დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კურორტი „ამაღლება“ სალიკვიდაციო სიაშია
2013/03/18 13:37:01

ვანის რაიონის მუნიციპალიტეტი სოფელ ამაღლებაში მდებარე, ამავე სახელწოდების კურორტის თავის დაქვემდებარებაში გადასვლას ითხოვს. ამის მიზეზი აღნიშნული კურორტის იმ ჩამონათვალში მოხვედრაა, რომელიც ლიკვიდაციას ექვემდებარება. საკითხი განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

 

კურორტი „ამაღლება“ უკვე თავისი არსებობის 38-ე წელს ითვლის. თუმცა ამ ადგილს ხელუხლებლად დღეს მხოლოდ სახელი შემორჩა. ის ადგილი, რომელიც ოდესღაც ვანის რაიონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა, საკუთარ თავს აღარ ჰგავს. მოშლილი ინფრასტრუქტურა, მოუვლელი ტერიტორია დღეს იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ამ ადგილას ოდესღაც ცნობილი   კურორტი „ამაღლება“ ამოიცნონ.

ვანის რაიონ სოფელ ამაღლებაში ამავე სახელობის კურორტი 1975 წლიდან ფუნქციონირებს, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კურორტის მთავარ ღირსებას მინერალური თერმული წყლები წარმოადგენს, რომლის ტემპერატურა 400-ს აღემატება და სამკურნალო თვისებები გააჩნია. სწორედ ამ სამკურნალო წყლების წყალობით, კურორტი „ამაღლება“ მალევე გახდა ცნობილი და  დამსვენებლების  ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. ამასთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში, მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროდაც იქცა. ასეა დღესაც, თუმცა მასშტაბი გაცილებით მცირეა.

კურორტ „ამაღლების“ ხელმძღვანელის მოვალეობას ბოლო სამი წლის განმავლობაში ირინა ნაკაშიძე ასრულებდა, რომელიც „P.S“-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მიუხედავად არსებული რთული პირობებისა, კურორტს დამსვენებლები მაინც სტუმრობენ, განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი კი აგვისტო და სექტემბერია.

„წელიწადში, დაახლოებით, 50-დან 70-მდე ადამიანი ჩამოდის ჩვენთან სამკურნალოდ. მათთვის ეს წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა ადგილზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია კურორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარება, რათა ამ უნიკალური წყლის მქონე კურორტს ძველი იერსახე დაუბრუნდეს.“

კურორტ „ამაღლების“ ირგვლივ ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც  აღნიშნული ადგილი 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის თავშესაფარი გახდა. მაშინ კურორტმა 36 ოჯახი შეიფარა. რასაც შენობების, რომლებიც ტურისტებისათვის იყო გათვლილი,  მთლიანად დაკავება მოჰყვა. ამას იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული რთული ვითარებაც დაემატა და კურორტისათვის აღარავის ეცალა. ინვენტარი კი, რომელიც აღნიშნული კურორტის მფლობელობაში იყო, ჩამოიწერა და მფლობელობაში დევნილებს გადაეცათ. ამას ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება მოჰყვა და ადგილმაც მნიშვნელოვნად შეიცვალა სახე.

აფხაზეთიდან დევნილები კურორტ „ამაღლების“ ტერიტორიაზე 19 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2011-12 წლებში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დევნილებმა აღნიშნული   ტერიტორიის ეტაპობრივად დატოვება დაიწყეს და ისინი ფოთსა და ბათუმში, მათთვის განკუთვნილ შენობებში გადაანაწილეს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დევნილების ბინებით დაკმაყოფილების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და, ამჟამად, კურორტის ტერიტორიაზე 4 ოჯახი ცხოვრობს.

კურორტი „ამაღლება“ დღეს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და იგი ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია. რამდენიმე თვის წინ კურორტის ლიკვიდაციის საკითხი დადგა, მიზეზად მისი უმოქმედობა და არამომგებიანობა დასახელდა. იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი შეეჩერებინათ, ვანის მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის მის დაქვემდებარებაში გადასვლა მოითხოვა, თუმცა საკითხი განხილვის სტადიაშია. კურორტ „ამაღლების“ დირექტორის მოვალეობას ამჟამად ალეკო კუპატაძე ასრულებს, რომელიც სამომავლოდ კურორტის სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში გადასვლას არ გამორიცხავს.

„გაიყიდება თუ არა კურორტი, ეს დროის საკითხია, თუმცა, თუ ინვესტორი გამოჩნდება, რომელიც ამ ტერიტორიით დაინტერესდება, შეიძლება, კერძო მფლობელზეც გასხვისდეს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში, კურორტის კერძო მესაკუთრეზე გასხვისების საკითხი ჯერ არ დამდგარა.“

კურორტი „ამაღლება“ ვანის რაიონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. შეინარჩუნებს თუ არა ის კურორტის სტატუსს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია