დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რისთვის დაიხარჯა 1 ოქტომბრამდე 20 მილიონი ლარი ჭიათურაში?
2012/12/03 12:29:01

იმერეთის მხარეში ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტი, ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, ჭიათურაა. როცა ჭიათურაზეა საუბარი, პირველ რიგში, აუცილებლად მანგანუმის მდიდარი და მაღალხარისხოვანი საბადო წარმოუდგებათ თვალწინ. დღეს ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა რაოდენობის მანგანუმის რესურსი აქვს საქართველოს. უკონტროლობის გამო ბოლო ათწლეულებში მანგანუმის მოპოვება და გადამუშავება პრიმიტიული წესებით ხდებოდა, ამას ემატება „ჭიათურმანგანეზის“ საყოველთაოდ გასაიდუმლოებული ხელშეკრულება სახელმწიფოსთან. როცა ადამიანებმა ხელშეკრულების შესახებ არაფერი იციან, კითხვის ნიშნები თავისთავად ჩნდება.

 

  მანგანუმის მადანი აღმოჩენილია შქმერსა და რამდენიმე ადგილას, მაგრამ მათ საწარმოო დანიშნულება არ აქვს. ჭიათურის მანგანუმის მაღალხარისხოვანი მადანი ყოველთვის დიდი ინტერესის სფერო იყო. ჭორის დონეზე საუბრობენ, რომ ჭიათურის მანგანუმის რეწვასთან დაკავშირებულია პრეზიდენტის თუ სხვა არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი.

 აღსანიშნავია, რომ არანაკლებ მიმზიდველია, ბიზნესის თვალსაზრისით, ჭიათურის წაბლნარების მერქანი, რომლის წარმოებაზე იყო გადასული დასაქმების ყოფილი მინისტრის კომპანია „ვუდ ექსპორტი“.

მიუხედავად რესურსების სიმდიდრისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტოტალური სიდუხჭირე კარგად ჩანს ერთი თვალის გადავლებითაც. დანგრეული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ჯანმრთელობის დაცვის დაბალი დონე, ეკოლოგიური პრობლემები მძიმე მემკვიდრეობად დარჩა ახალ ხელისუფლებას.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნულ გამგებელს, სულხან მახათაძეს, ამ საკითხზე ესაუბრა „პოსტსკრიპტუმი“.

 

- ჭიათურა პრობლემებითაა გამორჩეული. რომელს გამოყოფდით განსაკუთრებულად?

- პრობლემა უამრავია. ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 441 ჰექტარზე „ჭიათურმანგანეზი“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს. თვითმმართველობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ „ჭიათურმანგანეზის“ საქმიანობა გააკონტროლოს. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა სახის ხელშეკრულებაა ამ ორგანიზაციასა და სახელმწიფოს შორის. რამდენად უუფლებოა მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამის დასადასტურებლად ისიც  კი კმარა, რომ გადავწყვიტოთ რაიმეს აშენება ქალაქში, „ჭიათურმანგანეზის“ ნებართვის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. მაღაროელთა 32%-იანი სახელფასო ზრდა არის თუ არა მნიშვნელოვანი მიღწევა, ამას ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით. მაღაროელთა თქმით, არსებობდა ორნაირი სახელფასო უწყისი, რომლებიც სხვადასხვანაირად აჩვენებდა გამოწერილ თანხებს. ამ საკითხით, ალბათ, დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები და სიმართლის დადგენა მოხდება.

არანაკლები საჭირბოროტო საკითხია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა ტყეების გაჩეხვა. ახლახან მქონდა შეხვედრა სატყეო უბნის უფროსთან, რომელმაც დეტალურად აღწერა ტყის სავალალო მდგომარეობა. ტყის ფართობის შემცირების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება იქნება მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიკაცია. ზედმიწევნით შეზღუდული იყო ადგილობრივი მოსახლეობა მერქნის მოპოვების საკითხში. მოთხოვნა მერქნის შესახებ ჯერ ტერიტორიული ორგანოს დონეზე უნდა მომხდარიყო, შემდეგ კი მუნიციპალიტეტსა და სამხარეო ადმინისტრაციაში უნდა წარდგენილიყო და ამის შემდეგ შესაძლო იყო, მოსახლეს მიეღო მერქნის მოპოვების უფლება. ვიცი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჭიათურის ბუნებრივი რესურსების მონიტორინგით. სატყეო უბნის უფროსმა მ. გაფრინდაშვილმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბრაკონიერთა დაჯარიმების პროცესი მიმდინარეობს, რადგან ხე-ტყის ისეთი ვანდალური მოპყრობის ფაქტებია სახეზე, რომ უარესის წარმოდგენაც აღარ შეიძლება.

- ჭიათურაში ერთადერთი საავადმყოფოა, რომლის კრიტიკაც კი ზედმეტად მიმაჩნია...

- ამ საავადმყოფოს გახსნამდე ქალაქში 5 საავადმყოფო არსებობდა. დახურეს ხუთივე და ამ ერთის იმედად არის დატოვებული მთელი მუნიციპალიტეტი. სხვათა შორის, არჩევნებამდე საავადმყოფოში ექიმები შეამცირეს, მათ შორის - პოლიტიკური ნიშნითაც!  ძალიან მცირე ფართის გამო ეს საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, ძალიან ძვირია „ჯეო ჰოსპიტალსის“ მომსახურება. აუცილებლად დავსვამთ ამ საკითხს მეც და მაჟორიტარი დეპუტატიც, იმედია, რომ მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო მომსახურება. ჩემი პირველი სამუშაო კვირაა და 200-მდე ადამიანი მივიღე, მათმა უმეტესობამ სწორედ სამედიცინო საკითხზე მომმართა!

- გაეცანით მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს?

- ბუნებრივია, გავეცანი. ჩემს დანიშვნამდე შემუშავდა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც.

2012 წლის ბიუჯეტში გათვლილი იყო 5 177 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო ადგილობრივი შემოსავლებიდან-1 800 000, სულ ჯამში-7 200 000 ლარამდე. მარტივი დაკვირვებითაც შეიძლება აბსურდის დანახვა შემდეგი მონაცემების მიხედვით: ინფრასტრუქტურისათვის გამოუყვიათ 7 723 000 ლარი, ხოლო წინასაარჩევნოდ, თითქოსდა ყველა პრობლემა ამოეწუროთ, 20 000 000 ლარი დაუხარჯავთ! ამიტომ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, წინასაარჩევნოდ როგორ დაარიგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფქვილი, ზეთი, შაქარი თუ სამშენებლო მასალები! აქვე დავამატებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შეუტანიათ ადმინისტრაციული რესურსებისათვის სახელფასო ზრდა და ინფრასტრუქტურისთვის მხოლოდ 984 000 ლარი! უბრალოდ, შედარებაც არ შეიძლება გასული წლის ხარჯთან შედარებით!

-1 ოქტომბრამდე თუ იყო მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის ფაქტები გამოვლენილი?

- ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ ხალხზე უარყოფითად მოქმედებდა პრეზიდენტის, პრემიერ მერაბიშვილისა და გიგი წერეთლის ხშირი ვიზიტები ჭიათურაში. დიდი დაკვირვება არ სჭირდებოდა ამას, რომ მათი ვიზიტები იწვევდა ფსიქოლოგიურ წნეხს. დანაშაულებრივი მხარე გამოიკვეთა ასევე ამომრჩევლის მოსყიდვაშიც. ვამაყობ იმით, რომ ჭიათურელმა ელექტორატმა მაინც გააკეთა სწორი არჩევანი და წინა ხელისუფლების დემონტაჟში თავისი წვლილი შეიტანა.

- მნიშვნელოვანი საკითხია მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელთა შეცვლის საკითხი. აპირებთ საკადრო ცვლილებებს?

- ეს საკითხი ერთი ხელის აღებით არ გადაწყდება. საფუძვლიანად შევისწავლი ყველა ხელმძღვანელის საკითხს. სამწუხაროდ, ბევრი ადმინისტრაციული პირი უხეშად იყო ჩარეული წინასაარჩევნო კამპანიაში. ვიცი, რომ აქვთ დარღვევებიც სამსახურებრივ საქმიანობაში. ასეთი ადამიანები ნაკლებად საიმედოა და მათი შეცვლა აუცილებლად მოხდება. ის ადამიანები, რომლებიც პატიოსნად და პროფესიონალურად ასრულებდნენ მოვალეობას, დარჩებიან თანამდებობებზე. მათი დევნა პოლიტიკური თვალსაზრისით გამორიცხულია. თუ ეს გავაკეთეთ,მაშინ რა სხვაობა იქნება ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? მაქვს ინფორმაციები, რომ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს აქვთ დარღვევები ე.წ. „სოფლის პროგრამების“ განხორციელების შემთხვევებშიც...

საკადრო ცვლილებების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება   პროფესიონალიზმი და პატიოსნება.

- ქალაქში დასუფთავების საკითხიც მოსაგვარებელია...

- დასუფთავების სამსახური ახერხებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებას, მაგრამ ამავე სამსახურს თუნდაც მანგანუმის მტვრისაგან გაწმენდის საშუალება არ აქვს. ვცდილობთ მეტი სახსრების გამოყოფას ამ მიმართულებით. დაუშვებელია ქალაქში ამდენი ფიზიკური და ქიმიური მტვრისა და ნაგვის არსებობა!

- საერთოდ, ტენდენცია იყო, რომ გასართობ ღონისძიებებზე საკმაოდ ბევრს ხარჯავდნენ საქართველოს ბიუჯეტიდან. იმავეს უნდა ველოდოთ მომდევნო წელში?

- იმედია, სწორად გამიგებს ყველა: როცა ჩემს კაბინეტთან დგანან ადამიანები წამლის ფულისა და მკურნალობის  თხოვნით, შეიძლება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები გართობაზე დაიხარჯოს? ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჯანმრთელობის დაცვა, თორემ კულტურული ღონისძიებების მოწინააღმდეგე ნამდვილად არ ვარ. ვთვლი, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველოში საერთოდ მოიხსნება სოციალური პრობლემები და ამის შემდეგ კულტურაზეც საფუძვლიანად ვიფიქრებთ.

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია