დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემკვიდრეობა
გიგა ბოგვერაძის ნაშრომი ბაგრატის ტაძრის ისტორიას ცვლის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/16 12:53:53

მძიმე სენი რომ არა, ვინ იცის, კიდევ  რამდენ უცნობ თემას გააშუქებდა იგი თავის გამორჩეულად საყვარელი გაზეთის „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმის“) ფურცლებზე, სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა თუ ელექტრონულ ჟურნალებში... არადა, გიგა ბოგვერაძე თითქოს დროს უსწრებდა და წერდა სწორედ „უცნობზე“, ამ სიტყვის ყველაზე ფართო  და ზუსტი მნიშვნელობით. ხან სრულიად შეუსწავლელ, სამეცნიერო მიმოქცევაში ფაქტობრივად არარსებულ საკითხს უღრმავდებოდა, ხან კი  ისეთ თემას შეარჩევდა, სადაც ახლის თქმა თითქოს წარმოუდგენელი იყო... და ორივე შემთხვევაში იგი ჭეშმარიტი მეცნიერის ალღოსა და კვლევის უნარს ამჟღავნებდა. მოულოდნელი ფაქტები, ვერსიები, მიგნებები და დასკვნები სპეციალისტებში მოწონებასა  და პოლემიკის სურვილს ბადებდა.

 

გიგა 23 წლის ასაკში მოვიდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. ნიჭიერი, ერუდირებული, თავმდაბალი, ზრდილობიანი, ხალასი იუმორით სავსე ახალგაზრდა სიყვარულსა და სითბოს ასხივებდა. საფონდო თუ სამეცნიერო სამუშაოებს ერთნაირი მონდომებით ასრულებდა. არადა, განებივრებული დედისერთა ბიჭების დარად უნდა მოქცეულიყო თითქოს, მით უმეტეს, რომ  დაწესებულებაში მის გვერდით მუშაობდნენ მშობელი დედა და ოჯახის ახლობელი ადამიანები. გიგა კი უზომოდ მორიდებული და დაუზოგავად მშრომელი იყო. არც იმის ფუფუნება ჰქონია, რომ მხოლოდ სამუზეუმო საქმეებით და სამეცნიერო მუშაობით დაეტვირთა თავი.

მუზეუმის ქრონიკული უსახსრობის გამო საკუთარი ხელით არემონტებდა საფონდო ოთახს და უმძიმეს სამუზეუმო ნივთებსა თუ ინვენტარს ერთი შენობიდან მეორეში ზურგით ეზიდებოდა. წიგნებსა და ისტორიულ დოკუმენტებში მოკირკიტე ახალგაზრდა პრაქტიკული, დროს მორგებული ადამიანის თვისებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ მუზეუმის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად დირექცია სწორედ მას გზავნიდა დედაქალაქში და ისიც ყოველთვის დადებითი პასუხით ბრუნდებოდა უკან. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გიგა  ბოგვერაძე იყო ქუთაისის მუზეუმის დესპანი, ანგარიშგასაწევი პასუხისმგებელი პირი და იქაურ თანამშრომლებს (რომელთა შორისაც ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი იყო) უყვარდათ, როგორც შინაური, ჭკვიანი, საქმიანი და სასიამოვნო ახალგაზრდა ადამიანი. გიგა იყო საოცრად კომუნიკაბელური, დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა. ამიტომაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ისტორიის კათედრის მასწავლებლად მუშაობის პერიოდში  მას უზომოდ აფასებდნენ სტუდენტები.

გიგა ბოგვერაძემ არაერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, როგორც მუზეუმის შრომების კრებულში, ასევე ქართულ და საზღვარგარეთულ პერიოდულ გამოცემებში. მან 2003 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე -  „საქართველოსა  და „აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ისტორია 1918-1920 წლებში.“ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო დაცვა პირდაპირი გაგებით, რადგანაც ახალგაზრდა მეცნიერის ნიჭიერების გამო ოპონენტებიც ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას. გიგამ აირჩია ურთულესი გზა.

საქართველო-აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ლიტერატურაში ყველაფერი გაჟღენთილი იყო საბჭოთა იდეოლოგიური პროპაგანდით, სამხედრო ურთიერთობებზე კი, ფაქტობრივად, ვაკუუმი სუფევდა. სრულიად ნედლი მასალა, გამოუქვეყნებელი საბუთები გამოიტანა გიგა ბოგვერაძემ თავის სადისერტაციო ნაშრომში. მან დაწერა ის ისტორია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განზრახ დამახინჯებული და მიჩქმალული იყო. არადა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ამ მოკლეპერიოდიანმა სამხედრო-პოლიტიკურმა თანაარსებობამ ახალ საფეხურზე აიყვანა ორი ხალხის ურთიერთობები. გიგა არ წერდა გამოკვლევას გამოკვლევისათვის. ამ სადისერტაციო ნაშრომის მთავარი სათქმელი მან, ჩემი აზრით, დაუკავშირა იმ  ღირებულებებს, რომელიც ძვირფასია დემოკრატიის, ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის მომხრე საზოგადოებისათვის: მიუხედავად განსხვავებული რელიგიისა და იდეოლოგიისა, ახალგაზრდა რესპუბლიკებმა XX საუკუნის დასაწყისში გამონახეს საერთო ენა, მმართველი (სოციალ-დემოკრატიული და მუსავატური) და ოპოზიციური პარტიების ერთნაირი  მხარდაჭერის პირობებში დაიწყეს შეთანხმებული პოლიტიკის წარმოება.

გიგა ბოგვერაძის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს ბაქოს პრესის ფურცლებზე. დაცვას დაესწრნენ საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი დიპლომატები. ერთ-ერთმა მათგანმა - საელჩოს კულტურულმა ატაშემ დისერტანტს თანამემამულეთა სახელით დიდი მადლობა გადაუხადა.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მ. სამსონაძე დაცვაზე აღნიშნავდა, რომ ახალგაზრდა მკვლევარის წარმატება იმთავითვე გარდაუვალი ჩანდა, რადგანაც  გიგა ბოგვერაძე არ მიეკუთვნებოდა სნობური ფსიქიკის მქონე ხარისხის მაძიებლებელთა რიცხვს. მისთვის სულერთი არ იყო, რა საკითხს და რომელ პერიოდს აირჩევდა. გიგას დისერტაციაზე მუშაობის დაწყებისას მკაფიოდ გარკვეული ჰქონდა თავისი ინტერესის სფერო და ხელმძღვანელ პროფესორს ყოველთვის აოცებდა, როგორც საქართველოსა და მსოფლიოს საამხედრო ისტორიის ღრმა ცოდნით, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარით. 

საერთოდ, მუზეუმის თანამშრომელს რომელიმე ერთი მიმართულებით შემოფარგვლის ფუფუნება არ აქვს. იგი ყველგან და ყოველთვის უნდა ეძებდეს მუზეუმისათვის საინტერესო მასალებს, იწერდეს ეთნოგრაფიული, ენათმეცნიერული თუ ფოლკლორული ღირებულებების მქონე ტექსტებს. გიგამ დაგვიტოვა შესანიშნავი ნაშრომები საქართველოს ულამაზესი კუთხის რაჭის შესახებ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გიგა ბოგვერაძის დარად მუზეუმის არცერთ თანამშრომელს ინდივიდუალურად არ აქვს შესწავლილი რომელიმე სოფლის ისტორია და მისი ტოპონიმები.

სოფელი ბარი გიგასათვის იყო დედის სითბოთი გაჯერებული პატარა ოაზისი. იგი თითქოს ეფერებოდა და, სამწუხაროდ, ემშვიდობებოდა კიდეც ბარის თითოეულ სამოსახლოს, სათიბს, სახნავ-სათესს, ვენახს, ტყე-მინდორს, წყაროს, ღელეს, ტბას, მაცხოვრის ეკლესიის ნანგრევებს... რაჭა თვითონ სიყვარულია და  ამ სიყვარულად გაბნეული ტოპონიმების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გიგა წლების მანძილზე აგროვებდა რაჭასავით ალალ და მიამიტად ლამაზ სახელწოდებებს: ფარფატა, უფალიშო, სამზიარი, საჯვარე, სატუტუნო, არჩვეული, ჩიტაური და მრავალი სხვა. შეკრიბა ისინი და დაგვიტოვა წიგნად, რომელსაც „გულით სატარებელი“ ეწოდება. ეს პატარა ფორმატის გამოცემა მართლა გულს ითხოვს ბინად, სხვაგან ვერ თავსდება, რადგანაც იგი ულამაზესი სოფლისა და  მწუხარებად გარინდული  სათაყვანებელი დედის დაუსრულებელი სიყვარულია. გიგამ ეს გამოკვლევა სწორედ დედას უძღვნა...

რა საკითხსაც არ უნდა შეხებოდა, ძირისძირამდე უღრმავდებოდა.  იყო რაჭველთა გაზეთის „რაეოს“ კორესპოდენტი. ყოველგვარი კუთხურობისაგან დაცლილი ახალგაზრდა მეცნიერი დიდი წარმატებით თანამშრომლობდა „მახარიასა“ (მეგრელთა გაზეთი)  და  „საპოვნელასთან“ (იმერელთა გაზეთი). ამ გაზეთების რედაქციები თბილისში ერთ შენობაში იყო განთავსებული და იქ მუდამ მოუთმენლად ელოდნენ გიგას საინტერესო სტატიებს.

დასანანია, რომ ამ ნიჭიერ მკვლევარს გამოუქვეყნებელი დარჩა ნაშრომები „მეგრელთა საქმე“, „ქართული მილიცია  1918-1921  წლებში“  და  „რაჭის ციხეები“. სამწუხაროდ, სამივე მათგანი გაბნეულია... ესეც რაღაც ბედისწერაა... ეტყობა, გიგასთან ადვილად მიახლოება აღარ შეიძლება... ადრე თუ გვიან, უფრო ზუსტად, საჭირო დროს, სამივე გამოკვლევას წავაწყდებით და მივხდებით, რატომ ეფარებოდა თვალს ამდენ ხანს.

გიგა საოცრად მრავალმხრივი იყო, მაგრამ სამხედრო ისტორიების კვლევისას თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ამას, ალბათ, განაპირობებდა ის, რომ იგი ყველაზე რაინდული სპორტის - ფარიკაობის მწვრთნელის ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ბავშვობაში დიდად იყო გატაცებული დაშნით ორთაბრძოლებით.

2003 წელს მან მე და ყველა კოლეგას გვაჩუქა თავისი წიგნი „ქუთაისის ციხე-ქალაქის გათავისუფლების ისტორიისავის (1770 წელი)“. პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო სრულიად ახალი, მოულოდნელი, საკამათო და უზომოდ გაბედული გამოკვლევა. გიგას არ აშინებდა უკვე შეფასებულის კვლავ სასწორზე შეგდების სირთულეები, რადგანაც კარგ მოჭადრაკესავით ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი... უამრავი კითხვა დავუსვი. იმდენი რამ ამიხსნა, ვუსაყვედურე კიდეც, წიგნში რატომ არ შეიტანე ეს ყველაფერი-მეთქი. თავისი ნაშრომი მან დააფუძნა გამოცდილი სამხედრო პირების, მათემატიკოსების, ფიზიკოსების დასკვნებზე. მათთან ერთდ აზუსტებდა, ანგარიშობდა და მსჯელობდა საბრძოლო მასალების სიმძლავრეებზე, გასროლის ტრაექტორიებსა და სხვა საკითხებზე.

გიგა ასაბუთებს, რომ იმ ქართველ და უცხოელ ავტორთა ვერსია, რომლებიც თვლიან, რომ თურქი მეციხოვნეებისაგან ქუთაისის ციხექალაქის გათავისუფლება მწვანეყვავილას გორიდან დაბომბვით განხორციელდა, მცდარია. გიგა ბოგვერაძის აზრით, რუსი მებრძოლების ხელთ იმჟამად არსებული ზარბაზნების საშუალებით ამ მანძილიდან უქიმერიონის ,,ციხის კედლების შენგრევა შეუძლებელი იყო და ეს მხოლოდ საბრძოლო მასალის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა... ძეგლი ისე იჯდა ქალაქის არქიტექტურულ სისტემაში, რომ მას ყველა მხრიდან იცავდა არა მარტო ციხის, არამედ ციტადელის მაღალი კედლები და კოშკები. ზარბაზნების  განლაგებას  მწვანეყვავილას კონცხზე  აზრი არ ჰქონდა, რადგან კორპუსის ნაწილები  თითქმის ციხე-ქალაქის კედლებთან იდგნენ და, რასაკვირველია, ახლო მანძილიდან უფრო უპრიანი იქნებოდა ცეცხლის  გახსნა...“

გიგას ნაშრომის დაბეჭდვიდან თითქმის ათი წლის შემდეგ ავთანდილ და ოთარ ნიკოლეიშვილებმა გამოსცეს შესანიშნავი წიგნი „ევროპელი ავტორები ქუთაისის შესახებ (XV- XIX საუკუნეები),“ სადაც ისინი წერენ: „ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ გ. ბოგვერაძემ ქუთაისის ციხე-სიმაგრის გათავისუფლებასთან და ბაგრატის ტაძრის დანგრევასთან დაკავშირებით გამოთქმულ მისეულ მოსაზრებებს სათანადო დამაჯერებლობა შესძინოს, მან, პირველ ყოვლისა, უცხოელ ავტორთა და მსგავსი მოსაზრებების გამომთქმელ ქართველ მკვლევართა ის შეხედულებანი უნდა გააქარწყლოს არგუმენტირებულად, რომლებიც მისგან განსხვავებული თვალთახედვით აშუქებენ აღნიშნულ მოვლენას.“

ამ სტრიქონების წერისას პატივცემულმა ავთანდილ და ოთარ ნიკოლეიშვილებმა არ იცოდნენ, რომ გიგა უკვე შვიდი წლის გარდაცვლილი იყო... არგუმენტები, თანაც დამაჯერებელი, გიგას, ალბათ, ექნებოდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა მკვლევარის ნააზრევი დღესაც სიცოცხლისუნარიანი, ინტერესისა და პოლემიკის საფუძველია...

გიგა სხვადასხვა მოვლენის ისტორიას იკვლევდა და წერდა. მან (არც ჩვენ) მაშინ არ იცოდა, რომ ამით საკუთარ თავზეც წერდა. მე და ჩემზე გაცილებით უკეთესებიც ვეღარაფერს ვიტყვით მის შესახებ სრულყოფილად. ამას გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ თვითონ ახერხებს ყველაზე უკეთ: დაუსრულებლად მიდის ჩვენგან, გვავსებს დიდი სევდით, მაგრამ მაინც ჩვენთანაა - ბევრ ცოცხალზე უფრო ცოცხალი, მარად 33 წლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე გიგა ბოგვერაძე.

 

მაია ქებულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია