც ინდივიდუალური, ისევე ჯგუფურიც, ანუ ოჯახის წევრებზეც. ცხადია, ამ დამატებითი სერვისისათვის საჭიროა ფული და, შესაბამისად, კერძო დაზღვევისთვის ინდივიდი თავად იხდის ე.წ. „პრემიუმს“, ანუ ყოველწლიურ გადასახადს. ამ პრემიუმის რაოდენობა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, დაწყებული ასაკიდან, დამთავრებული პროფესიით თუ დასაფარი მომსახურეობის არეალით.

- თუ თვალს ადევნებდით, ალბათ, კრიტიკულად იქნებით განწყობილი ქართული სადაზღვევო სისტემის მიმართ, რომელიც გვქონდა...

- მართალი გითხრათ, ცოტა ძნელია, იმას, რაც საქართველოში იყო, სადაზღვევო სისტემა უწოდო. ის, რომ კომპანია დააარსო და მას სადაზღვევო უწოდო; ასევე ის, რომ გარკვეული გადასახადები დააწესო და გარკვეული მომსახურების პაკეტებიც შექმნა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო სისტემა არსებობს.

 სისტემა ნიშნავს, რომ ყველაფერი გათვლილია სამედიცინო შემთხვევის პირველივე წუთიდან ამ მომსახურების დამთავრების ბოლო წუთამდე. სულ უბრალო მაგალითი: იმისათვის, რომ დაზღვევა აამუშავო, საჭიროა  თითოეული სამედიცინო მანიპულაცია გაიწეროს და განფასდეს, იმისათვის, რომ: ა) სადაზღვევომ იცოდეს, თუ რისი გადახდა მოუწევს; ბ) ექიმმა იცოდეს, თუ რის მიღებას შეძლებს, და გ) პაციენტმა იცოდეს, თუ რისთვის იხდის ფულს. 

 თითოეული მანიპულაციის უბრალო შეფასებაც არ არის საკმარისი, რამეთუ შემდგომ უნდა დადგინდეს ის სტანდარტები, რომელიც ამა თუ იმ მანიპულაციათა ნაკრებია და რომლებიც გარკვეული დაავადების დროს უნდა განახორციელოს ექიმმა. სწორედ ეს სტანდარტები განსაზღვრავს, თუ რა დაჯდება ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა და, შესაბამისად, რა უნდა იყოს სადაზღვევო პრემიუმი.

 ყველაფერი ეს უნდა დადგინდეს და შეთანხმდეს სამედიცინო საზოგადოების და ფინანსისტების აქტიური მონაწილეობით. 

 ეს მხოლოდ მინიმუმი, რაც აუცილებელია განსახორციელებლად.  არსებობს კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი იმისათვის, რომ სადაზღვევო სისტემა ამუშავდეს, მაგალითად, არბიტრაჟი, სადაც სადაო საკითხების განხილვა მოხდება და, რა თქმა უნდა,  გამართული სამედიცინო სისტემა.

 საქართველოში კი დაარსდა ფირმები, რომლებმაც დადეს კონტრაქტები გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებთან, ვისაც, მათი აზრით, ჰქონდათ ან კარგი აპარატურა, ან ჰყავდათ ცნობილი ექიმები. მომსახურებას დაადეს მიახლოებითი ფასები, ყოველგვარი ზემოთჩამოთვლილი გათვლების გარეშე  იმ პრინციპით, რომ ექიმი დათანხმებულიყო მუშაობაზე, ხოლო სადაზღვევოს კი დარჩენოდა მოგება. აღნიშნული გათვლების საფუძველზე ადგენდნენ იმ გადასახადის რაოდენობას, რომელსაც  სთავაზობდნენ მოქალაქეებს.

 პრობლემა იყო ისიც, რომ ამ მომსახურეობის შეთავაზება, ვგულისხმობ სადაზღვევოს მედიცინას, მოხდა ყოველგვარი წინასწარმოსამზადებელი სამუშაოების გარეშე და მოსახლეობას არც კი მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობდა ეს სისტემა. ამიტომაც არაა  გასაკვირი, რომ იყო უამრავი შემთხვევა უკმაყოფილებისა, როდესაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იგებდა, რომ ესა თუ ის მომსახურეობა არ იფარებოდა მისი დაზღვევით. მოსახლეობა აგრეთვე დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ ის, რაც ადრე მისთვის უფასო იყო, გახდა ფასიანი, თუმცა არანაირი განსხვავება არ იყო იმაში, თუ რას სთავაზობდნენ ადრე და სთავაზობენ  ახლა.

 ამ სისტემის სრული დისკრედიტაცია მოხდა მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად „ფანტასტიური“ ქმედება განახორციელა და მოსახლეობას 5 ლარად დაზღვევა შესთავაზა. ყოვლად წარმოუდგენელია, რა მომსახურება შეიძლებოდა დაეფარა 5 ლარს.  ისიც ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ამ იდეის ავტორთაგან ვინმეს თუნდაც რაიმე მარტივი გათვლა ჰქონოდა განხორციელებული და დაეთვალა, რას სთავაზობდა მოსახლეობას. ერთადერთი მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და პირველი ლედის, ქალბატონი სანდრა რულოვსის, რეკლამირება. შედეგად კი მივიღეთ გაწბილებული მოსახლეობა, გალანძღული ექიმები და ჰაერში გაფანტული ფული.

 აქვე მახსენდება წინასაარჩევნო სადაზღვევო მარათონიც და ის წარმოუდგენელი ფაქტები, როდესაც მინისტრ ჭიაბერაშვილის დავალებით, სამინისტროს წარმომადგენლები შაბათ-კვირას საგანგებო მდგომარეობის გრაფიკზე იყვნენ გადასულნი, ახალი ნაციონალური სადაზღვევო „სასწაულის“ განსახორციელებლად, თუმცა გაუგებარი იყო, რა კავშირში იყვნენ სამინისტროს მუშაკები დაზღვეულ პაციენტებთან, ან რატომ უნდა გვეცხადებინა ყოველ საათს, თუ რამდენმა პიროვნებამ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

 ყოველივე ამის გამო, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს თვალწინ ბევრი კომპანია გაკოტრდა და ბევრი სამედიცინო დაწესებულება დღესაც იბრძვის გაწეული მომსახურების საფასურის მიღებისათვის. არაფერს ვამბობ მოქალაქეებზე, რომლებსაც სრულიად წაუხდათ წარმოდგენა სადაზღვევო სისტემაზე და ის ახლა მხოლოდ ფულის გაკეთების მანქანად აღიქმება.

- ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებში ბენეფიციარს წელიწადში რამდენჯერმე აკითხავს სადაზღვევო კომპანია და ინტერესდება მისი მდგომარეობით. პირადად, რამდენიმე წელია, დაზღვეული ვარ და არასდროს დაინტერესებულა დამზღვეველი ორგანიზაცია ჩემი მდგომარეობით. რას გვეტყოდით ამაზე?

- არა, აქ საქმე ცოტა სხვანაირად არის. უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაეზღვიოთ, ვგულისხმობ კერძო დაზღვევას, თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება. სადაზღვევო კომპანიამ უნდა იცოდეს, თუ ვისთან აქვს საქმე, რომ იმისდა მიხედვით შემოგთავაზოთ მომსახურების პაკეტი. მაგალითად, თუკი თქვენ გაწუხებთ გული ან კუჭი, სადაზღვევო სისტემამ იცის, რომ რისკი იმისა, რომ ამ დარგის სპეციალისტებს უფრო ხშირად მიმართავთ, გაიზრდება და, შესაბამისად, მასაც მეტი დანახარჯი ექნება. 

ცხადია, კომპანია მაშინვე გთავაზობთ ისეთ პაკეტს, სადაც ეს რისკები გათვალისწინებულია, მაგრამ იგი ცოტა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, სრულიად ჯანმრთელი რომ  ყოფილიყავით. ასეთივე ცვლილება ფასში შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტის და ალკოჰოლის აქტიურმა მიღებამ, ან, მაგალითად, წინაპრებში გარკვეული დაავადებების არსებობამ. განსხვავებაა გადასახადებში მამაკაცსა და ქალს შორის (თუნდაც ერთი და იგივე ასაკის).

 ცხადია, როდესაც თქვენ ამა თუ იმ მიზეზით მიმართავთ ექიმს, ეს მაშინვე ფიქსირდება და სადაზღვევო კომპანიამაც იცის, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ჯანმრთელობა და მის მომავალ მომსახურებასაც ამის მიხედვით განსაზღვრავს. ამიტომაც არის  განსხვავებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. რაც უფრო შედიხართ ასაკში, მით უფორ მეტია გადასახადი, რადგან ალბათობა ჯანმრთელობის გაუარესებისა იზრდება.

 სამედიცინო მომსახურება მუდმივ კავშირშია სადაზღვევო სისტემასთან, რამეთუ მისი დაფინანსება ამ სისტემის მეშვეობით ხდება. შეუძლებელია, თქვენ, როგორც ქვეყნის მოქალაქემ, მიიღოთ სამედიცინო მომსახურება ისე, რომ სადაზღვევო სისტემას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს.  ამიტომ, სადაზღვევოს არ სჭირდება თქვენი მონახულება. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეს ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა,  მაგრამ თუკი სადაზღვევო ხედავს, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულწილად უარესდება, ის გთავაზობთ მომსახურების პაკეტის გადახედვას ისე, რომ არც თვითონ იყოს წაგებაში და არც თქვენ იყოთ უკმაყოფილო. სადაზღვევო სისტემა ბიზნესია და ის უკავშირდება ფულს, ამიტომაც მისი ეს ქმედება არ არის გასაკვირი.

 საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეიძლება სამედიცინო დახმარება ისე მიიღო, რომ სადაზღვევო სისტემამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს, ასევეა მედიკამენტების შეძენაც. შესაბამისად, როგორც უკვე წინა კითხვაში გიპასუხეთ, შეუძლებელია, ვისაუბროთ ჩვენთან სადაზღვევო სისტემის არსებობაზე.

 ერთადერთი, როდესაც სადაზღვევოს წარმომადგენელმა შეიძლება თქვენ მოგაკითხოთ და თქვენი მდგომარეობით დაინტერესდეს, შეიძლება მოხდეს მაშინ, თუკი მას ეჭვი დაებადება თქვენს მიერ დაზღვევამდე მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში. შესაძლებელია, თქვენ დაუმალოთ, ან არ იცოდეთ გარკვეული დაავადება და სამედიცინო მომსახურების დროს ეს ფაქტი გამომჟღავნდეს. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია დაინტერესდება, თუ რატომ მოხდა ეს და ამისდა მიხედვით მიიღოს ზომები (თქვენ თავად მოგიწიოთ ამ მომსახურების საფასურის გადახდა, ან საერთოდ გაგიუქმონ დაზღვევა).

- საქართველოში ახლა დაიწყო საყოველთაო დაზღვევა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასება მიეცა. თქვენი აზრით, საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ორჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით, შეძლებს სრულყოფილი პაკეტის მიწოდებას მომხმარებლისათვის?

- ჩემთვის ცოტა ძნელია ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, რადგან არ ვიცი, თუ რამდენია ახლანდელი ბიუჯეტი და რამდენი იქნება გაზრდის შემდეგ. ჩემთვის ისიც უცნობია, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენი პროცენტი მიდის საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტზე. მაგალითისათვის გეტყვით, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ეს ციფრი მერყეობს 9-დან 15 პროცენტამდე. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, რა იქნება ამ ბიუჯეტის გაზრდის შედეგი.

 ამავე დროს, გითხრათ ის, რომ სრულყოფილი პაკეტის მიწოდება მოხდება ასე მცირე დროში, ცოტა საეჭვოა. დავაზუსტებ ჩემს პასუხს: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, განვმარტოთ, თუ რას ვგულისხმობთ სრულყოფილ პაკეტში. რა მომსახურებას და რა დაავადებებს შეიცავს ეს პაკეტი.  შეიძლება ვინმესთვის სრულყოფილი იყოს მხოლოდ 1 ან 2 ვიზიტის დაფინანსება და მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დაფარვა.   ზოგიერთისთვის კი სრულყოფილი იქნება პაკეტი, თუკი ის სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრსა და ესთეტიური მედიცინის მომსახურებასაც შეიცავს. ეს პირველი მიზეზი ჩემი ეჭვებისა.

 მეორეც, სადაზღვევო სისტემა ძალზე სკურპულოზურ და დეტალურ გათვლებს ეფუძნება. მართალი გითხრათ, არ მსმენია ასეთი გათვლების შესახებ. აქვე დავძენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობ საქართველოში, მაქვს კონტაქტები ჩემს კოლეგებთან და ამაზე დაყრდნობით ვამბობ ამას. შესაბამისად, ასეთი გათვლების არარსებობის გარეშე, წარმოუდგენელია, მხოლოდ თანხების რაოდენობის გაზრდით მოხდეს სადაზღვევო მომსახურების გაუმჯობესება. კი, ცხადია, რომ ფინანსების გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ მის მიერ დაფარული ქმედებების არეალი, მაგრამ, როცა ჩვენთვის უცნობია, თუ ზუსტად რამდენია საჭირო ამა თუ იმ არეალის დასაფარად, ცოტა ძნელი ხდება საბოლოო შედეგის გათვლა.

ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტად გაწერილი და სამედიცინო საზოგადოებასთან შეთანხმებული სია, თუ რომელი დაავადება რომელ პროცედურას შეიცავს (მისი მკურნალობისას) და, შესაბამისად, რომელი პროცედურის დაფინანსება ხორციელდება საყოველთაო დაზღვევით. სულ ახლახანს საუბარი მქონდა ჩემს ერთ კოლეგასთან საქართველოში, მეტად ცნობილი ქირურგია. მისი უკმაყოფილება იმითი იყო გამოწვეული, რომ სწორედ ამ დიალოგის და შეთანხმების არარსებობის გამო, საყლაპავიდან სისხლდენა არ ითვლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენად და, შესაბამისად, არ ფინასდება, ან თუ ჩაჭედილმა თიაქარმა ნაწლავი არ დაანეკროზა (რაც უკვე ცუდი გამოსავალია) - მისი მკურნალობა არ ფინანსდება. ადვილი მისახვედრია, ასეთი პრობლემები ვერ შეუწყობს ხელს საყოველთაო დაზღვევის წარმატებულად განხორციელებას.

 მართალი რომ გითხრათ, „მოჩქარეს მოუგვიანდესო“ პრინციპის მეშინია და თქვენი ეს შეკითხვაც ასე აღვიქვი. კი, გასაგებია, რომ სახელმწიფოს სურს, გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო მოსახლეობას სურს, ეს, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს, მაგრამ ამის ასე სწრაფად და გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე ვერ გააკეთებ. სამწუხაროდ, ამ მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ჯერ არ მსმენია და, თუკი რამ არის ჩატარებული, ხშირად ნაჩქარევი და ნაუცბათევი ქმედების სახეს ტოვებს.

 ამის დამადასტურებლად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან და აქ შევჩერდები, რომ თქვენი მკითხველი არ დავღალო. ალბათ, ბოლო დროს ყველას გვესმოდა წითელას შემთხვევების მომატების შესახებ. ეს გარკვეულწილად იმუნიზაციის პროგრამაში (რომელიც ასევე სადაზღვევო სისტემაში ჩასვეს) არსებული პრობლემებით იყო გამოწვეული.  ჩემი კარიერის დასაწყისში საქართველოში სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობდი და მახსოვს, რა დიდი წარმატებები იქნა მიღწეული, მიუხედავად იმ დროს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა. ახლა კი ბავშვებს აზღვევენ და წერენ დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანუ დედა თუ ჩაწერილია თბილისში, ბავშვმაც იქ უნდა მიიღოს მომსახურება. ტერიტორიული პრინციპი არ არსებობს და ასაცრელად უნდა ჩახვიდე იქ, სადაც ჩაწერილი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღევა გაქვს და აცრაზე უარი ვერ უნდა გითხრან. აი, კიდევ მეორე  პრობლემა, რომელიც იწვევს სადაზღვევო სისტემისადმი უკმაყოფილებას და, რაც მთავარია, იმუნიზაციის დონის შემცირებას.

 სანამ არ მოხდება მეტად ზუსტი და მაღალპროფესიული გათვლების ჩატარება, სანამ იურიდიული და ფინანსური ბერკეტები ისეთი არ გახდება, რომ მათ ხელი შეუწყონ სადაზღვევო სისტემის განვითარებას და გაძლიერებას, მანამდე ცოტა ძნელია, მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე იფიქრო საყოველთაო სადაზღვევო სისტემის წარმატებულ განხორციელებაზე.

- თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დავა? მედიკოსები ჩივიან, რომ სადაზღვევო კომპანიები არ იხდიან დროულად სახდელებს და უფასოდ უწევთ მუშაობა.

- ამ კითხვაზე უკვე გავეცი პასუხი. ხელოვნურად წარმოქმნილი ერთეულები ვერასდროს იმუშავებს პრობლემების გარეშე.

 სადაზღვევო კომპანიებმა ისე გააკეთეს გათვლები, რომ არ ჰქონიათ მჭიდრო კონტაქტი სამედიცინო თუ ფინანსური სფეროს ფართო სპექტრთან.  მათი მთავარი ამოცანა იყო მოგება, რაც გასაგებია, რადგან დაზღევა  ბიზნესის ერთ-ერთი ნაირსახეობაა,  მაგრამ  ნებისმიერი ბიზნესი იმისათვის, რომ წარმატებული იყოს, ჯერ ბაზარს სწავლობს დაკვირვებით და მხოლოდ შემდეგ იწყებს თავის მოღვაწეობას.

 ბევრი სამედიცინო დაწესებულება იმიტომ დათანხმდა სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობას, იმედი ჰქონდა, რომ ეს მათ შემოსავლებს გაზრდიდა და ექიმები, რომლებიც მუდმივად უჩივიან ხელფასების ნაკლებობას (რაც მეტად სამწუხარო ფაქტია), უფრო კმაყოფილნი იქნებოდნენ თავიანთი ანაზღაურებით. მაგრამ შემდგომ გამოირკვა, რომ ყველაფერი ასე ადვილი და მარტივი არ იყო.

 რაც მთავარია, ამ ორი სუბიექტის მოლაპარაკებებში (ვგულისხმობ სადაზღვევო და სამედიცინო სფეროებს) მათ სულ დაივიწყეს, რომ  მთავარი საზრუნავი პაციენტია და თუკი ის უკმაყოფილოა და აღარ იყიდის მათ მომსახურებას, ორივე წაგებაში დარჩება.

 თქვენს კითხვაში მეორე პრობლემაც არის ნახსენები, რომელიც ასევე ადრე  აღვნიშნე. არ არის შექმნილი სპეციალური სტრუქტურა, რომელიც გაარჩევს დავას სადაზღვევოებსა და ექიმებს შორის  და რომც იყოს შექმნილი და გაარჩიოს ეს დავები, იმდენად ზოგადია და გაუწერელი არსებული ხელშეკრულებები, რომ დავის გამრჩევსაც გაუჭირდება მტყუან-მართლის დადგენა. შესაბამისად, ქირურგმა შეიძლება წარმატებით უმკურნალოს პაციენტს საყლაპავის წყლულზე, მაგრამ ვერანაირი გასამრჯელო ვერ მიიღოს იმის გამო, რომ საყლაპავიდან სისხლდენა არ ითვლება კუჭ-ნაჭლავიდან სისხლდენად, თუმცა საყლაპავი კუჭ-ნაწლავის სისტემას მიეკუთვნება. პაციენტმა კი იცის, რომ დაზღვეულია და არ აპირებს გადახდას. აი, ასე, წრეზე ვივლით იმის დასადგენად, თუ ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი.

 ბოლოს ერთ რამეს დავსძენ. სადაზღვევო სისტემამ შეუძლებელია იფუნქციონიროს, თუკი სამედიცინო სისტემა არ ფუნქციონირებს.  სააკაშვილმა კი მოახერხა, რომ 9 წელიწადში, თავის გუნდის დახმარებით, მთლიანად გაენადგურებინა სამედიცინო სისტემა. სხვადასხვა მოდელის ბრმა კოპირება ქართული რეალობის გაუთვალისწინებლად მხოლოდ იმისათვის, რომ უცხოელებთან მოეწონებინა თავი, გაუმართლებელი კრიტიკა და პირდაპირი ნადირობა ექიმებზე და კატასტროფულად უცოდინარი მინისტრები - აი, სულ მცირე ჩამონათვალი იმ მძიმე დარტყმებისა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაყენა ქართულ მედიცინას.

 ერთადერთი იმედი ახლა იმაზეა, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოაზროვნე და პროფესიონალი ექიმები საქართველოში და ის, რომ სახელმწიფო ხვდება ახლა და პრიორიტეტად გამოაქვს სოციალური სფერო (რაც ჯანდაცვასაც მოიცავს). იმედია, დღევანდელი ხელისუფლება უარს იტყვის ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმის პრაქტიკაზე, დაეკითხება პროფესიონალებს და მიხვდება, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ღირებული არაფერი არსებობს ამ ქვეყნად და მის ხელშესაწყობად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1347
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია