დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამეცნიერო კონფერენცია პროტესტის ფონზე
2009/11/30 11:44:19

ქუთაისის უნივერსიტეტი XXIX რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას მასპინძლობდა.  ასეთი სესიები ყოველწლიურად ტარდება და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მასპინძლობს. შარშან მასპინძელი ახალციხე იყო, იმის წინ - თელავი, ამჯერად ქუთაისის რიგი დადგა. მართალია, მსგავსი შეხვედრები სამეცნიერო აზრთა გაცვლისთვის იმართება, მაგრამ, როგორც ჩანს ამ შემთხვევაში სხვა მოსაზრებები კონფერენციაზე პრინციპულად არ დაუშვეს.

ერთდღიანი სესიის პლენარული სხდომა უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში 27 ნოემბერს გაიმართა. მთავარი ორგანიზატორი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გახლდათ. მისმა დირექტორმა, პროფესორმა ლალი ეზუგბაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „დიდი ხანია ქუთაისი არ ყოფილა ამ კონფერენციის მასპინძელი და დღეს აქა ვართ. მეცნიერები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ვიმსჯელებთ ბევრ საინტერესო საკითხებზე, ჩვენ ქუთაისის უნივერსიტეტს საჩუქრად ჩამოვუტანეთ მნიშვნელოვანი გამოცემები.“

ძირითადი მასპინძელი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტი იყო. მისმა ხელმძღვანელმა მანანა მიქაძემ გვითხრა, რომ ასეთ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე სუფთა ადამიანური ურთიერთობების მხრივაც.“

სესიაზე გამოსატანი თემები წინასწარ შეარჩია რესპუბლიკურმა დიალექტოლოგიურმა საკოორდინაციო საბჭომ. როგორც ქალბატონი ლალი ეზუგბაია ამბობს, თემები აქტუალობის მიხედვით აირჩიეს.    

ქართული ენის დეპარტამენტის ათი თანამშრომლიდან მოხსენება შვიდს ჰქონდა წარმოდგენილი. მასპინძლების სამი მოხსენება დაიწუნეს, პროფესორების: ტარიელ ფუტკარაძეს, ეკა დადიანსა და ლუიზა ხაჭაპურიძეს სესიაზე გამოსვლის უფლება რესპუბლიკურმა დიალექტოლოგიურმა საკოორდინაციო საბჭომ არ მისცა. მიზეზი წერილობით მოსწერეს ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. იქ წერია: „საბჭომ მსჯელობის შედეგად გადაწყვიტა, რომ მომავალში ამგვარ ფორუმებზე აღარ ჩართოს ენა –კილოების კლასიფიკაციასთან დაკავშირებული თემატიკა, როგორც უსაგნო პოლემიკისა და არცთუ იშვიათად - პოლიტიკურ ვნებათა მაპროვოცირებელი საკითხი.“

ამ უარს ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ჯერ საკუთარი გამოცემით გამოეხმაურა, სადაც „დაწუნებული“ მოხსენებები კრებულად გამოუშვა, შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის თანამშრომელმა, პროფესორმა მაია მიქაუტაძემ საპროტესტო წერილით მიმართა სამეცნიერო სესიის ორგანიზატორებს, იქვე, პროტესტის ნიშნად, პლენარული სხდომაც დატოვა და თავისი მოხსენებაც აღარ წაიკითხა.

ქალბატონი მაიას წერილი შემდეგი შინაარსისაა: „თანამედროვე მსოფლიოს საენციკლოპედიო-საცნობარო ქსელსა თუ უცხოელი ექსპერტების დასკვნაში მცდარი ინფორმაციებია საქართველოს ენობრივი სიტუაციებისა და ქართველი ერის ისტორიის შესახებ. კერძოდ, თითქოსდა, ქართველები ერთიანი ერი არა ვართ, ხოლო ქართული ენის საზღვარი მხოლოდ ცხენისწყლამდე და ცაგერამდეა. ამ საკითხს კიდევ უფრო ააქტუალურებს „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაციის აუცილებლობაც. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დღეს ძალზე სერიოზულია და პრინციპულია ქართველური ენების კლასიფიკაციის საკითხი და კილოთა განდასების პრობლემა. ასეთ დროს ჩვენ სირაქლემებივით ნამდვილად არ უნდა მოვიქცეთ. საკითხს ართულებს ისიც, რომ ჩვენს სინამდვილეში არ არსებობს თანხმობა იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა აღიწეროს საქართველოს ენობრივი სიტუაცია და ქართველური ენობრივი სამყარო. შესაბამისად, ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელია, აკადემიური მსჯელობით მიიღწეს კონსენსუსი ქართველ სპეციალისტებს შორის. სწორედ კონსენსუსის აუცილებლობასა და სანდო კრიტერიუმების შესახებ სურდათ მსჯელობა ჩემს კოლეგებს - ბატონ ტარიელ ფუტკარაძეს, ქალბატონ ეკა დადიანსა და ლუიზა ხაჭაპურიძეს.

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სამეცნიერო სესიის ორგანიზატორები მოიქცნენ ძალიან საეჭვოდ და არაკოლეგიალურად, როცა დაბლოკეს მასპინძელი კოლეგების აკადემიური და აქტუალური მოხსენებები.“

მიუხედავად პროტესტისა, კონფერენცია ჩვეულ რიტმში გაგრძელდა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია