დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თაღლითობისათვის გასამართლებული ადვოკატი ციხეში მოხვდა
2010/05/24 12:20:57

8 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისათვის ტყიბულელი ადვოკატი ამირან ბოჭორიშვილი ახლახანს გაასამართლეს. სასამართლო პროცესი ქუთაისის  საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი დარახველიძის თავმჯდომარეობით წარიმართა, სახელმწიფო ბრალმდებელი გია გურგელიძე, დაზარალებული კი ტყიბულელი ქ-ნი ლეილა ცირეკიძე გახლდათ.

 

როგორც პროცესზე გაირკვა, ლეილა ცირეკიძემ საადვოკატო მომსახურებისათვის ამირან ბოჭორიშვილს 2001 წელს მიმართა, მაშინ, როდესაც მისი შვილი პაატა ქასრაშვილი ყაჩაღობისა და იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. ლეილა ცირეკიძემ ორდერის გაფორმებისათვის 150 ლარი გადაიხადა, მოგვიანებით კი მას ამირან ბოჭორიშვილი დაჰპირდა, რომ 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ პროკურორთან და მოსამართლესთან მოლაპარაკებასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ყაჩაღობის ბრალდების მოხსნას შეძლებდა, შედეგად მას მხოლოდ ერთ ან ერთნახევარ წელს მიუსჯიდნენ.

ლეილა ცირეკიძემ ნათესავებისაგან შეგროვილი თანხა 500 დოლარი ამირან ბოჭორიშვილს მეორე შვილისა და ნათესავის თანდასწრებით გადასცა. დარჩენილი 500 დოლარი კი ადვოკატს მარტო, მოწმეების გარეშე ჩაუთვალა. ძიებამ ეს ფაქტი დადასტურებულად სცნო. ბოჭორიშვილმა პატიმრის დედა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ამ თანხას მოსამართლესა და პროკურორს გაუნაწილებდა და მის შვილს მხოლოდ იარაღის ტარების ბრალდებით გაასამართლებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - როდესაც სასამართლომ ქასრაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიხვდნენ, რომ ისინი ბოჭორიშვილმა მოატყუა და მას პასუხი მოსთხოვეს.

ამირან ბოჭორიშვილმა მათ უთხრა, რომ ფული მოსამართლესა და პროკურორს გაუნაწილა, რის შედეგად ბრალდებიდან ყაჩაღობის ერთი ეპიზოდის ამოღება შესძლო და პირიქით, საადვოკატო მომსახურებისათვის თანხის დამატება მოითხოვა.

ამ საქმის გამო ბოჭორიშვილი, რომელიც ტყიბულში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, 8 წლის შემდეგ განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდა. მართლმსაჯულებისათვის გასარკვევი გახდა, ბოჭორიშვილი მართლაც აპირებდა ვინმესთვის ქრთამის შეთავაზებას, თუ ეს მხოლოდ თანხის მითვისებისათვის გამოყენებული ხრიკი იყო. ქასრაშვილის საქმეში მონაწილე პროკურორმა და მოსამართლემ განმარტეს, რომ ბოჭორიშვილს მათთვის ქრთამი არ შეუთავაზებია. სასამართლომ დაადგინა, რომ ბოჭორიშვილმა ეს ხერხი თაღლითობის ჩასადენად გამოიყენა - შესაბამისად განსასჯელის სკამზე აღმოჩენილ ადვოკატს მის წინაშე წაყენებული ბრალდება - ქრთამის მიცემის წაქეზების ნაწილში მოეხსნა, თუმცა ის თაღლითობის ბრალდებისაგან არ განთავისუფლებულა. სასამართლო სხდომაზე ბოჭორიშვილმა მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები უარყო და წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული აქვს პაატა ქასრაშვილთან 500 აშშ დოლარის ჰონორარის სახით მიღების შესახებ. სასამართლომ ეს დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონედ არ სცნო, განმარტა, რომ ადვოკატს ჰონორარის აღება შეეძლო მხოლოდ იმ პირისაგან, ვისთანაც ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ანუ ლეილა ცირეკიძისაგან. სასამართლომ ლეილა ცირეკიძე დაზარალებულად სცნო. ბოჭორიშვილს კი მისთვის 900 აშშ დოლარის უკან დაბრუნება დაავალა - 100 დოლარი თავიდანვე დაუბრუნა. გარდა ამისა, სასამართლომ ამირან ბოჭორიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის სასამართლოს სხდომის დარბაზში დააკავეს, 2 წლით კი საადვოკატო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა.

ადვოკატს უფლება აქვს განაჩენის გასაჩივრებისა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია