დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის პოლიტიკური ვარდობისთვე
2012/05/21 11:02:58

როგორ ემზადებიან პარტიები  საპარლამენტო არჩევნებისათვის

 

15-20 მაისის მონაცემებით, ქუთაისში მოქმედი მმართველი და ოპოზიციური პარტიები უკვე გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე.  

„ქვეყნის მეორე დედაქალაქად“ და „საპარლამენტო ქალაქად“ გამზადებულ ქუთაისს პოლიტიკური ტემპერატურა თანდათან ემატება. 

 

იმის შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ოფისი გახსნა, მმართველმა პარტიამ კიდევ მეტად გაააქტიურა ამომრჩევლებთან კარგა ხნის წინათ დაწყებული მუშაობა, რომ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ დაუტოვოს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. პრეზიდენტისა და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა ხშირი ვიზიტი ქალაქში, თვალისმომჭრელი პრეზენტაციები და ინიციატივები, რომლებიც საგულდაგულოდ  შუქდება სახელისუფლებო ტელეარხებით, წინასაარჩევნო პიარკამპანიის ძირითადი ნაწილია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ორმაისობის, ქუთაისქალაქობის“ 100 ათას ლარად (ოფიციალური მონაცემებით) დაფინანსებული ღონისძიებები, სადაც მომავალმა ელექტორატმა პურიც იგემა და სანახაობაც. საკრებულოს წევრის, მემარჯვენე მამუკა მღვდელაძის შეფასებით, „ესაა ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო სახელმწიფო რესურსი ერთი პარტიის სასარგებლოდ.“

„ორმაისობის“ გვირგვინი იყო თვით პრეზიდენტის გამოსვლა მესხიშვილის ახლადრეაბილიტირებულ თეატრში, სადაც ნაცმოძრაობის საგანგებო საშვებით შესული აქტივისტებისა და პოტენციური მხარდამჭერების გვერდით, არც ერთი ადგილი არ მოიძებნა რიგითი ქუთათურებისა და ადგილობრივი მედიისათვის. მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გზავნილი კი ასეთი იყო: „ქუთაისი იქნება ეკონომიკის, ინდუსტრიის, ტურიზმის და, საერთოდ, ხარისხიანი ცხოვრების ცენტრი მარტო დასავლეთ საქართველოში კი არა, მე მგონი, მთელი ევროპის...“

3 და 4 მაისს საოპერო თეატრსა და რესტორან „იმპერიალში“ დახურული სხდომები გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. სამიზნე აუდიტორია იყო: ადგილობრივი ჩინოსნები, ნაცმოძრაობის აქტივისტები, საარჩევნო კომისიების წევრები, კოორდინატორები, პედაგოგები, უნივერსიტეტის პროფესურა, სტუდენტური თვითმმართველობა, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები(მოსწავლეები!)... როგორც გაზეთ „P.S.“-ს განუცხადა წყარომ, „ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს გვესაუბრებოდნენ სახელმწიფოებრივ მიღწევებზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შევაგნებინოთ, თუ რის გაკეთებას გეგმავს ჩვენი პარტია, და რომ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ნაცმოძრაობას უნდა მივცეთ ხმა.“

რეგიონისა და ქალაქის ხელისუფლება (რომელთაგანაც გუბერნატორი, ვიცეგუბერნატორი, ვიცემერი... დედაქალაქიდან მოვლენილი კადრია) ზემოდან მიღებულ პოლიტიკურ დავალებებს  მუყაითად ასრულებს. გარდა იმისა, რომ ბიუროკრატიული ბარიერები დაწესდა და აშკარად შეიზღუდა დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის საჯარო ინფორმაციების გაცემა, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა გადასულია საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლისაკენ. საამისოდ აქტიურად მუშაობენ მუნიციპალიტეტები. ინტერნეტსივრცესა და პრესაში ხშირად იწერება, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიაში „ზონდერბრიგადებია“ შექმნილი ახალგაზრდა ჩინოვნიკებისაგან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურადაც გაუსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს.

 პოლიტიკური ორთაბრძოლების  ასპარეზად იქცა ინტერნეტი. პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები და მხარდამჭერები ერთმანეთის „გასანადგურებლად“ აქტიურად იყენებენ სპეციალურად შექმნილ საიტებსა და პორტალებს, რომლებიც სავსეა პოლიტიკური ლიდერებისა და ბანაკების შეურაცხმყოფელი სტატიებით, ვიდეომასალით, უხამსი გამონათქვამებითა და შეფასებებით. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჩინოვნიკები „ინტერნეტმოღვაწეობას“ სამუშაო საათებში ეწევიან.

ნაციონალებსა და კოალიციის მომხრეებს შორის დაწყებული, დაძაბული  წინასაარჩევნო ომი, შიგადაშიგ, მკვეთრი ხდება. მაგალითად, პირველი მაისის ღამით, როცა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა „სანთლების აქციას“ ატარებდა ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მერიის დასუფთავების მანქანებმა მათზე წყლის ჭავლი მიუშვეს... კოალიციამ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქმე ვერ მოიგეს.

ორი დიდი პოლიტიკური ბანაკის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ ფონზე, ჯერჯერობით, მოკრძალებულად გამოიყურებიან სხვა პარტიები, თუმცა წინასარჩევნო მზადება, მეტ-ნაკლებად, უკვე ყველგან დაიწყო.

ოფისები, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბანშია თავმოყრილი.

 

რა ხდება პარტიულ ოფისებში?


ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ოფისი წინა წლებში სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა, ამ არჩევნებს კი „დიდ და მაღალ ჭერქვეშ“ შეხვდება ცისფერყანწელთა ქუჩის 9-ში, მერიის მიმდებარედ და საოლქო-საარჩევნო კომისიის მეზობლად. რა დროიდან, რის საფუძველზე მიიღო მმართველმა პარტიამ ეს ფართი და მთლიანად რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს ოფისი, აქ „არ იციან“. გვიხსნიან, რომ ეს თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში ეცოდინებათ...

ამ დროისთვის ნაციონალურ პარტიას, რომელსაც ქალაქის საკრებულოში უმრავლესობა - 21 წევრი ჰყავს და რომლის თავმჯდომარეც ქალაქის მერი გიორგი თევდორაძეა, ძალები მაქსიმალურად აქვს მობილიზებული თავისი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად, მომავალ არჩევნებზე სასურველი შედეგის მისაღებად. პარტიის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, საკრებულოს  ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ამბობს: „წინა არჩევნები როცა მოვიგეთ, უკვე მომავალი არჩევნებისთვის დავიწყეთ მუშაობა.“
აღმასრულებელ მდივანს ჟურნალისტთან არ შეუძლია ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის დასახელება, რადგან, როგორც ამბობს, ეს რიცხვი სწრაფად იზრდება: „ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ყოველდღიურად ოფისში და ითხოვს პარტიაში გაწევრიანებას. ჩვენ მათ მხარდამჭერებს ვეძახით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოლიტიკურ კურსს.“ კახა ნემსიწვერიძე ასევე ამბობს, რომ პოლიტიკური სახეები, ჯერჯერობით, გამოკვეთილი არ ჰყავთ, „მათზე გუნდური პრინციპით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ შემდეგ საზოგადოებისთვისაც  გავხადოთ ნათელი. არსებულ პოლიტიკურ სახეებს კი ისედაც ყველა იცნობს.“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი რუსთაველის გამზირის 38-ში,  დიდ, კერძო სახლში, აპრილის დასაწყისიდან განთავსდა. კოალიციის იმერეთის კოორდინატორის, ზაზა მეთაფლიშვილის ინფორმაციით, ოფისის ყოველთვიური ქირაა 1 250 ლარი. თავიანთი ძველი ოფისები დატოვეს და აქ გადმოინაცვლეს კოალიციაში შესულმა პარტიებმა: ეროვნული ფორუმი (ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დვალიშვილი), თავისუფალი დემოკრატები (თავმჯდომარე ნოდარ მაღლაკელიძე), რესპუბლიკური პარტია (თავმჯდომარე ნატო ქათამაძე, რომელიც ბოლო წლებში გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი ქალბატონია ქალაქში). ცხადია, აქვეა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო (თავმჯდომარე პროფესორი მანანა მიქაძე).

ქუთაისის ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ “ნებისმიერ განსახილველ საკითხთან მიმართებაში ყველა აზრი ინდივიდუალურია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება - გუნდური და გამოდის კოალიციის სახელწოდებიდან გამომდინარე.“

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია წინასარჩევნო მუშაობა, „კარდაკარ“-ის პარალელურად მიმდინარეობს სიების გადამოწმება. მუშავდება კოალიციური მუშაობის სტრატეგია. ქალაქი დაიყო საარჩევნო სამუშაო ზონებად. პარალელურად მიდის ზონის უფროსების შერჩევა კოალიციის კომისიის მიერ, სულ მოკლე ხანში დაიწყება დაკომპლექტება.“

ოფისში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი კოალიციის იმერეთის რეგიონის კურატორმა გუბაზ სანიკიძემ, თუმცა ეს, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.

„ახალი მემარჯვენეები“ ნიუ-პორტის ქუჩაზე მდებარე, №5 სახლში 2011 წლის ოქტომბრიდან  იმყოფებიან. 200 კვადრატული მეტრი ფართი დაახლოებით 1500 დოლარად აქვთ დაქირავებული. ოფისი კომფორტულია და საუკეთესო ადგილზე განთავსებული. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა მღვდელაძე ქალაქის საკრებულოში ერთადერთი და საკმაოდ აქტიური მემარჯვენე დეპუტატია. ამავე ორგანიზაციის წევრია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ივანე კაპანაძეც, რომელიც ქალაქის საზოგადოებამ კიდევ იმით გაიცნო, რომ ის ქუთაისის დიდი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკის შემქნელია. მამუკა მღვდელაძის ინფორმაციით, ახალმა მემარჯვენეებმა წინასაარჩევნო საქმიანობის პირველი ეტაპი ოფისის გახსნით და რებრენდინგით დაიწყეს, ახლა კი, მეორე ეტაპზე, რესურსების მობილიზაცია მიმდინარეობს. მაისის 15-სთვის  პარტიას ქუთაისში 250-მდე წევრი ჰყავს. ელიან, რომ ივნისის დასაწყისში ეს რიცხვი 600-700-მდე  გაიზრდება. „არჩევნებზე 10-15 პროცენტის ფარგლებში ვგეგმავთ შედეგს“, - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია მარტის ბოლო რიცხვებში წერეთლის ქუჩის №18-ში მდებარე, კომფორტულ ბინაში შევიდა. 130 კვადრატული მეტრის ფართი თხოვების ხელშეკრულებით აქვთ მიღებული მეპატრონისაგან.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით დვალს მიაჩნია: „ყოველი მესამე ქუთაისელი, თუ ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერი არ არის, - სიმპათიითაა გამსჭვალული პარტიისადმი.“ ამის მაგალითად მოჰყავს წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგები..

„რა თქმა უნდა, საარჩევნოდ მობილიზაცია იწყება, თუმცა ჩვენს პარტიას ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეს შეატყონ, იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელშიც ვიყავით და  არჩევნებზე ვიქნებით, დიდად არ განსხვავდება,“ - აცხადებს დავით დვალი. ეს პარტია  ქუთაისის საკრებულოში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი. წინა საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისიდან მაჟორიტარი კანდიდატი იყო  ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი, ამჟამად ვისზე შეაჩერებენ არჩევანს, ჯერ არ იციან.

ლეიბორისტულ პარტიას, სხვა პარტიების კომფორტული გარემოსაგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებული ოფისი აქვს თამარ მეფის ქუჩის №16, „იტალიური“ სახლის მეორე სართულზე. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამსონ გუგავა ამბობს, საოფისე ფართი დროებით დაუთმოთ ამჟამად ქალაქგარეთ მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა და, თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, აქ 2009 წლიდან იმყოფებიან. „არამარტო არჩევნების მოახლოების დროს ვაქტიურდებით, - ამბობს სამსონ გუგავა, - ლეიბორისტული პარტია ქუთაისში თავისი მოღვაწეობის მანძილზე ყოველთვის მზა ფორმაშია, ახლა კი იწყება განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა...“

სამსონ გუგავასათვის ლეიბორისტების საარჩევნო ტრიუმფის მაგალითია 2003 წლის არჩევნები, როდესაც მათ 6800 ხმა მიიღეს ქუთაისში: „ეს მაშინ  20-24 პროცენტი იყო, დღეს კი უკვე არის 6-7 პროცენტი... ლეიბორისტებს რეგრესი არა გვაქვს, სტაბილურად ვინარჩუნებთ ამ რეალურ მაჩვენებელს თითქმის ყველა არჩევნებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მესამე-მეოთხე ადგილისათვის უკვე 30 ათასი ხმაა საჭირო, იმდენად მაღლა აიწია გაყალბების დონემ!“

წინა მოწვევის პარლამენტში ლეიბორისტებს ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად პროფესორი ნესტან კირთაძე ჰყავდათ წარდგენილი, რომელსაც დღეს პოლიტიკური მზერა ბიძინა ივანიშვილისაკენ აქვს მიპყრობილი. ეყოლებათ თუ არა ქუთაისიდან მაჟორიტარი კანდიდატი ამ არჩევნებზე, ჯერ არაა გარკვეული.

„თავისუფალი საქართველოს“ ოფისი თამარ მეფის ქუჩის მე-2 ჩიხში, №6 სახლშია 2011 წლის მარტიდან. 100 კვადრატულ მეტრ ფართში ყოველთვიურად იხდიან 400 ლარს. მანამდე ოფისი არ ჰქონიათ. საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობენ. პარტიის იმერეთის მხარის თავმჯდომარე გიორგი წულაია ამბობს: „ფართოდ ვართ ჩაბმული წინასაარჩევნო მარათონში, ვცდილობთ, უბნების დაკომპლექტებაში ჩავრთოთ სანდო ადამიანები. ამ კვირაშივე ვიწყებთ შეხვედრებს ჩვენს ამომრჩეველთან. რესურსები ძალიან მწირია, ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული.“

გიორგი წულაია, რომელიც ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ქუთაისში ცნობილია თავისი მწვავე, სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე გამართული ბრიფინგებით. იგი აცხადებს, რომ მასზე ორიოდე კვირის წინ განხორციელდა პოლიტიკური ზეწოლა, არაკანონიერად მოხდა მისი დაკავება და ნარკოლოგიურში წაყვანა. ასევე ემუქრებიან მის მხარდამჭერებსაც.

 

ამ დროისათვის დაწყებული პარტიების წინასაარჩევნო ფუსფუსი არც ქუთაისის საზოგადოებას დარჩენია შეუმჩნეველი.
ლეილა მამაგეიშვილი, ყოფილი ინჟინერ-ტექნოლოგი, 44 წლის: „დიდი ბოდიში პარტიებთან, მაგრამ „ის თამრო აღარ ვარ“, რაც ვიყავი. ახლა ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, ცარიელი დაპირებები არაფერს ნიშნავს, მე მათგან კარგად გათვლილ და რეალურ პროგრამებს მოვითხოვ. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევ, ვინ ჰყავთ პარტიებს სათავეში, ვინ არიან მათი პოლიტიკური სახეები. აღარ ვენდობი ხალხს, პარტიიდან პარტიაში სირბილით რომ გაჰყავთ ცხოვრება. არც პოლიტიკოსების პიარკამპანიები მიბრმავებს თვალს, რადგან ინფორმაციას მარტო ტელევიზიებით კი არ ვიღებ, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელიც გახლავართ.“

ქალბატონი ლეილას მსგავსად უკვე ბევრი ფიქრობს, მაგრამ, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, ვინც გამჭვირვალე ყუთებთან თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას ბინის ამხანაგობებისაგან მიღებული მზა „ინსტრუქციებით“ შეასრულებს. სწორედ ამ ტიპის ამომრჩეველთან  წინასაარჩევნო მუშაობაა ქუთაისში მოქმედი პარტიების „საჯილდაო ქვაც“.

 ნანული ცხვედიანი

სტა­ტია მომ­ზა­დებულია გა­ე­როს დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით. სტა­ტი­ის ში­ნა­არ­სზე პა­სუხის­მგებელია სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რების ინ­სტი­ტუ­ტი  და მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რებები, შე­საძ­ლო­ა, არ ასახავ­დეს გა­ერ­თი­ა­ნებული ერების ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და გა­ერ­თი­ა­ნებული ერების დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დის შეხედუ­ლებებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია