დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რვა წელი - ვისთვის როგორ?!.
2011/11/21 12:12:42

2003 წელს, როცა ე.წ. „ხავერდოვანი ვარდების რევოლუცია“ მოხდა, გადატრიალების წარმატებული ფინალით ეიფორაში მოქცეულმა ჯორჯ სოროსმა თავი ვერ შეიკავა და აღმოხდა: „მილიონებით დაფინანსებულმა ექსპერიმენტმა ბრწყინვალე ნაყოფი გამოიღო!“

 

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არანაკლები ფინანსური წვლილი შეუტანია ამ საქმეში დღეს უკვე პოლიტიკაში ახლადფეხშებიჯებულ ბიძინა ივანიშვილსაც...

23 ნოემბრის სამშვიდობო გადატრიალებამ, რომელიც საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა, მსოფლიოს წინაშე დემოკრატიის სიმბოლოდ წარგვადგინა.

 

მართალია, კომუნისტური ჭირი წითელი ვარდებით და ჭიქა ჩაით გავისტუმრეთ, მაგრამ საბჭოური ნარჩენებისაგან გათავისუფლება არცთუ ადვილი აღმოჩნდა. კორუფციაში ჩაფლულმა ქვეყანამ აღმასვლა დაიწყო, თუმცა ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა სამთავრობო ჯგუფმა რიგი შეცდომები დაუშვა, რის გამოც პოზიციას მალევე გამოეყო ოპოზიცია, მათ შორის - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

2007 წლის 7 ნოემბერს დარბეულმა აქციამ მკვეთრად დასწია ხელისუფლების რეიტინგი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სააკაშვილისთვის გაემარჯვებინა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასე იყო თუ ისე, ნაციონალურმა ხელისუფლებამ სვლა განაგრძო. 2008 წლის აგვისტოში ომიც გადავიტანეთ, უამრავი ახალგაზრდა ჯარისკაცი და მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. დაკარგული ტერიტორიები და სიტყვა „ოკუპაცია“ ქართველი ერის თავისა და გულის ტკივილად რჩება.

და მაინც, როგორია დღეს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგები?

ერთის მხრივ, მოსახლეობისთვის მიუღებელი გზით, ნაჩქარევად, მოუმზადებლად დაიწყო რეფორმები ჯანმრთელობისა და განათლების სისტემებში. რის გამოც ბევრი ავადმყოფი - მკურნალობის და ბევრი სწავლას მონდომებული ახალგაზრდა - სწავლის გარეშე დარჩა. ვერ განხორციელდა სამართლიანი საპრივატიზაციო პოლიტიკა და საკუთრების ფორმების იმგვარად გარდაქმნა, რომ მან უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება. კვლავ ოცნების სფეროდ რჩება სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, სწორი საკადრო პოლიტიკა, ობიექტური არჩევნები...

მეორე მხრივ კი - შუქის, წყლის, გაზისა თუ გზების პრობლემა დღეს უკვე მოძველებული თემაა (სამაგიეროდ, ერთმანეთს მიკრული გადასახადებია არც თუ ისე ძველი და მისავიწყებელი...).

საზოგადოება რას ფიქრობს?

ლელა, 26 წლის (უმუშევარი, პროფესიით პედაგოგი): „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მიხარია, რომ გალამაზებულ ქვეყანას ვხედავ, მაგრამ დასაქმება ისევ რჩება მოუგვარებელ პრობლემად.“

შორენა ჩაქრაძე (43 წლის, ბოლო ორი წელია, ათენში მომვლელად მუშაობს): „ნეტა, მანდ რას გპასუხობენ ამ კითხვაზე?! რევოლუციამ ამაყვავა და იმიტომაც გამოვიქეცი აქ (მწარედ ჩაიცინა ტელეფონში). ქართველი ქალების ნახევარზე მეტია წამოსული მომვლელად უცხოეთში.“

ლელა სანაია, 24 წლის, ჟურნალისტი: „ბევრი რამ შეიცვალა. დავიწყოთ იმით, რომ ქუჩები განათებულია, გაგვილამაზდა ქვეყანა. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, შიში აღარ გვაქვს, რომ ბინის კუთხეში ვინმე დაგვხვდება. ასე თუ ისე, მახსოვს შევარდნაძისეული ეპოქა და ეს სალაპარაკოდაც არ ღირს.“

გიორგი გიგატაძე, 35 წლის, იურისტი: „ვერ ვიტყვი, რომ არაფერი შეცვლილა. მართალია, ტაშს არავის ვუკრავ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩამკვდარ ქვეყანაში ვცხოვრობდით. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს, ქვეყანამ გამოცოცხლება დაიწყო. გვაქვს პერსპექტივა - გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა.“

ეთერი, 64 წლის (მემწვანილე, ყვირილით): „მერე რა, რომ პენსიები გაგვიზარდეს, გადასახადებს არ ყოფნის ეგ ფული! დილიდან საღამომდე ამ სიცივეში ვაგდივარ და აქაც გადასახადს მთხოვენ. გაჭირვებული კაცის საშველი როდის ყოფილა, შვილო!“

ზოია ნადირაძე, 55 წლის (უმუშევარი, პროფესიით ბუღალტერი): „თავს, ძირითადად, სოფლის მეურნეობით ვირჩენ, მაგრამ ბაზარზე ჩვენს გატანილ პროდუქტს ფასი არ აქვს. კარგი იქნება, ჩვენი მთავრობა გლეხებსაც თუ მიხედავს.“

გელა კოპალეიშვილი: „რამდენი ადგილი გაჩნდა თუნდაც ქუთაისში, უამრავი სახელისუფლებო სტრუქტურა და ორგანიზაცია გადმოვიდა, მაგრამ, ნაცნობი თუ არ გყავს, ვინ მიგაყნოსვინებს სადმე?! ყველგან თავისი ხალხი ჰყავს ნაცმოს, არავის არჩევენ ნიჭისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. ჰოდა, აგერ, თუნდაც ქუთაისის მერია და საკრებულო - გავსებულია სტუდენტური თვითმმართველობის ბიჭებით, „მიშა-მიშას“ ძახილით რომ გაიკეთეს კარიერა 23-24 წლის ასაკში.“

ფაქტია, რომ სოციალური პრობლემა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. შადრევნები და შელამაზებული ფასადები თვალს უხარია, მაგრამ, როცა საქმე „კუჭზე“ მიდგება, ე.წ. „ქვიშის სასახლეები“ თითოეული ადამიანის ცნობიერებაში ერთბაშად ჩამოიშლება ხოლმე.

რვა წლის წინ მომხდარი რევოლუცია ბევრისთვის საამაყოა, ბევრისთვის - მწარედ სასაცილო, ბევრს კი იქნებ რცხვენია კიდეც, „მიშა, მიშას“ რომ გაიძახოდა.

 

რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ ქვეყნის 8-წლიან განვითარებას ქუთაისელი პოლიტიკოსები?

„რომ მოისურვო, ამ ხელისუფლებას რაიმე დადებითი თუ აქვს გაკეთებული, სანთლით რომ ეძებო, ვერ ნახავ. ესენი არიან შევარდნაძის,  მნგრეველი ხელისუფლების გამგრძელებლები. მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ ერთ სახელმწიფოში სამი სახელმწიფო წარმოქმნა, - რა მნიშვნელობა აქვს, ეს რომელმა ქვეყნებმა აღიარეს, მთავარი ისაა, რომ აღიარა ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა რუსეთი! ჩვენმა ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახოს, ამერიკა და ევროპა არ აღიარებსო, ფაქტი სახეზეა - ეს „ქვეყნები“ დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით სარგებლობენ. ჩვენმა ხელისუფლებამ წარმოშვა სოციალური უთანასწორობა, არის გაღატაკებული მშიერი მოსახლეობა და რამდენიმე პროცენტი მდიდარი ფენა. ნაცმოძრაობის კისერზე რამდენიმე ასეული ადამიანის სისხლია. გლეხი გახადეს მათხოვარი! ამ ხელისუფლებას ვადარებ შაჰ-აბასს, რადგან კახეთში გლეხებს შესთავაზა 2 000 ლარის გადახდა და ერთი ჰექტარი ვენახის აჭრა. ესენი ენას, მამულსა და სარწმუნოებას ებრძვიან. აი, ეს შეგვიძლია ვთქვათ ნაცმოძრაობის რვაწლიან მმართველობაზე,“- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა სამსონ გუგავამ.

„ეს ხელისუფლება და მისი ლიდერი მურვან ყრუს მაგონებს. შევარდნაძემ ვერ მოაქცია ქვეყანა ისე, როგორც ამათმა რეჟიმმა. მათ მიერ გატარებული ყველა რეფორმა კრახით დასრულდა. თავდაპირველად პოლიციის სისტემა მომწონდა, თუმცა ახლა ამ სისტემას ხაზინის შემავსებლის ფუნქცია უფრო დაეკისრა. ისინი ნადირობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული შეიტანონ ბიუჯეტში.“ - აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ  გოგი წულაიამ.

„პრინციპში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, თავისთავად, მეტყველია იმისა, თუ როგორი წარმატებულია ქვეყნის ხელისუფლება. ყველაზე მთავარი, რაც, აი, ამ ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს, ეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებაა. ამას კი ეს ხელისუფლება რვა წელია, ვერ ახერხებს. თუმცა ეს გზა თავად აირჩია. 2004 წელს ნაცმოძრაობამ მიხეილ სააკაშვილს მისცა განუსაზღვრელი უფლებები და ის აქცია, ფაქტიურად, იმპერატორად. მომავალი წლის ბიუჯეტის ნახვისას, შეამჩნევთ რომ თანხები გაზრდილია მხოლოდ ატრაქციონებსა და შადრევნებზე, ხოლო რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, აქ, პირიქით - თანხები შემცირებულია. ასე შევაფასებდი ნაცმოძრაობის გუნდს ამ ხნის განმავლობაში,“ - გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დვალმა.

 

მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, ჩაგვეწერა ნაცმოძრაობის წევრები, რათა თავად შეეფასებინათ მათი გუნდის რვაწლიანი მმართველობა, სურვილი სურვილად დარჩა:  ნაწილმა  გაზეთ „P.S.“-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ნაწილმა კი თავი „შეუძლოდ იგრძნო“...

ლიკა ჩახუნაშვილი

ირაკლი ვაჩიბერაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1357
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია