დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ
რა ნახეს უცხოელმა ჟურნალისტებმა დვანსა და დიცში?
2013/09/29 11:00:01

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლები დიცი და დვანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 35 უცხოელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა. დვანთან ახლოს ერთ-ერთ ჟურნალისტს მობილურმა ტელეფონმა ამცნო, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სოფელ დიცში ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ აშენებენ მავთულხლართებს და ღობეებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები, მაშინ როცა, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით, რუსული შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდნენ. აშშ-ში BBC-ის კორესპონდენტს ტარა მაკკელვის რუსეთის ხელისუფლების ”სიურპირიზი” არ გაჰკვირვებია.

”ამერიკელისთვის რუსეთის აგრესიის ფაქტი გასაკვირი არ არის. რუსეთის მთელი ისტორია ხომ სხვა ქვეყნებზე დომინირების მცდელობაა. შესაბამისად, სულაც არ მიკვირს ამ საზღვრის გარშემო შექმნილი ვითარება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტარა მაკკელვიმ.

სამხედრო ჟურნალისტი ისრაელიდან ამირ ბოჰბოტი, რომელიც საქართველოში ადრეც არაერთხელ ყოფილა, ამბობს, რომ არსებული სიტუაცია მისთვის გასაგებია და საინტერესო რამდენიმე მიზეზით:

”როგორც სამხედრო კორესპონდენტმა, ვიცი, რომ 2008 წლის ომამდე ისრაელის ბიზნესმენები ჩართულნი იყვნენ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საქმეში. ამიტომ ისრაელის პოზიციიდან, ჩემი პოზიციიდან, ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, რა ხდება ომის შემდეგ. თანაც, მსგავსი სასაზღვრო პრობლემები ისრაელსაც აქვს ეგვიპტესთან, ღაზის სექტორში, ლიბანთან, სირიასთან”.

სოფელ დიციდან ჟურნალისტები დვანში ჩავიდნენ და თავად ნახეს, თუ მახაჭაშვილები, კორაშვილები და მეკარიშვილები როგორ შლიდნენ საკუთარ სახლ-კარს და როგორ გაჰქონდათ შემორჩენილი ნივთები სოფლის იმ ნაწილში მდგარი თავიანთი დამწვარი სახლებიდან, რომელიც რუსული ძალების მიერ გასავლები მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩება. შეკითხვები, რომლებიც უცხოელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ, იყო ის, თუ რაში სჭირდებოდათ რუსებს სხვისი სახლები, რატომ სწევდნენ უკვე გავლებულ ე.წ. საზღვარს კიდევ 50 მეტრით და რატომ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ჟურნალისტებს დვანელები შემოეხვივნენ და თავიანთი გაჭირვების შესახებ უამბობდნენ. ტრაგიკული ამბების მოსმენის შემდეგ ბირთვული უსაფრთხოების ანალიტიკოსმა ტოგჟან კასენოვამ ცრემლები ვერ დამალა, მასთან ინტერვიუსთვის მისულს კი მითხრა, ნანახი იმდენად მძიმეა, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობო.

შეკითხვები გაუჩნდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ კანადელ მიმომხილველს პოლ უოტსონს:

 

”ეს სამარცხვინოა. წესით, მიღწეული შეთანხმებების შესრულებას მსოფლიო ევროკავშირის მისიის მეშვეობით უნდა უზრუნველყოფდეს. შეთანხმებით კი, გამყოფი ხაზი უნდა გადიოდეს იქ, სადაც ომამდე გადიოდა. არადა, რუსები საზღვრებს ცვლიან. ჩვენ ვნახეთ, როგორ იდგნენ ევროპელი მეთვალყურეები, მისიის ხელმძღვანელის ჩათვლით, და ვერაფერს აკეთებდნენ. ხალხს სახლებიდან აძევებენ და მსოფლიო ამას ვერ ეწინააღმდეგება. ეს აღმაშფოთებელია”.

პოლ უოტსონის განცხადებითვე, საქართველო, რომელიც უძლურია ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, საერთაშორისო თანამეგობრობისგან მეტ თანადგომას საჭიროებს.

დვანსა და დიცში გამგზავრებამდე უცხოელი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები თბილისში Reuters-ის მიერ ორგანიზებულ 2 დღიან სემინარში მონაწილეობდნენ, რომელზეც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის პრობლემები განიხილებოდა. სწორედ ამ პერიოდში განაახლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები და სემინარის მონაწილეებმა ადგილზე ჩასვლა მოითხოვეს. ჟურნალისტები და ანალიტიკოსები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდნენ, წამოსვლისას კი დაჰპირდნენ, რომ დვანსა და დიცში ნანახს საკუთარ გამოცემებში აუცილებლად აღწერენ.

 

ავტორი გოგა აფციაური

რადიო "თავისუფლება"

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია