დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ინგლისური ენის სწავლება სავალდებულოა!
2010/09/20 13:01:06

განათლების სისტემაში დაგეგმილი ამ რეფორმის შესახებ ქუთაისში გამართულ გასვლით სხდომაზე თავად ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სკოლებში ინგლისური ენის სწავლების პირველი კლასიდან დანერგვა სავალდებულო მომავალი სასწავლო წლიდან იქნება. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულის მატერიალური და ადამიანური რესურსი შეიქმნას. 

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, უცხო ენებს შორის ინგლისური მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. გლობალური ტენდენციები კომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებსაც შეეხეო. პოლონურ სკოლებში ინგლისურს 4 მილიონი მოსწავლე ეუფლება, მაშინ, როცა გერმანულს - 2 მილიონი, რუსულს კი მხოლოდ 400 ათასი სწავლობს. საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში, რომლის მოსახლეობა 1.3 მილიარდს აჭარბებს, 2001 წლიდან დამტკიცებული „უცხო ენის სკოლებში სწავლების პროექტის“ შედეგად, ინგლისური მესამე კლასიდან სავალდებულო საგანია.

საქართველოში ამ მხრივ ოდნავ განსხვავებული სიტუაცი იყო, რადგან მეორად ენად აქ რუსული ითვლებოდა. თუმცა, 2006 წლიდან რუსული ენის წავლება სკოლაში სავალდებულო აღარ არის და მას მშობლები თავად ირჩევენ.

მშობლების უმეტესობა აღნიშნულ ინიციატივას არ იწონებს.

„ადრე რუსულიც სავალდებულო იყო, მაგრამ იწყებოდა მეორე კლასიდან, როცა ბავშვი შეეჩვეოდა გარემოს... ჯერ ქართული წერა-კითხვა ასწავლონ და მერე სხვა ენები, არა აქვს მნიშვნელობა, რუსული იქნება თუ ინგლისური. ცოდო არიან ბავშვები!“ - გვითხრა ნინო სურგულაძემ.

„ძალიან მეცოდებიან ბავშვები. ჯერ საკუთარი ენა ვასწავლოთ და მერე დავაწყებინოთ, ინგლისური იქნება, თუ სხვა ენა,“ - ამბობს ხატია მარგველაშვილი.

არიან ისეთები, ვინც უფრო დიდ პრობლემას ინგლისურის არცოდნაში ხედავენ:

„სურვილი, საზოგადოება უკეთ ფლობდეს ინგლისურს, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ საზოგადოების კეთილდღეობის გულშემატკივარია. საერთაშორისო ენის უცოდინრობა ავტომატურად ნიშნავს ჩამორჩენას ძალიან ბევრ სფეროში, რადგან სწორედ ამ ენაზეა დაწერილი ლიტერატურის უდიდესი ნაწილი და ინფორმაციაც ძირითადად ამ ენაზე მოიპოვება...“ - ასე მიაჩნია ქეთევან სულამანიძეს.

„ინგლისურის სწავლება მეორე კლასში ჩემმა ბიძაშვილმა ტატულია მარგველაშვილმა შემოიღო მესამე სკოლაში. ეს იყო დაახლოებით 30 წლის უკან. ამერიკაში იყო ნამყოფი და იქედან ისეთი კმაყოფილი ჩამოვიდა, აუცილებლად მიიჩნია ის, რომ ქუთაისში ყოფილიყო ინგლისურის სწავლება. ამ მხრივ, ჩემთვის ახალი არ რის, მაგრამ პირველივე კლასიდან ცოდოა ბავშვი, ჯერ თავისი ენა უნდა ისწავლოს და მერე უცხო ენა, მე ასე მგონია, - ამბობს მედეა ბაბუნაშვილი. მისი აზრით, თუ თავის დროზე სავალდებულოდ რუსული ითვლებოდა, ამ მხრივ პერსპექტივაც მეტი იყო - ჩემი და ჩემი შვილების დროს, სავალდებულო იყო რუსული ენა. „რუსულის გარეშე სამტრედიას ვერ გასცილდებიო“, - ჩემმა ქმარმა დამირეკა რუსეთიდან, ამიტომ ბავშვი სასწრაფოდ რუსულ სკოლაში შევიყვანე. მაშინ გახსნილი იყო გზები, მთელი ჩემი შვილის ჯგუფი მოეწყო სამედიცინოზე რუსეთის ქალაქებში. ახლა ამერიკაში მიდიან სასწავლებლად, მაგრამ - ძალიან ცოტანი...“

სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის მოზიდვა სურს. ბრიტანელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, კანადელი და ახალზელანდიელი პედაგოგები ქართველ კოლეგებს ინგლისურის სწავლებაში დაეხმარებიან, თავად კი - ქართულს შეისწავლიან. გეგმის მიხედვით, პროექტში საჯარო სკოლების უმრავლესობა უნდა ჩაერთოს.

ჯერ რთული სათქმელია, რამდენად გასწვდება 1000 პედაგოგი საქართველოს სკოლების უმეტესობას, თუმცა, თუ განათლების სისტემაში დაგეგმილი შემდეგი ცვლილება - სავალდებულო ენად ჩინური გამოცხადდეს, - განხორციელდება, ჩინური ენის პედაგოგების პრობლემა ნამდვილად არ გვექნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია