დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ორი წელი სოციალური დახმარების მოლოდინში
2012/03/12 12:24:59

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვის თაობაზე, საპარლამენტო დებატებზე, გასულ კვირას არაერთი განცხადება გააკეთეს სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არცერთი ოჯახი არ იქნება უყურადღებოდ დატოვებული ხელისუფლებისაგან, ყველა გაჭირვებული ოჯახი მიიღებს სოციალურ დახმარებას...

 

ხელისუფლება გულუხვად გაცემულ დაპირებას ყოველთვის რომ ასრულებდეს, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მცხოვრები მაყვალა ნადირაძე სოციალური დახმარების მოლოდინში ორი წელი არ იქნებოდა. სოციალურმა აგენტმა დალი გოგიშვილმა ამ ქალბატონის ოჯახი ორჯერ შეამოწმა და ორჯერვე დაუდასტურა, რომ საყოფაცხოვრებო პირობები მაღალი ქულით იქნა შეფასებული. 

 

მაყვალა ნადირაძე, 79 წლის; „ორჯერ იყვნენ ჩვენთან მოსულები, ორჯერვე გვითხრეს, რომ მაღალი ქულები დაგიგროვდათ და ვერ მიიღებთ სოციალურ დახმარებასო. მაინტერესებს, რაში გვიწერენ მაღალ ქულებს. შვილო, ქვრივი ქალი ვარ, 12 წელია, რაც ქმარი გარდამეცვალა. შვილები დაოჯახებული მყავს, ჩემთან უმცროსი გოგო ცხოვრობს თავის ქმართან და შვილთან ერთად. სიძე ინვალიდია, მარჯვენა ხელი საერთოდ არ აქვს. რაც შეუძლია, კი აკეთებს, შვილიშვილი სკოლის მოსწავლეა და ამ უმუშევარ ოჯახს სად გვაქვს იმის საშუალება, ძვირადღირებული წიგნები ვუყიდოთ, ამიტომ საწყალი ბავშვი იძულებულია, ამხანაგებისაგან ითხოვოს. ჩემი პენსია ყველაფერს არ გასწვდა, პური ვიყიდო, თუ გადასახადები გადავიხადო? ერთი ძროხა მყავს, ისიც სულ ხომ არ მოიწველის, სახლია და - კი ხედავთ, როგორ არის დამსკდარი, წყალი უკვე სარდაფშია შემოსული. რანაირად გავაკეთო, არანაირი საშუალება არ მაქვს. სხვას, ჩემზე ბევრად დალხინებულს, თუ აქვს ეს სოციალური დახმარება, მე რატომ არ უნდა მქონდეს? კი ხედავს ყველა, როგორი გაჭირვებით გამაქვს თავი. მეზობლებიც დამეთანხმებიან, კითხეთ ნებისმიერს, როგორ ავად გავხდი ამ ზამთარში და 500 ლარი ვალი ახლაც მაქვს, საიდან უნდა გადავიხადო ამხელა თანხა?“

უმწეო ოჯახის შესახებ სოფელ გომში მეზობლებიც გვესაუბრნენ, ისინი გაკვირვებას ვერ მალავდნენ, რატომ არ უნდა იყოს ასეთი ოჯახი სოციალურად დაცულიო.

მანანა ქანთარია, მეზობელი: „მე როგორადაც შემიძლია, ყველანაირად ვეხმარები ამ ოჯახს. რა ქნან? მაყვალა არის და - ძლივს გადაიტანა ეს ზამთარი, ისე ცუდად იყო, შვილია და - სული აღარ უდგას, სიძეს კი ნახავდით, რა დღეში აქვს ხელი, მაგ საწყალს არც პენსია დაუნიშნეს და არც არაფერი. შეძლებისდაგვარად შრომობენ, თავი გააქვთ, მაგრამ სახლი ვეღარ გააკეთეს, კი ენგრევათ თავზე.“

ნათქვამია, მოყოლილს და გაგონილს თვალით ნანახი ჯობიაო და ასეც აღმოჩნდა: სურათმა მოლოდინს გადააჭარბა. სარდაფში ჩამდგარ წყალს კედლები ისე დაუზიანებია, შიგნიდან ცაც კი მოჩანს. ჩამონგრეულმა კიბემ კი თვით „P.S.“-ის ჟურნალისტიც კინაღამ შეიწირა.

სამტრედიის სოციალური მომსახურების ცენტრში ვითხოვეთ კომენტარი: „ჩვენ ამ ქულებს არ ვწერთ, ეს ქულები თბილისიდან ჩამოდის იმ კითხვარის მიხედვით, რომელსაც ავსებს ყველა ის ოჯახი, რომელიც თვლის თავს სოციალურად დაუცველად. როგორც ჩანს, ამ ოჯახს მაღალი ქულები აქვს, თორემ ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის, დაწეროს თავიდან განცხადება და ჩვენი კომისია ხელახალ გადამოწმებას ჩაატარებს.“ - გვითხრა განყოფილების უფროსმა გიორგი ნიკურაძემ.

საინტერესოა, თბილისმა სამტრედიელ ნადირაძეებს რაში დაუწერა მაღალი ქულები, როცა ოჯახს ელემენტარული ტექნიკა არ აქვს და ერთადერთი ძველი ტელევიზორი უდგას, რომელშიც გამოსახულებაც კი ბუნდოვანია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია